საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რაჭველი აინი პაპასა და თაფლა ხარის ნამდვილი ამბავი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/09/01 09:43:29

არასდროს ვყოფილვარ ზემო რაჭაში, რომელიც ერთი გამორჩეული რეგიონია ჩვენს მადლიან ქვეყანაში თავისი სილამაზითა და სიჯანსაღით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ  რაჭა, ისევე როგორც საქართველოს ბევრი პროვინცია, დაცლის პირასაა. ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები და გაუკაცრიელება ელოდება იმ მხარეს, რომელიც მთელ საქართველოს „ამარაგებდა“ ხაბაზებით, მზარეულებით თუ  დურგლებით. გასულ წელს ონში მხოლოდ 21 ბავშვი დაბადებულა, გარდაცვალების სტატისტიკა კი არ მაქვს. სოფელ ქორთაში ერთი კაციღა ცხოვრობს, ხარისთვალაში - ათიოდე და, საბოლოოდ, თუ სახელმწიფომ მთის სოფლების შესახებ რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება არ გაატარა (არსებულზე უფრო მეტი და მისაღები) მაშინ ჩავთვალოთ, რომ სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი და რაჭა ჰესების გასაკეთებლადღა დარჩება.

 

იმერეთის ერთ-ერთ  მოსაზღვრედ რაჭის სოფელი შქმერია. საჩხერიდან 32 კილომეტრით მოცილებული 30-კაციანი სოფელი შორიდან ზურმუხტისფრად მოჩანს და სახლების უმეტესობას ეტყობა, რომ კარგა ხნის გამოკეტილია. კანტიკუნტად მოსიარულე ადამიანებს შორის მოხუცები სჭარბობენ. ახალგაზრდები მხოლოდ 15 აგვისტოდან 28 აგვისტომდე ჩამოდიან, მერე ქალაქებისკენ მიდიანო,  - აღნიშნა თავსაფრიანმა შაოსანმა ქალმა.

 

წყებად  მოსიარულე კარგად ნაპატივები ნახირი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ზემო რაჭა მესაქონლეობისთვის საუკეთესო ადგილია. სათიბები, რომელთა უმნიშვნელო ნაწილია გათიბული, უთვალავ მწყერსა და ღალღას იფარებს; პატარა მდინარეებში, ფეხის გაციებას თუ გაუძლებ, ეგებ კალმახიც კი დაიჭირო ხელით! ჭნავები შეწითლებულან და მკრეფავებს ტყუილად ელოდებიან ცირცელი, ბამბეკალა, მაყვალი და ასკილი.

 

ახლა კი რეპორტაჟი: შინ დამზადებული კონიაკი, რომელიც დიდი სიძველით ვერ დაიტრაბახებდა, თან არცერთი მსმელი არ აღმოვჩნდით მოხეტიალე ოთხეულიდან, აუცილებლად უნდა ვინმესთვის დაგვეტოვებინა იმ პურის მარაგთან ერთად, რომელსაც ვერ ავითვისებდით. სოფლისკენ დაშვებულს ერთმა ფერდობმა მომტაცა თვალი. ასაკში შესული კაცი რაღაცას ღიღინებდა და ცელს ისე იქნევდა, როგორც დიდგვაროვანი ბანოვანი - მარაოს. მისკენ გავეშურე და მოხუცმა თიბვას თავი დაანება. დამაკვირდა, იქაურად რომ ვერ შემიცნო, ისეთი მიმიკა აღებეჭდა სახეზე, რომელიც თავისთავად გულისხმობდა ჩემი ვინაობის გარკვევას. მივესალმე. უცებ გამოვნახეთ სასაუბრო ენა. მოხუცი კაცი აინი სულთანიშვილი აღმოჩნდა. მან ჩრდილში მიმიწვია და დავსხედით.

 

აინი 79 წლისაა, ქვრივია. მამა 104 წლის გარდაცვლია. აშკარად ეტყობა, რომ მამის კვალობაზე წავა ესეც. 80 წელს მიახლოებულის შთაბეჭდილებას არც გარეგნულად ტოვებდა და არც მის ნაშრომს ეტყობოდა დაძაბუნებულის ხელი. ტონამდე თივა მაინც იყო მოთიბული და რაჭული მზიანი ამინდი დაუნდობლად უშრობდა სისხლს კენკეშას, უკადრისას, ღვალოს და ათასგვარ მაღალბალახეულს. 8 სული პირუტყვი მყავს, - თქვა აინი პაპამ, -  ოთხი ხარი, ორი ძროხა, ორი ხბო და მაგათთვის ვამზადებ თივასო.

 

ეტყობოდა, რომ ყურადღება ესიამოვნა და ძალდაუტანებლად მომიყვა თავისი ოჯახის ისტორიას: „17 დედმამიშვილი ვყოფილვართ, „ისპანკას“ დაუხოცავს ჩემი უფროსი და-ძმა. ბაბუას დედაჩემისთვის უთქვამს: არ შეწყვიტო შვილოსნობა, ეგებ გვარ-ჯიში არ გაგვიქრესო. 17-დან რვანი დავრჩით. ახლა მამაჩემის შთამომავლები 38 ოჯახი ვართ და ყველა რომ აქ ვცხოვრობდეთ, ერთი სოფელი მარტო ჩვენ ვიქნებოდით. მამა, კიმოთე, ძალიან პატარა, მაგრამ მოხერხებული კაცი იყო. სოფლის მეურნეობას არ მისდევდა მაინცდამაინც. ნიკოლოზის დროს ჯარში რომ წაუყვანიათ, ერთ გენერალს უკითხავს მთელი დანაყოფისათვის, მზარეული მჭირდება და რომელმა იცით კარგი მზარეულობაო. 2500 კაციდან მხოლოდ კიმოთეს გაუბედავს და გამოსულა. ისე გამომძვრალა ამხელა ჯარისკაცებში, როგორც ხბო ხარებს შორის. მერე სხვებსაც გაუბედავთ და აყვირებულან, მეც შემიძლია მზარეულობაო, მაგრამ გენერალს მაინც მამაჩემი წაუყვანია გამოსაცდელად. საცდელად ცხვარი მოუთხოვია კიმოთეს. დაუკლავს, გაუტყავებია, დაუმზადებია და ისევ ტყავში ჩაუბრუნებია და ამოუკერავს ისე, რომ სუფრაზე ცოცხალივით დაუსვამს. აღფრთოვანებულ გენერალს მამაჩემი არც პირველ მსოფლიო ომში გაუშვია, მე მჭირდები მზარეულადო. კიმოთე ყანწებს აკეთებდა. მთელმა ზემოიმერეთმა იცოდა კიმოთე მეყანწე. აქ საქონელი დიდი იზრდება და რქებიც დიდი აქვთ. მათგან ამზადებდა ყანწებს, ოღონდ სალტეებს არ უკეთებდა და მეც ასე დამიბარა, ყანწს გაპრანჭვა არ უხდება, ნატური უნდა იყოსო. თუ გინდა, ჩემს სახლში განახებ ჯიხვებისა და ხარის რქებით გაკეთებულ ყანწებს, თუ იშოვი რქებს, საჩუქარად გაგიკეთებ, ფულს არ გამოგართმევ დამზადებაში.

 

   

თაფლა ხარი

 

18 წელია, მარტო ვცხოვრობ. შვილები რუსთავში სახლობენ, თუმცა საჩხერეში ორი სახლი მაქვს ჩემი საკუთარი, მაგრამ არც რუსთავში მივდივარ და არც საჩხერეში. მეუღლე რომ გარდამეცვალა, მარტო დავრჩი, შვილებს არ გავყევი ქალაქში. იქ რა უნდა გავაკეთო? აქ ჰექტარზე მეტ ადგილს ვთიბავ, შვილებს ვუმზადებ ერბოსა და ყველს. ვიდრე ჩემი ცოლი იყო ცოცხალი, ჩემზე ბედნიერი კაცი არავინ მეგულებოდა. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მის დატოვებულს ყველაფერს ვუფრთხილდები. წყალს არ ვაქცევდით ერთმანეთის დაუკითხავად. ერთი თაფლა ხარი მყავს ახლა, 19 წლისაა. მეუღლემ დამიტოვა ერთი წლის. მის სახელზე გავზარდე და ჩემი თაფლა მთელ ამ მხარეში ცნობილი ხარია. ახლა დაბერდა, მაგრამ გასაყიდად ვერ ვიმეტებ. ეს ჩვენი სიყვარულის ცოცხალი ძეგლია და ალბათ ვერასდროს შეველევი.

 

28 წლის ვიყავი, ბრიგადირად რომ დამნიშნეს. აქ, ამ პატარა სოფელში, 365 ჰექტარი მუშავდებოდა.  ითესებოდა კარტოფილი, ქერი, ხორბალი. სიმინდი ავარდება მაღლა, თუ დათესავ და ტაროს არ გაიკეთებს - მოსვლას ვერ ასწრებს. ხარისთვალში, შუაშქმერსა და უშოლთაში 30 ადამიანიც აღარ ვიქნებით. სულ მოხუცები ვართ. აქ არის ერთი ოჯახი, მგლოველების, ოთხი შვილი ჰყავთ და რადგან სკოლა არ არის, ამიტომ ონში გადაიყვანეს. ადრე 350 ბავშვი დავდიოდით სკოლაში. მერე გაუქმდა და კი ვართ ახლა ასე. ექიმი კი ამოდის ხოლმე ხანდახან, სასწრაფოც დროზე გვაკითხავს, თუ დაგვჭირდა. სოფლის გამგებელი მერაბ გაგნიძეა, კარგი ადამიანია, მაგრამ რაც არ შეუძლია, იმაზე მეტს ვერ გააკეთებს.

 

უმცროსი შვილი სულ მეუბნება, წამოდი ქალაქში, შენი ასაკის კაცის მარტო ყოფნა არ შეიძლებაო, მაგრამ მენანება აქაურობა. თითო ძირ ვაშლზე 60 ვედროც კი მომიკრეფია ხოლმე, ფუთ რძეს ვწველი, თან თაფლა ხარიც აქ მყავს... ქოლოსის წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად გულაბებიც დავანამყენე და წელს უკვე ნიშანი ჰქონდა. თანაც, ეს ბარაქიანი ველები და ქედები მენანება. სად უნდა წავიდე? ყველაფრის მონატრება ქალაქში ბოლოს მომიღებს. იცი, მე საუკეთესო მთიბველად ვითვლები აქ და ერთმა ლექსიც კი შეთხზა ამაზე:

 

„გახედე წვერუკას, აინი ბაბუა

ფრთასავით მოიქნევს ცელს,

ასეთი მთიბველი არასდროს,

არასდროს ჰყოლია შქმერს“.

 

ამის მერე კიდევ ბევრი ვისაუბრეთ მე და აინი ბაბუამ, მაგრამ ყველაფერს ვერც დავწერ და ვერც ვიხსენებ. სამი დღის განმავლობაში თავს დაგვტრიალებდა ტურისტებს და ხან კატაბალახა გვაჩვენა, ხანაც - რაღაც სანაყენე მცენარე. ჭუკის ფერ ჩაის აყენებსო. ყველაზე მეტად მაინტერესებდა, „ქვე შენი ჭირიმეს“ თუ გამოურევდა საუბრისას. აინი პაპას არცერთი „ქვე“ არ უხსენებია, თუმცა „სამი ჭურუკა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეკლესიის შესასვლელშიო“ და გამეღიმა, რადგან „-უკა“ დაბოლოება მხოლოდ რაჭულ დიალექტს ახასიათებს. გულში მაინც ის ჩამრჩა,  მაქსიმალურად სიამოვნებას რომ ცდილობდა ჩვენსას და გამომშვიდობებისას კილომეტრიანი აღმართი ამოიარა შეუსვენებლად.

 

ალბათ ახლა აინი პაპა უკვე მარტოა, შვილები და შვილიშვილები წავიდნენ ქალაქისაკენ. მთის წვერუკებსა და ზოგჯერ ქოლოსის სალოცავის ჭურუკებს დაუწყებს ცქერას მეუღლის ერთგული  და თაფლა ხარს როცა ბაგაზე დააბამს, კიდევ ერთხელ ნაღვლიანად გაიხსენებს ხალხმრავალ შქმერს, სამიოდე დღით ამოსულ ტურისტებს, ორი კვირით „გაშქმერებულ“ სულთანიშვილებს და მალულად ცრემლსაც მოიწმენდს. მერე მაინც წუთისოფელს ღიღინით შეუტევს და ტონობით მოთიბულ თივას პირუტყვს დაუყრის.

 

   

შქმერი

 

 

ბოლოს კი: მინდა ვიღაც მადლიანმა მოიფიქროს, ოცდაათამდე ახალი ოჯახი წაიყვანოს შქმერისკენ. კარგი პირობები შესთავაზოს მათ და სიცოცხლე დაუბრუნოს ქართულ სოფელს. თავის რჩენა ჯანმრთელ ახალგაზრდებს აქ არ გაუჭირდებათ. რა ვიცი, ნამეტანი მეოცნებე გავხდი მგონი...

 

 

P.S. ამ რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ აინი ბაბუას დავურეკავ და ვეტყვი, რომ გვახსოვს შქმერის ბურჯად დარჩენილი მოხუცი, რომელიც შრომისა და სიყვარულისთვის გაჩენილა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია