საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილი: "საერთაშორისო პოლიტიკა პატარა ქვეყნების საშინაო პოლიტიკას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/13 12:30:45

დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე ნიდერლანდების სენატის თავმჯდომარესთან, ანკე ბროკერს-კნოლთან ერთად, თემაზე „უმრავლესობა და ოპოზიცია - ბალანსის დამყარება დემოკრატიაში“ პრეზენტაცია წარადგინა.


სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი სამ ძირითად მიმართულებაზე: ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ბალანსის დაცვის, საშინაო, საერთაშორისო და ადამიანურ საკითხებზე გააკეთა. „მჯერა, რომ არავის უჩნდება შეკითხვა, საჭიროა თუ არა ოპოზიცია. მაგრამ, როდესაც გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, საერთო პრობლემებს ვიპოვით, თუ რატომ არ არის ეს ბალანსი დაცული. პირველ რიგში, შეუძლებელია ბალანსის მიღწევა მოცემულ საზოგადოებაში, თუ არ არის ეს ბალანსი დაცული მდიდარსა და ღარიბს, ქალსა და კაცს, შავკანიანსა და თეთრკანიანს, სოფელსა და ქალაქს შორის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, პრობლემას ქმნის მონოპოლია სიმართლეზე. „ეს არის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაავადება, სადაც მონოპოლია სიმართლეზე კომუნისტურ პარტიას ჰქონდა და ეს ოფიციალურად და კონსტიტუციურად იყო აღიარებული. სამწუხაროდ, ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც  სხვადასხვა იდეოლოგიის მიმდევრები ცდილობენ, ეს მონოპოლია მოიპოვონ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დავით უსუფაშვილის თქმით,  როდესაც ოპოზიცია აუცილებელ ბოროტებად ცხადდება და არა  დემოკრატიის აუცილებელ კომპონენტად, თავისუფალ პოლიტიკურ კონკურენციაზე საუბარი რთულდება. მისივე განცხადებით, ბალანსის დაცვა მარტივდება, როდესაც მთავრობის ძალაუფლება შედარებით მცირეა. „რაც უფრო პატარაა მთავრობა, რაც უფრო მცირეა მისი ძალაუფლება, რაც უფრო ნაკლებია ის რესურსები, რომლებიც მისი კონტროლის ქვეშაა, მით უკეთესადაა დაცული ბალანსი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ასე იმიტომ ხდება, რომ ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოება, რომელიც გავლენას ახდენს ორივე მხარეზე - უმრავლესობაზეც და ოპოზიციაზეც“, -  განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არჩევნები საერთაშორისო მოვლენაა. „მრავალი წლის განმავლობაში ჩემს ქვეყანაში ვხუმრობდით, რომ საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს ფართოდ დახუჭული თვალებით აკვირდებოდნენ. ჩვენი გაგებით, ისინი იმისთვის ჩამოდიოდნენ, რომ რაღაცები არ დაენახათ. თუკი ასეთი მიდგომა გაგრძელდა და თუ უმრავლესობა ამგვარი არჩევნების შედეგად მოვა ხელისუფლების სათავეში, მაშინ ჩვენ ვერც დემოკრატიაზე ვიფიქრებთ და ვერც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ბალანსის დაცვაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკა პატარა ქვეყნების საშინაო პოლიტიკას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ბალანსის დაცვა და ურთიერთობა  უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მხოლოდ ქვეყნის საშინაო საქმე აღარ არის. 



„მე წარმოვადგენ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც ლიბერალურ პარტიას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ის 35 წლის წინ, კომუნისტების დროს შეიქმნა. პარტიამ აყვავება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ჩვენ ევროპელ კოლეგებთან დავიწყეთ თანამშრომლობა და გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონტაქტის დამყარება. თუმცა, ასევე გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება და ამ სტანდერტების მორგება ერთმანეთზე“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმისათვის, რომ უმრავლესობამ და უმცირესობამ ითანამშრომლონ, სწორი ხელმძღვანელობა და მაგალითებია საჭირო. „ორივე - უმრავლესობაც და ოპოზიციაც ადამიანებისგან შედგება. მნიშვნელოვანია, სწორი ხელმძღვანელობა და სწორი მაგალითების დემონსტრირება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები. სპიკერის მოვალეობა ასე შეიძლება აღიწეროს - ბალანსის მიღწევა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ქვეყანაში. მჯერა, რომ თუ ჩვენ სამუშაოს შესაბამის დონეზე შევასრულებთ, ხელს შევუწყობთ იმ პრობლებიდან გამოსავალის მოძებნას, რომელიც არა მხოლოდ ჩემს ქვეყანაში, არამედ განვითარებულ საზოგადობებშიც პრობლემად რჩება“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს.

 

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ისტორიაში, ამ ტრიბუნიდან საქართველოს წარმომადგენელმა პირველად მიმართა ევროპელ კოლეგებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები ნორვეგიაში ვიზიტს 13 სექტემბერს დაასრულებენ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია