დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის წინ პირველი მსოფლიო ომის გმირის ნეშტი განისვენებს
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/08 11:13:28

საუკუნე   გავიდა   დედამიწაზე  მანამდე   არნახული  მასშტაბების  მქონე  ომის  დაწყებიდან,  რომელსაც,   მოგვიანებით,   პირველი მსოფლიო ომი ეწოდა.   ამ ომში ჩართული აღმოჩნდა  თითქმის  მთელი  მაშინდელი  სამყარო.


 შედეგად  კი შეიცვალა მსოფლიოში მანამდე  არსებული  წესრიგი,   რამაც  პატარა   საქართველოსთვისაც   მოიტანა  ცვლილებები,    ეს კი უპირველესად   ორსაუკუნოვანი  პაუზის   შემდეგ   ქვეყნის  დამოუკიდებლობის  გამოცხადებითა და მისი აღიარებით გამოიხატა. 


საქართველოს  ჰყავდა ამ ომში  თავისი  გმირები, რომლებსაც ხშირად  გადამწყვეტი  როლი შექონდათ  ომის  ბედში. 

ასეთი იყო ქუთაისის  შვილი- სიმონ  შავგულიძე,  რომელიც თავის  დროზე  დიდი პატივით  დაკრძალეს   ქალაქის   ყველაზე  გამოსაჩენ  ადგილას- ბულვარის მოპირდაპირე   მხარეს-   მთავარანგელოზის  ეკლესიის  ეზოში.

 

  დღეს  მისი  საფლავიც აღარ არსებობს -    კომუნისტებმა   ეკლესიის   ადგილას   ადმინისტრაციული კორპუსი  ააგეს -  დღევანდელი   მერიისა და სამხარეო  ადმინისტრაციის  შენობა.  ხოლო  გმირების  საფლავების  არსებობის  კვალიც   სრულიად  გააქრეს. 


საქართველოსათვის  პირველი  მსოფლიო  ომის   შედეგებსა და ომის  გმირზე  P.S-ს  ესაუბრება  ფილოსოფოსი   გიორგი  შავგულიძე:


 

 -მართალია, რომ ამ ომმა  შეცვალა  მაშინდელი  მსოფლიო, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი,  რომ  ამ  ცვლილებების  შედეგად  შეიქმნა პრეცედენტი საქართველოში   დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისა.  საქართველო   გამოცხადდა რესპუბლიკად,   რისი უარყოფა  უკვე ბოლშევიკურმა რუსეთმაც  კი  ვეღარ შეძლო,  როდესაც 1921 წელს საქართველოს  ანექსია  მოახდინა.   

საქართველო  სსრკ-ს  შემადგენლობაში დაფიქსირდა უკვე როგორც რესპუბლიკა და  არა  ორი გუბერნია,   როგორადაც მანამდე ერთი საუკუნის განმავლობაში იწოდებოდა.

 ამ   ისტორიული მონაპოვარის საფუძველზე დგას ამჟამად საქართველოს სახელმწიფოებრიობა- რომ არა  პირველი  მსოფლიო ომი და  1918  წელი,   ალბათ,  ისეთი არ იქნებოდა,   1990-91 წლები,   როცა საქართველო ხელმეორედ გამოცხადდა თავისუფალი  სამყაროს  წევრად.

 

1918  წელს    დამთავრდა  ოთხწლიანი  ომი, რომელშიც  საქართველომაც  საკმაოდ  დიდი მსხვერპლი  გაიღო.   რუსეთი,  რომელიც ამ ომში    მონარქიის  სახით  ჩაერთო,  იქედან  უკვე როგორც   ბოლშევიკური  ქვეყანა,  ისე გამოვიდა.  რუსეთის იმპერატორმა ფაქტიურად დამო თავისი ტახტი,   რადგან  ქვეყანა  უკვე გამოფიტული იყო და  მას  აღარ  შეეძლო ომის გაგრძელება.    გერმანიამ   კი,   თავის  მხრივ,  ხელი შეუწყო რუსეთში ისეთი ძალის- ბოლშევიკების მოსვლას,  რომელიც   რუსეთს   ამ  ომიდან გამოიყვანდა და როგორც გერმანიის მოწინააღმდეგე გაანეიტრალა,  1918 წელს  დაიდო  ბრესტის  ზავი,   რასაც  ჯაჭვური  რეაქციით  მოყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.  -   ამ ზავით ბოლშევიკური რუსეთი ოსმალეთს უკან უბრუნებდა იმ ტერირორიებს,   რომლებიც 1878   წელს მიიერთა  -მათ შორის იყო ბათუმი,  არტაანი  და  ყარსი,  ამიტომ ოსმალეთმა დაიწყო აქტიური მოქმედება ამ ტერიტორიაზე.   ამის საპასუხოდ მისმა მოკავშირე გერმანიამ ქართველთა ინტერესების გათვალისწინებით ხელი შეუწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. -1918  წლის  მაისში  საქართველო  გამოცხადდა დამოუკიდებელ  დემოკრატიულ  რესპუბლიკად.   მართალია,   ობიექტურმა გარემოებებმა ხელი შეუწყო  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას,   მაგრამ მხოლოდ   გარემოებები არ იყო საკმაო საფუძველი,  რომ არა ქართველების   გმირული  სულისკვეთება და სახელმწიფოდ  არსებობის  ისტორიული მესხსიერება.


  ამ  ომში ქართველები,  თავდაპირველად,    რუსეთის  იმპერიის   დროშის ქვეშ იბრძოდნენ, მაგრამ შემდეგ   ისინი უკვე თავიანთი ქვეყნის  ინტერესების  სამსახურში  ჩადგნენ.

სწორედ  1918 წელს ბათუმისათვის  გამართულ  ბრძოლაში დაიღუპა ვერდენის  ომის გმირი სიმონ   შავგულიძე.  


- შეგიძლიათ მოგვითხროთ  მასზე?


- იმ დროის პრესაში საკმაოდ დაიწერა სიმონიკა შავგულიძის გმირობის შესახებ,  ჟურნალ ,,თეატრი და ცხოვრება" (12.07.1918), ,,სახალხო საქმე"(14.04.1918), ,,ხალხის მეგობარი"(30.04.1918), დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე წინარე საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ ამბებზე მოგვითხრობს. ვფიქრობ, იგი გახსენებას და ხელახალ განსჯას იმსახურებს.    სიმონ შავგულიძე დაიბადა  1894  წელს. მღვდლის ოჯახში დაბადებულ ბიჭს  გული საგმირო  საქმეებისკენ მიუწევდა (მღვდლის იობი შავგულიძის ოჯახში 14 ქალ-ვაჟი  იზრდებოდა),  თუმცა ოჯახის ტრადიციის თანახმად   სასულიერო  სასწავლებელში სწავლობდა,  ჯერ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ისწავლა,  შემდეგ თბილისში   განაგრძო  სწავლა.  მაშინდელი თბილისის სასულიერო სემინარია   მეამბოხეთა  ბუდეს წარმოადგენდა.  სიმონიკა, როგორც ერთ-ერთი აქტიური მოწაფე  გადაასახლეს, -  სიმფეროპოლის სასულიერო საასწავლებელში  განწესებული მალე პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლში აღმოჩნდა,  როგორც  კაპიტანი   და  ათასეულის   მეთაური. 

 

 

 პირველი   მსოფლიო ომის გადამწყვეტი ბრძოლა  საფრანგეთი სტრატეგიულ  პუნქტ - ვერდენთან გაიმართა, ისტორიკოსები ამ  ბრძოლას პირველი მსოფლიო ომის ხორცსაკეპს უწოდებენ და  თავისი მნიშვნელობით  მეორე მსოფლიო  ომში სტალინგრადის ბრძოლას ადარებენ.

გენერალ ბრუსილოვის არმიაში  ტყვიამფრქვეველთა ათასეულს მეთაურობდა სვიმონ  შავგულიძე. 1916 წლის გაზაფხულზე გერმანელებმა გადამწყვეტი იერიში მიიტანეს საფრანგეთის სტრატეგიული პუნქტის ვერდენის წინააღმდეგ. მოკავშირენი რუსეთს დაბეჯითებით სთხოვდნენ წამოეწყოთ საერთო შეტევა აღმოსავლეთის ფრონტზე გენერალ ბრუსილოვის მეთაურობით. მომზადდა შეტევა ფართო ფრონტით, მაგრამ ერთობლივი შეტევის დათქმულ თარიღთან მიმართებაში არ იქნა გათვალისწინებული იულიანურ და გრიგორიანული კალენდრის თოთხმეტ დღიანი სხვაობა, შესაბამისად ბრუსილოვმა შეტევა 14 დღით გვიან დაგეგმა, რამაც ვერდენი სასაკლაოდ აქცია. შეცდომის გამოსწორება მხოლოდ გარღვევით ბრძოლას შეეძლო. კაპიტან შავგულიძის ათასეული მთავარი მიმართულებით ავსტრიელთა  ფრონტის  სიღრმეში 20 კილომეტრით შეიჭრა და ძირითადი დარტყმა ქალაქ ლუცკის პოზიციებზე მიიტანა, 4 ივნისს ქართველი მხედართმთავრის ათასეული მოკავშირეებს შეუერთდა და ავსტრო–გერმანული სამხედრო ძალები ორად გაყო. ეს ბრძოლა ისტორიაში ლუცკის გარღვევის სახელწოდებით შევიდა.  ლუცკთან  ბრძოლაში  გამოჩენილი  არნახული  გმირობისათვის  შავგულიძე  ოქროს  ხმლითა და ოფიცრის გიორგის ჯვრის  ორდენით  დაჯილდოვდა.  შემდგომშიც არაერთგზის გამოიჩინა თავი და დაჯილდოვდა ვლადიმერის ჯვრით, ანას მესამე ხარისხის, სტანისლავის II და IV ხარისხის ჯვრებით. 32 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.


 სამშობლოში დაბრუნებული ეროვნული  ჯარის  შექმნის ერთ–ერთი თაოსანი გახდა. ინიშნება შტაბის უფროსად.  ბრესტ–ლიტოვსკის ზავის შემდგომ თურქებმა დაიწყეს ბრძოლა ბათუმის  ხელში ჩასაგდებად. სვიმონ  შავგულიძე  დაუყონებლივ ინიშნება ბათუმის ანარიის ფორტის  კომენდანტად. გაზეთ ,,სახალხო საქმეში" (14.04.1918 წ.) გამოქვეყნებული წერილი – ,,ბათუმის ამბები", დაწვრილებით აღწერს, თუ რა ხდებოდა ანარიის ფორფოსტთან ბათუმის ახლოს, 31 მარტს  სასტიკი ბრძოლა გაიმართა ანარიასთან,  კაპიტანმა  შავგულიძემ, რომელსაც  უკვე 70 მებრძოლიღა  ჰყავდა დარჩენილი, აუარება მტერთან ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა. აქვე ერთ ამონარიდს გავიხსენებ ჟურნალიდან (,,თეატრი და ცხოვრება") : ,,დაგვრჩიო! – შესძახეს კაპიტანს. გიაურებო, მკვდარი დაგრჩებით, მხოლოდ მკვდარი, არა ცოცხალიო! – შესძახებს ოსმალებს, ერთს კიდევ გადააბრუნებს ტყვიამფრქვევს, ერთხელ კიდევ დაჰკრავს ციხის კარებიდან შემოვარდნილ მტერს და მერე ვიღაც ცხელი ტყვიით შუბლს უპობს... ამით ბათუმის ბედიც წყდება..."  


„ბათუმის  ფორტები  უწინ  არ  მენახა , ერთი კვირის  წინათ  დავათვალიერე  და ისეთი  შთაბეჭდილება  მივიღე,  რომ  ვაი  იმ ერს ,რომელიც  მას  მტერს  დაუთმობს  და თუ  შენარჩუნებას  არ  მოახერხებს,  ზედ  არ  დააკვდებაო“  - უთქვამს  მას  ბათუმში  ბოლო  გამგზავრების  წინ.


 დაღუპული სიმონიკას  ცხედარი მისმა  უმცროსმა  ძმამ,  შალვამ,   რომელიც  მაშინ  მხოლოდ  14  წლის იყო, მალულად  გამოიტანა  ბრძოლის  ველიდან (პარლამენტარ შალვა შავგულიძის ბაბუა).


1921 წელს გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა საბოლოოდ გამოსტაცა ხელიდან მტერს ბათუმი და დედასამშობლოს დაუბრუნა.

სამწუხაროა, რომ  დღეს გმირის საფლავი  არ  არსებობს.

 მისი ნეშტი  ქუთაისის მერიის  წინ – ასფალტის ქვეშ  განისვენებს,  ამ ცაცხვის ხის  მიმდებარედ, სადაც,  საეკლესიო დღესასწაულებზე,  ნათესავებს დღემდე  ბზა და  წითელი  კვერცხები  მიაქვთ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია