დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საფერავის ბოკალის დაბადება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/10/04 22:55:29

დღეს თბილისი–მარიოტში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით გაიმართა საზეიმო მიღება სახელწოდებით „საფერავის ბოკალის დაბადება“.


მიღებას ესწრებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, ასევე ესწრებოდნენ ბიზნესის, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. 

 

საუკეთესო ქართველმა სომელიეებმა სტუმრებს წარუდგინეს საფერავის ექსკლუზიური ბოკალი, რომელიც შექმნა მსოფლიოში ცნობილმა აქსესუარებისა და ბოკალების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია RIEDEL–ის მფლობელმა, გრაფმა  გეორგ რიდელმა.   


დღესვე ღვინის პირველი ორი ექსკლუზიური ჭიქა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს გადაეცათ.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფერავის ბოკალის დაბადების ისტორია მნიშვნელოვან ეპიზოდად შევა საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივ პროექტში - ფილმი ქართულ ღვინოზე, რომლის რეჟისორიცაა ქალბატონი ნანა ჯორჯაძე.


****          

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ გეორგ რიდელი მიმდინარე წლის ივნისში სომელიეთა ასოციაციის მოწვევით ესტუმრა საქართველოს და ქართული ღვინის საპატიო ელჩ შალვა ხეცურიანთან ერთად, საფერავის  ბოკალის პროტოტიპის  შერჩევის ეროვნული სესია წარმართა. სესიაში მონაწილეობდნენ ქართველი მეღვინეები, სომელიეები და დარგის სხვა ექსპერტები, რათა თვითონ საქართველოს განესაზღვრა, როგორი უნდა ყოფილიყო საფერავის ბოკალის ფორმა.


სამ ეტაპად ჩატარებული სესიის შედეგად ხმათა უმრავლესობით დასახელდა საფერავის ბოკალის პროტოტიპი, რომლის მიხედვითაც გეორგ რიდელმა უკვე ექსკლუზიურად შექმნა საფერავის ბოკალი.


გეორგ რიდელის წარმოებაში საფერავის ღვინის ჭიქის გამოჩენა ქართული ღვინის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ხაზს უსვამს საფერავის გამორჩეულობას.


რიდელების 350-წლიანი ისტორიის მქონე წარმატებული საოჯახო ბიზნესი ცნობილია რევოლუციური ღვინის ჭიქების წარმოებით. პრინციპი - “შიგთავსი განაპირობებს ფორმას”, წარმოების მთავარ ფასეულობად იქცა. სწორედ მასზე დაყრდნობით  წარმოადგინეს რიდელებმა ცალკეულ ყურძნის ჯიშზე და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მევენახეობის რეგიონების ღვინოებზე მორგებული სასმისების კონცეფცია. ღვინის ჭიქების, გეომეტრიასა, თუ ღვინის მოხმარების ფსიქოლოგიაზე წარმოებული მრავალწლიანი ექსპერიმენტების შედეგად,  კომპანიამ იდეალურ ბროლის ბოკალთა კოლექცია შეიმუშავა - 16 გამორჩეული სასმისი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღვინის 16 ჯიშისთვის.


ქართული ყურძნის ჯიშის, „საფერავის“ ბოკალი რიდელის კოლექციის საპატიო მე–17 ადგილს დაიჭერს და  მას სულ მალე  მსოფლიოს ყველაზე ცნობილ რესტორნებში, რიდელების კატალოგის მთავარ კოლექციაში ვიხილავთ.


დღეს ყველამ იცის, რომელია „პინონუარის“ „ბორდოსა“ თუ „შარდონეს“ ბოკალი.


მალე მსოფლიო გაიგებს, როგორი იქნება ქართული „საფერავის“ ბოკალი!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია