საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აღდგება თუ არა მოდინახე?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/09/29 13:35:32

არც ისე დიდი ხნის წინ საჩხერეში შეიქმნა ფონდი „მოდინახე“, რომლის ძირითადი საქმიანობა განისაზღვრა საჩხერეში მდებარე ამავე სახელწოდების ციხის აღდგენით. ბუნებრივია, თუ ამ პროექტს წარმატებით დაასრულებს ფონდი, ამის შემდეგ მუნიციპალიტეტში მას ექნება კიდევ შედარებით მცირე პროექტები განსახორციელებელი. როგორც ჩვენთან საუბარში საჩხერის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ ნადირაძემ, განაცხადა, ამ პროექტის ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელება წარმოუდგენელია, თუმცა მხარდაჭერას უცხადებს და მისასალმებელი იქნება ციხის აღდგენის ფაქტი.  მოდინახის თემასთან დაკავშირებით ფონდის დირექტორმა, ბაჩო (ბიძინა) გაფრინდაშვილმა შემდეგი კომენტარი მოგვაწოდა:

 

„მოდინახის ციხის აღდგენის თემა რაიონში რეიტინგით არ ლიდერობს, თუმცა გვერდსაც ვერ აუვლით. ამისთვის საკმარისია ქალაქის ნებისმიერი უბნიდან ციხის ფერდობს თვალი შეავლოთ და მისი ჩამონგრეული ქონგურების სანახაობით „დატკბეთ“, ციხის  მდებარეობა ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემთ. თუმცა, მეორე საკითხია, სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგია, სადაც ამ თემაზე, ერთმნიშვნელოვნად, აზრთა სხვადასხვაობაა. განვითარებადი ქვეყნის ფონზე ეს ყველაფერი შეიძლება ლოგიკურადაც გამოიყურებოდეს, თუ არ ჩავთვლით  პიროვნული დაპირისპირების ნიადაგზე აღმოცენებულ შურს და ხელოვნურად შექმნილ ხელისშემშლელ ფაქტორებს, რაც საბოლოო ჯამში  ეროვნულ საქმეს აზარალებს.   როგორც ჩანს,  ვერც მოდინახის აღდგენის სურვილმა გაგვაერთიანა, აზრთა სხვადასხვაობაა სამოქალაქო საზოგადოებაშიც და ეს სკეპტიკა, ძირითადად, არასახარბიელო სოციალური ფონის შედეგია. მინდა, მცირე განმარტება გავაკეთო იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულება აბსოლუტურად გამიჯნულია და, შესაბამისად, გამიჯნულია ბიუჯეტშიც, მაგრამ წარმატებული პროექტების მაგალითებს თუ გავიზიარებთ, დაკვეთა სტრატეგიასა და მიმართულებების განსაზღვრაზე სწორედ რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან მოდის. მოდინახის აღდგენა სწორედაც რომ სახალხო პროექტია და არაა მხოლოდ ხელისუფლების საზრუნავი. ასე, რომ, როცა მოდინახის აღდგენის აუცილებლობაზე ვიკამათებთ, გავითვალისწინოთ, რომ ქალაქის იერსახის ჩამოყალიბება, რაიონში  ტურიზმის ხელშეწყობა,  მომავალი თაობებისთვის ისტორიის გაცოცხლება და მათ ესთეტიკაზე ზრუნვა არანაკლებ  პრიორიტეტულია.

 და მაინც, ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშაა, ინვესტიცია მოდინახის  რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოდან განხორციელდება თუ კერძო სექტორიდან, მაგრამ  მისასალმებელია, რომ კონსესუსი შედგა და პირველი ნაბიჯები სახელმწიფოს მიერ გადაიდგა.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით, გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი მოდინახის  კვლევითი საფიქსაციო სამუშაოების, რეაბილიტაცია–კონსერვაციის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე. საკონკურსო წინადადებები წარმოადგინა სამმა კონკურსანტმა: ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულმა კავშირმა, შპს „ხუროთმოძღვარმა“ და შპს „გეომეფმა“.ცხრა წევრისაგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები 2014 წლის 25 ივლისს განიხილა. საკონკურსო კომისიაში, კონსულტანტებად მოწვეული იყვნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შეფასების განყოფილების უფროსი გიორგი გორდელაძე, რეაბილიტაციის დაგეგმვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დავით უგრეხელიძე და რეგიონალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიგა მისრიაშვილი. გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ხუროთმოძღვარის“ მიერ წარმოდგენილი  წინადადება.

 

საპროექტო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ აგვისტოში დაიწყო. პირველ ეტაპზე შეიწამლა ციხეზე არსებული მწვანე საფარი. შემდგომ მოხდა ძეგლზე არსებული, 1991 წლის ანაზომების (არქ. ვლ. ოთარაშვილი) დაზუსტება. აზომვითი  სამუშაოები შეასრულეს არქიტექტორებმა ნ. ბაკურაძემ,  პ. ნუცუბიძემ და  ს. ოთარაშვილმა. პარალელურად მიმდინარეობდა სახელოვნებადმცოდნეო (ხელოვნებათმცოდნე პ. ბასიშვილი) და არქეოლოგიური (არქეოლოგი  გ. მახარაძე)  კვლევები.   ამავე თვეში  გაკეთდა ტოპოანაზომი ( ინჟინერი გ. ენუქიძე). 

 

სექტემბრის თვის პირველ ნახევარში გაგრძელდა ძეგლზე კვლევითი სამუშაოები.  გაკეთდა გეოლოგიური (გეოლოგი დ. მღებრიშვილი), საინჟინრო -კონსტრუქციული (კონსტრუქტორი ზ. ჯიბლაძე) და ვერტიკალური დაგეგმარების (ვერტ. დაგეგ. ინჟინერი ნ. ჯაფარიძე) კვლევები. ქიმიოლაბორატორიული ანალიზი გაუკეთდა  ციხის მშენებლობის დროს გამოყენებულ კირდუღაბს ( ქიმიკოსი მ. აბულაძე).

ამით პირველი ეტაპის საველე სამუშაოები დამთავრდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კამერული სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ჩატარებული საველე სამუშაოების დოკუმენტების შედგენას, ასევე არქიტექტურული ნახაზების გამოხაზვას და დამუშავებას.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, პროექტის ჩაბარების ვადა შპს „ხუროთმოძღვარს“  ოქტომბრის ბოლოს ეწურება“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია