დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება
როგორ აფასებენ ქუთაისში „ქართული ოცნების“ ორწლიან მმართველობას?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/06 15:05:56

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წელი გავიდა. ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების დადებით და უარყოფით შედეგებს აქტიურად განიხილავენ. საზოგადოება ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს  აფასებს, ხელისუფლებამ ორი წლის განმავლობაში გატარებული  ცვლილებები თვალსაჩინოებისთვის ბროშურად გამოსცა.

 

გაზეთმა „P.S.“-მა ხელისუფლების ორწლიანი მუშაობა  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, პოზიციისა  და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს შეაფასებინა.

 

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ იმედები ვერ გაამართლა. სამართლიანობის აღდგენა, დასაქმება, საარსებო მინიმუმის გაზრდა - ეს ის დაპირებებია, რომელთა მოგვარებაც გამოკითხულთა განცხადებით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

 

ლალი დეისაძე, დიასახლისი: „პირველი დიდი იმედგაცრუება „ქართული ოცნებისგან“ მაშინ ვიგრძენი, როცა მილიონობით პრემიები ჩაიდეს ჯიბეში. ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% თითქმის სიღარიბის ზღვარზეა, ასეთი საქციელი არაადამიანობაა და მეტი არაფერი.  რას გააკეთებენ დარჩენილ ორ წელიწადში, გამოჩნდება, თუ რამე სიკეთე არ ქნეს, ქართველი ხალხი მაგათაც „ნაცების“ გზას გაუყენებს.“

 

მიშა ხვადაგიანი, პენსიონერი: „ხალხს იმედი ყველაზე მეტად, ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გაუცრუვდა, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ივანიშვილი წასვლას აანონსებდა და ხელისუფლებიდან ერთ წელიწადში წავიდოდა. მართალია, არ შეცვლილა მოქალაქეების მდგომარეობა, თუმცა, შეუძლებელია არ დაინახო ის ცვლილება, რაც ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვა, არაა მარტივი სასურველ ნიშნულამდე მისვლა, ამას დრო და ბევრი მუშაობა სჭირდება. იმედია, რომ მესამე წელი მართლაც კარგი წელი იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, არამგონია, ვინმეს „ნაციონალების“ მმართველობა ენატრებოდეს.“

 

დავით დვალი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: „თუ შეკითხვას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პრიზმიდან მივუდგებით, ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლა და საქმის კეთება ადგილობრივ დონეზე გაცილებით უფრო გვიან დავიწყეთ, ვინაიდან 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, ქუთაისის დონეზე კიდევ ხანგრძლივად იყო სხვადასხვა პოლიტიკური ფსევდოგუნდების მხრიდან  დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, ამ ორი წლის მანძილზე ბევრი სასიკეთო საქმე გახორციელდა, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ჯანდაცვის და დაზღვევის კუთხით გახორციელებული, თამამად ვიტყვი, რევოლუციური გარღვევები, არანაკლებ გამბედავი და გლობალური გეგმები ნამდვილად იმსახურებს ცალკე აღნიშვნას.


რაც შეეხება ხარვეზებს, მათი პოვნა, აღმოფხვრა და სრულყოფა სამარცხვინო პროცესი ნამდვილად არ არის და იგი მუდმივად უნდა გაგრძელდეს, თუმცა, ვისურვებდი მეტ ხარისხს, საქმის კეთების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის თვალსაზრისით, რათა მოსახლეობას აღმშენებლობის განცდის მუხტი ჰქონდეს, რაც მათი ჩართულობის მოწადინების მაღალ ხარისხს განაპირობებს. ამ კუთხით სრულყოფა აუცილებელია, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.


უახლოესი ორი წლის მანძილზე  მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისა, რაც  ოთხი წლის მანძილზე უნდა მოსწრებულიყო, რათა პირნათელნი წარვსდგეთ  ხალხის წინაშე იმ დემოკრატიულ „სამსჯავროზე“, რასაც არჩევნები ჰქვია.“

 

ნინო, პედაგოგი: „ორი წელი არაა მცირე დრო ძირეული და მნიშვნელოვანი ცვლილებების გასატარებლად. ორი წლის წინ, ხალხს სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა. მოლოდინი უკეთესი მომავლის, მოლოდინი დასაქმების და კეთილდღეობის. გვესმის, რომ ხელისუფლების ცვლილებას დრო სჭირდება. ვიცადეთ, ჩავატარებინეთ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ რა შეიცვალა? მხოლოდ საკადრო ცვლილება ხელისუფლებაში და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ორი წელი გავიდა, ორიც მალე გავა და არამგონია, დარჩენილ ვადებში ხელისუფლებამ რაიმე სასარგებლო გააკეთოს, ამიტომ ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე „ოცნება“ უმრავლესობით ვეღარ მოვა.“

 

გია გოქაძე, საკრებულოს ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატი: „მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება, რაც ისტორიული მომენტია, არ იქნა გამოყენებული „ოცნების“ მიერ. პოლიტიკურმა შურისძიებამ ოპონენტებზე შეაჩერა პროცესების სწორად წარმართვა. „ოცნებამ“ ვერ გაიაზრა ან არ გაიაზრა ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა, როდესაც პოლიტიკური შურისძიება ხდება პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედი. იქ ყველა წარმატება, თუნდაც მიღწეული აზრს კარგავს. ეს დაპირისპირება გადადის ყველა მოქალაქეზე და გავლენას ახდენს ჩვენს ხვალინდელ დღეზე.

 

დაპირებები, რაც „ოცნებამ“ გასცა, იყო რეალობას მოკლებული და გათვლილი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე. იქ, სადაც პოლიტიკოსები ჩხუბობენ, ეკონომიკა და ვაჭრობა მკვდარია.“

 

გიორგი ჭიქაბერიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: „მე მაინც სასამართლოს კუთხით ვისაუბრებ. დღეს სასამართლო არის იმაზე უკეთესი, ვიდრე - აქამდე. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არის უფრო გაუმჯობესებული, მაგრამ არ ხდება რიგი საქმეების ეფექტური გამოძიება, სადაც პოლიციელები სავარაუდო კანონდამრღვევებად გვევლინებიან.“

 

სამსონ გუგავა, საკრებულოს „ლეიბორისტი“ დეპუტატი: „დავიწყოთ იმით, რომ ეს დანაშაულებრივი გუნდი, რაც დღეს ხელისუფლებაშია, ქვეყანას მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მართავს. ესაა შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის 21-წლიანი მმართველობა. 1993 წლიდან მოყოლებული ამ ხალხმა ვერ შეძლო ქვეყნის განვითარებამდე მიყვანა. მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ყველაზე დაბალ დონეზე ვართ. მოლოდინი, რაც მოსახლეობას ჰქონდა, ვერ გამართლდა. ვერ მოხდა სამართლიანობის აღდგენა, ვერ შეძლეს დასაქმება, საარსებო მინიმუმის და პენსიის გაზრდა. ვერ დალაგდა ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც არის ყველაზე ახლო და ყველაზე დიდი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, რუსულ ბაზარზე გასვლით ქართველი გლეხის მდგომარეობა შემსუბუქდებოდა. ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან პრემიების დარიგება დაემატა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.“

 

გოგი წულაია, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ჩანდა, რომ ეს ხელისუფლება ვერც ერთ დაპირებას ვერ შეასრულებდა. ორწლიანი მმართველობა მხოლოდ უარყოფითად ფასდება, გაიკითხეთ საზოგადოებაში რა განწყობაა. ხელისუფლებამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც ხელისუფლებამ თავისი ხალხის მიმართ ჩაიდინა, იმედგაცრუებაა. მოსახლეობას ელემენტარული ცვლილებების და სიკეთის იმედი მოუკლა.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2822
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია