სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირებისათვის ქულების მინიჭების სისტემა იცვლება.
ახალი სქემის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა, შემწეობის მისაღებად ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ იქნება პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა.შ.) და ნივთები.
ასევე სარეიტინგო ქულების დათვლისას განმსაზღვრელი აღარ იქნება სოციალური მუშაკის სუბიექტური მოსაზრება და ის აღარ იარსებებს შეფასების დოკუმენტში.
სოციალურ შემწეობას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც არავითარი შემოსავალი ან შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ (მაგ.პირუტყვი, ხეხილი, დასამუშავებელი მიწა).
ამ დროისათვის სოციალურ შემწეობას საქართველოში 428 ათასი ადამიანი იღებს.
ქულების ხელახალი გადათვლა, სავარაუდოდ, 1 დეკემბრიდან დაიწყება.
სოციალური მომსახურების სააგენტო პრიორიტეტად მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ ოჯახების სიღარიბის დასაძლევად სამუშაო ადგილები შესთავაზოს.