საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ადამიანი ვარ, ადამიანი, რომელსაც სჭირდება თანადგომა!“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/19 14:23:04

როგორ ცხოვრობენ შშმ ქალები ქუთაისში?

 

 

 

მესიზმრება, რომ ჩვეულებისამებრ, დილით ვიღვიძებ და სამსახურში მივდივარ. ვჩქარობ. პაციენტები მელოდებიან. ვგრძნობ, რომ ადამიანებს ვჭირდები, თუმცა სხვა რეალობაში ვიღვიძებ. რეალობაში, სადაც დახმარებას თავად ვსაჭიროებ. 


ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მითხრა,  თუ სულ სახლში ხარ და გარეთ არ გამოდიხარ, როგორ დავრწმუნდე, რომ ეტლით მოსარგებლე ხარო.


ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი რესპონდენტმა, რომელმაც სურათის გადაღებაზე უარი იმის გამო თქვა, რომ კარგად არ გამოიყურება.


 სურს, ყველამ დღესაც ისეთი გაიცნოს, როგორიც წლების წინ იყო,  მომხიბვლელი, საქმიანი, მშვიდი.


ინტერვიუს დროს და შემდეგაც მაწუხებდა კითხვა, იგივე მიზეზით რომელიმე მამაკაცი იტყოდა თუ არა უარს ფოტოს გადაღებაზე? პასუხის მიღება, ალბათ, გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია, შეზღუდულ შესაძლებლობას ქალბატონები ერთი, არცთუ პატარა მიზეზის გამო, გაცილებით მწვავედ აღიქვამენ.

 

***

ქეთევან ბახუტაშვილი ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, ხუთსართულიანი სახლის მე-5 სართულზე ცხოვრობს. პროფესიით სტომატოლოგი, თუმცა ათი წელია, საყვარელ საქმეს ვეღარ ემსახერება. უბედური შემთხვევის შემდეგ 45 წლის ქალბატონი ეტლს მიეჯაჭვა და აღმოაჩინა, რომ  მრავალფეროვანი ცხოვრება ერთ ოთახში  მოექცა. ახლა მისი სამყარო პატარა სარკმელშიც ეტევა.


ქეთევანის ყოველდღიურობა მძიმე და ერთფეროვანია. კორპუსში ულიფტობისდა არაადაპტირებული გარემოს  გამო სამყაროს მოწყვეტილია, რომელთან კონტაქტსაც  მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ამყარებს. ყველაზე მეტად კი რაც უნდა წარმატებულ შშმ ქალად ყოფნაა.  წარმატებაში პირად კეთილდღეობას არ გულისხმობს, არამედ სხვა შშმ პირებისთვის სასარგებლო საქმის კეთებას. სცადა კიდეც ოკუპაციურ თერაპევტად მუშაობა, მაგრამ გადაადგილების პრობლემის გამო ვერ შეძლო.


წარმოუდგენელია, ზუსტად გაიგო ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ. ამის გაგება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც მსგავსი პრობლემა აქვთ. ინტერნეტის საშუალებით ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი  გავიცანი. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანი არაადაპტირებული გარემოს გამო, უარს ამბობ გარესამყაროსთან კონტაქტზე, ხდებუფრო ჩაკეტილ და დეპრესიულ.  სახელმწიფო არ ზრუნავს ასეთი ადამიანებისთვის  აუცილბელი პირობების შექმნაზე. რა გარემო პირობებზეა საუბარი, როცა 2011 წლის პირველ სექტემბრამდე სამედიცინო დაზღვევაც კი არ გვქონდა და დღესაც შშმ პირი იმ რაოდენობის პენსიას   იღებს, როგორც ყველა პენსიონერი".

 

***

კანონში შეტანილი ცვილების თანახმად, შშმ პირები საყოველთაო დაზღვევის ერთიან ბაზაში მოხვდნენ, თუმცა, დაზღვევა  სარეაბილიტაციო მკურნალობას არ ითვალისწინებს,  მათ კი შესაძლო გადაუდებელ დახმარებასთან ერთად სწორედ ყოველწლიურად ძვირადღირებული სარეაბილიტაციო მკურნალობა სჭირდებათ, რაზეც ხელი შშმპ_თა 80 პროცენტს არ მიუწვდება.


გარდა სამედიცინო დახმარებისა, ქეთევანი სახელმწიფოსგან შშმ პირების აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართავად მხარდაჭერას  ითხოვს. თვლის, რომ აუცილებელია, შეიქმნას ხერხემლის პოსტტრამვული სპეციალიზირებული სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ისინი ურთიერთობას და ერთმანეთის დახმარებას შეძლებენ.


ქეთევანმა ბევრი შშმ პირისგან განსხვავებით, რომლებიც საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო უარს ამბობენ გარესამყაროსთან კონტაქტზე,  შეძლო,საკუთარი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული საქმე შეესწავლა. რამდენიმე თვეა, „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" მეშვეობით, გამომცემლობაში დაიწყო მუშაობა. თუმცა, სახლიდან დღემდე ვერ გამოდის. არადა ოცნებობს აივნიდან დანახულ ყოველდღიურ აურზაურს უწინდებურად შეუერთდეს.

 

***

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში", რომელიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე მუშაობს, ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემის მქონე სხვა პირების პროექტში ჩართვას  საწარმოებში არაადაპტირებული გარემო ართულებს. ზოგჯერ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები თავად ამბობენ უარს მსგავს პროექტში ჩართვაზე იმ მიზეზით, რომ სწორედ საზოგადოება არ არის მზად მსგავსი ურთიერთობებისთვის.


არის თუ არა კანონი გამართული იმისთვის, რომ ასეთმა ადამიანებმა დასძლიონ სტიგმა?


მცირე ხნის წინ კანონში შესული ცვლილება  ყველა კომპანიას ავალდებულებს, საზოგადოებრივი დაწესებულების და მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის დროს შშმ პირთათვის განკუთვნილი შესასვლელი პროექტშივე გაითვალისწინოს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია დაჯარიმდება.  თუმცა, ქუთაისში ვერავინ იხსენებს  აღნიშნული მიზეზით ვინმე დაეჯარიმებინოთ.


პანდუსის პრობლემა ამ დრომდე არის ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველოაბშიც, რის გამოც შშმ პირებს მერიაში გადაადგილება უჭირთ, თუმცა, როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან მერიაში და კიდევ სამ დაწებულებაში პანდუსის მოსაწყობად 30 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება.

 

კორპუსის მცხოვრებლებს, რომელთა მეზობლადაც შშმ პირი ცხოვრობს შეუძლიათ ადგილობრივ ხელისუფლებას პანდუსის მოწყობის მოთხოვნით მიმართონ. სწორედ მსგავსი თხოვნის საფუძველზე მონტაჟდება პანდუსი ნიკეას დასახლებაში მდებარე ერთ–ერთ კორპუსში.


მსგავსად ქეთევანისა, ბევრი შშმ პირის პრობლემას კორპუსში ლიფტის არარსებობა ართულებს. კიბეების მთლიანი მოწყობა კი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის  განცხადებით, რთულ პროცესთან და  თანხებთან არის დაკავშირებული და, სავარაუდოდ, სამუშაოების ჩატარება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ვერ მოხდება. რაც გულისხმობს, იმას, რომ ადამიანებს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, გარეთ გამოსვლის პრობლემა მარადიულად ექნებათ.

 

***

საქართველოში შშმ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 75 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მიუხედავად პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციების რაოდენობისა, მდგომარეობა სასურველამდე შორსაა. შშმ პირთა მდგომარეობის შესაცვლელად ყველაზე დიდი ბერკეტი მაინც სახელმწიფოს აქვს.


უდავოა, ვიდრე გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოხელეები, სახელმწიფოს პირველი პირები არ გამოიჩენენ ნებას და პრობლემის მოგვარების უფრო მოქნილი გზების მოძებნას არ დაიწყებენ, ნებისმიერი მცდელობა უსაძირკვლო სახლის მშენებლობას ჰგავს.


რა სურთ და რა საჭიროებები აქვთ შშმ პირებს ყველაზე უკეთ თავად იციან, ამიტომ სახელმწიფომ სწორედ ამ ადამიანების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწონოს. ეს ადამიანები კი მზად არიან, ითანამშრომლონ სახელმწიფო უწყებებთან, გააუმჯობესონ თავიანთი და სხვების მდგომარეობა.


საგულისხმოა ისიც, რომ არასამთავრობოები თუ სახელმწიფო სტრუქტურები ძირითადად მოზარდ შშმ პირთა მდგომარეობაზე მუშაობენ, რაც პრობლემას ვერ აგვარებს, ვინაიდან 18 წლის ასაკის შემდეგ ისინიც მსგავსი პრობლემის წინაშე რჩებიან.


მნიშვნელოვანია, შშმ პირთა  პრობლემები არ იყოს მხოლოდ ოჯახის პრობლემა, აუცილებელია სახელმწიფოს და საზოგადოების თანადგომა.


შშმ პირები ადამიანურ ურთიერთობებშიც აწყდებიან პრობლემას. როგორც ქეთევანი ამბობს, უფრო საჯარო მოხელეებისგან. დღემდე მტკივნეულად ახსოვს საჯარო რეესტრის თანამშრომელთა მოპყრობა. მისი თქმით, კანონს ამოფარებული თანამშრომლები მათ პრობლემას, გამარტივების, ნაცვლად ართულებენ, რაც მათ ტკივილს ამძაფრებს.

 

***

 „ხშირად ვწერ, ასე უკეთ შემიძლია განცდების გადმოცემა. წერის დროს ვამბობ იმას, რაც შეიძლება, სხვა დროს ვერ ვთქვა, რამდენიმე ასეთი ჩანაწერი შენახული მაქვს,“– უჯრიდან დაკეცილი ფურცლები ამოიღო, ვერ შეძლო ცრემლების დამალვა.


 „შეგიძლია, წაიკითხო,“ – მითხრა და ფურცლები მომაწოდა.


შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ არ მაქვს უფლება ადამიანის პირადი ჩანაწერი გამოვაქვეყნო, მაგრამ ამ ჩანაწერზე კარგად ვერავინ შეძლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალბატონის განცდების გადმოცემას. რომლის მსგავსი პრობლემითაც ჩვენ რეალობაში არაერთი ადამიანი ცხოვრობს.


„ადამიანი ვარ, ადამიანი!

ადამიანი, რომელიც ვერ დადის დამოუკიდებლად,

ადამიანი, რომელსაც სჭირდება მუდმივად გვერდით მყოფი–მომვლელი,

ადამიანი, რომელსაც სჭირდება გაგება,

ადამიანი, რომელსაც სჭირდება საზოგადოების და სახელმწიფოს თანადგომა..“     

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2840
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია