დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაურიგდნენ თუ არა ერთმანეთს პრეზიდენტი და ნაციონალები და რა ბედი ელის ალასანიას
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/04 11:40:36

 

ვეყნის პრეზიდენტის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა.  მას  ბრალს „ნაციონალებთან“  გარიგებაში სდებენ -  რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას? -ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომენტარები ვთხოვეთ პარლამენტარს "ნაციონალური მოძრაობიდან", ისტორიკოს დავით დარჩიაშვილს და პოლიტიკურ მიმომხილველს, ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილს.


დავით დარჩიაშვილი:

-ის ბრალდება,  რომ ვიღაცა  ვიღაცასთან  შეკრულია და ჩვენ ვართ მის მხარეზე, ან ის არის ჩვენს მხარეს,  ძალიან  დიდი აბსურდია.  წლებია, რაც  ჩვენს  შორის სერიოზული უთანხმოება ჩამოყალიბდა.  ბოლოს  მისი ქცევა- 2011-2012  წლებში,  როდესაც  ავისი ბედი დაუკავშირა   რუს  ოლიგარქს,  პრინციპში,   მაფიის   ტიპიურ  წარმომადგენელს,    ივანიშვილს,    იყო  ადამიანურად  შეურაცხმყოფელი და  პოლიტიკურად სრულიად  მიუღებელი...

-რა ურთიერთობა არსებობდა მანამდე?

-წლების მანძილზე  ისიც  ეკუთვნოდა  აკადემიურ  და  არასამთავრობო  სექტორს, იმ  ადამიანთა წრეს,  ვინც  ოცნებობდა  საქართველოს  დამოუკიდებლობაზე   და   კომუნისტური, კლანური საზოგადოებიდან  თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპულ  საზოგადოებაზე  გადასვლაზე. აქედან  რაღაც  ურთიერთობები  იყო. ის  ხომ  ამბობს,  რომ  ჟვანიასთან  მეგობრობდა,   მე  მასთან  ერთად  ლექციებიც  წამიკითხავს სასწავლებელში,  რომელსაც  ის ხელმძღვანელობდა... მაგრამ  შემდეგ  მოხდა  ის,   რამაც  ჩვენი გზები გაყო.  მე მგონი,  ეს უფრო მისი პიროვნული ამბიციებისგანაა -  მას  რაღაც უნდოდა  და   არ გამოუვიდა,  აქედან დაიწყო...   შემდეგ  გაჩნდა პრორუსული   ნოტები მის  განცხადებებში, დაიწყო საუბარი    ქართული კულტურის  ორენოვნებაზე -   ასეთი რამე   შეიძლება  თქვას  ვინმე  პოეტმა (?),  ვისაც  პოლიტიკის   არაფერი  გაეგება,  მაგრამ  როდესაც  პოლიტიკაში  მოდიხარ   და  ორკულტუროვან  საქართველოზე  და რუსეთთან სიახლოვეზე  საუბრობ, ეს  სრულიად  მიუღებელია.  

ახლა  უკვე   პრეზიდენტის  ფუნქციამ  მას  აგრძნობინა,  რომ  ეს  ფუნქციაა დასაცავი და ამაში  მხარს  დავუჭერთ,  თუკი ის პრეზიდენტის   უფლება-მოვალეობებს  დაიცავს  ამ  მუდმივი  თავდასხმებისაგან,  ამ  ძალიან  ბავშვური, მეწვრილმანე  და თავქარიანი ადამიანებისაგან, რომლებსაც  არაფრის  გამოცდილება  არ აქვთ.

-თქვენი აზრით, რატომ  გახდა პრეზიდენტი მიუღებელი  თავისივე  გუნდისათვის?

-აქ არის  მენტალულური  შეუთავსებლობა.   ამ  გუნდს  სახელმწიფოს  ფუნქციონირების  არაფერი ესმის.   ეს არის  შევარდნაძის  დროინდელი  ხელისუფლების  ცუდი  ვარიანტი.   შევარდნაძეს  ნაკლებად  ჰყავდა  ასეთი  ზერელე  და ფუყე   პირები - კახა თარგამაძე  რომ  კახა  თარგამაძეა,  რომელიც  სრულიად  მიუღებელი  ფიგურაა,  რაღაც  გამოცდილების  მატარებელი  მაინც  იყო  და  ჭიკაიძე  ვინ  არის? ეს  არის  შეურაცხყოფა სახელმწიფოსათვის,  მას რომ  მოქალაქეობრივი  შეგნება  ჰქონდეს,   თვითონ  გადადგებოდა  თანამდებობიდან.   შევარდნაძის  პრემიერ-მინისტრს,  ოთარ  ფაცაციას    სამეურნეო  გამოცდილება  მაინც  ჰქონდა,  ღარიბაშვილი  ვინ  არის?  ეს  ადამიანები    თავიანთი  მენტალობით  და  მათ შორის,  ოჯახური  კავშირებით  არიან  შევარდნაძის  გამგრძელებლები.  მათ  სახელმწიფო  არ  უნდათ,   მათ  არ უნდათ,  რომ  ინსტიტუტი  ინსტიტუტს,   პოლიცია  პოლიციას  ჰგავდეს.   მათ  უნდათ  ისეთი  საქართველო,   სადაც  დაწყებული  წითელზე  გავლით   და  დამთავრებული  „კაი  ბიჭის“  მიერ  სხვა  ადამიანის   მკვლელობით,  არის  ნორმალური.

 იმედი  მაქვს,   მარგველაშვილს,  თავისი   განათლებიდან  გამომდინარე,  ამ  საკითხებისადმი ცოტა სხვა დამოკიდებულება აქვს.   ამიტომ  მე  მიმაჩნია, რომ  ეს არის ორი  სხვადასხვა  მსოფლმხედველობის  დაპირისპირება,  აქ  მეათეხარისხოვანია  ბოკერიასა  და მისი  დამოკიდებულება,  არ  ვიცი  რა ურთიერთობა  აქვთ  და არც  მაინტერესებს,    ეს არის   პრინციპული  შეუთავსებლობა  ღარიბაშვილისა  და ივანიშვილის   მსგავსი  პიროვნებებისა  და მარგველაშვილისა,   რომელიც,  სამწუხაროდ,  მათი  დახმარებით  გახდა  პრეზიდენტი,  მაგრამ  მას  ცოტა  მეტი ესმის  პრეზიდენტის  ინსტიტუტის  პატივისცემისა,   ეს კი  გარკვეულ  პატივისცემას  იმსახურებს,  მიუხედავად  წარსულში  მის  მიერ  გადადგმული  ნაბიჯებისა.

-გაიზიარებს  თუ არა პრეზიდენტის  ბედს ირაკლი ალასანია?

-  ალასანია, მგონი, გამხდარიც არის უკვე ყვითელი  პრესის სამიზნე.  მასზეც დაწერენ ბინძურ ჭორებს.


 

 ირაკლი ტაბლიაშვილი-ჟურნალისტი:

-ვფიქრობ,  მნიშვნელოვნად გადაჭარბებული და ჰიპერბოლიზებულია თემა, რომ, თითქოს, პრეზიდენტი მარგველაშვილი და „ნაციონალურ მოძრაობა“  ერთმანეთს გაურიგდნენ.  სხვა საქმეა, რომ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, პრეზიდენტს და მთავრობას, პრეზიდენტს და პრაქტიკულად ყველა სხვა ხელისუფალს შორის, წვრილმან-მსხვილმანებზე, აზრთა სხვადასხვაობაა. ვიმეორებ - ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობს ან იმას, რომ მან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ბანაკში გადაინაცვლა.

აზრთა სხვადასხვაობა კი ნამდვილად უნდა აიხსნას - ვფიქრობ, ამის ერთგვარი ფარული მიზეზი პირველ-კაცობის სურვილია... ხოლო ამას, თავის მხრივ, განაპირობებს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც ახლა მოქმედებს საქართველოში და რომელიც ცალსახად, უწინდელივით მკაფიოდ არ განსაზღვრავს პრეზიდენტის ან პრემიერის იერარქიულ მდგომარეობა-მდებარეობას სახელმწიფოში.

ამავე დროს, ცხადია, მიზეზი არის პიროვნული ფაქტორიც. რამდენიმე თვის წინ, ყოფილმა პრემიერმა - ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს ორი ქმედება (ადმინისტრაციაში შესვლა და მაჭავარიანის მრჩევლად დანიშვნა) დაუწუნა და ღიად თქვა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილს ორჯერ თქმაც კი არ სჭირდება“ ხოლო გიორგი მარგველაშვილმა „ხასიათი გამოავლინა“...

აშკარად ჩანს, ლეგიტიმურია მოსაზრება, რომ სწორედ ყოფილი პრემიერის „კარნახით“ მიმდინარეობს მარგველაშვილის უფლებათა შეზღუდვის ღია პროცესი...

ჩემი აზრით, ეს სახიფათოა არა მხოლოდ ცალკეული პირისთვის - მარგველაშვილისათვის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების კუთხითაც...

 

-როგორ ფიქრობთ, გაიზიარებს თუ არა პრეზიდენტის ბედს ირაკლი ალასანია?

-ვთქვათ სხვაგვარად - გახდება თუ არა თავდაცვის მინისტრის მაღალი რეიტინგი მის მიმართ ეჭვიანობის ან მისი პოზიციების შესუსტების მიზეზი? - ჩემი პასუხია - მაღალი ალბათობით - არა!

ვფიქრობ, ირაკლი ალასანიას მაღალი რეიტინგის მიზეზი არის თავად არმიის, ერთობლიობაში თითოეული ჯარისკაცის მაღალი რეიტინგი. თუმცა, ზოგადად,  ხელისუფლებაში სწორედ ალასანიაა სახელისუფლო ფლანგზე ყველაზე პროდასავლური და კანონმდებელ დავით უსუფაშვილთან ერთად, ის არის ლიდერი ამ მიმართებით, მაგრამ თუ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას აქვს ერთგვარი ლოგიკური ახსნა - პირველკაცობის სურვილი, თავდაცვის მინისტრთან მიმართებაში ამის თქმა შეუძლებელია -  პრემიერის „კონკურენტი“ თავდაცვის მინისტრი ვერ იქნება.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია