საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლანჩხუთის გამგებელი თავის წარმომადგენლად რვაკლასდამთავრებულის დანიშვნის წინააღმდეგია
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/08/29 21:33:14

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სოფლებში საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნა უკვე დაიწყო.


გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე ექვს სოფელში ყოფილ რწმუნებულს არ დააბრუნებს. როგორც თავად თქვა, აქცენტი გადატანილი იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობდა რწმუნებული და რამდენად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას:

-  სოფელი პატარაა და კარგად ჩანს ვინ მუშაობს წარმატებით და ვინ - არა. მე ისიც გავიგე, რომ ამბობენ, თითქოს იმ სოფლების რწმუნებულებს ვუშვებ სახლში, სადაც წავაგე არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ ვაპირებ ანგარიშსწორებას. ვინც ვერ ასრულებდა და თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, ცხადია, ის არ დასაქმდება. იყო შემთხვევა, როცა ერთი სოფლის რწმუნებულმა არც იცოდა რა კეთდებოდა თავის ტერიტორიულ ორგანოში. ასეთი ადამიანი ცხადია, არ იმსახურებს უკან დაბრუნებას, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ურუშაძემ.


გამგებელმა სოფელ ჩიბათში თავის წარმომადგენლად კობა მჟავანაძე დანიშნა. მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას სიხარულით და ოვაციითაც კი შეხვდა.


თინათინ გოგელია: - კობა ნამდვილად არის ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს სოფელს და თანასოფლელთა პატივისცემით სარგებლობს. გვჯერა, რომ კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.


ჩიბათის შემდეგ ჯერი ჯურუყვეთზე მიდგა. გამგებელმა აქ თავის წარმომადგენლად ვასილ ბურძგლა დანიშნა. მოსახლეობა აქაც დადებითად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას.


რაც შეეხება ნიგვზიანს, ურუშაძემ აქ მოქმედი რწმუნებული, ირაკლი გუჯაბიძე დატოვა. ცნობისათვის, გუჯაბიძემ საკმაოდ გამოიჩინა თავი ამ სოფელში არსებული რელიგიური დაპირისპირების დროს და რომ არა ის, სიტუაცია შესაძლოა, უმართავიც კი გამხდარიყო.


ზაზა ურუშაძის თქმით, წარმომადგენლების დანიშვნა სამშაბათიდან ისევ გაგრძელდება. მანამდე კი ნინოშვილელები თავიანთ პრეტენზიას უყენებენ გამგებელს.


"უკვე მეორედ ვართ ლანჩხუთ ამ საკითხთან დაკავშირებით და გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, ვინ ინიშნება ნინოშვილის წარმომადგენლად. ჩვენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს ვუჭერთ გიორგი თავართქილაძის კანდიდატურას, მაგრამ, როგორც ჩანს, გამგებელს სხვა კანდიდატი ჰყავს. რაკი ასეა, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს პრაიმერი და იქ გამოვლინდეს გამარჯვებული“, - ამბობდნენ გამგეობის შენობასთან შეგროვილი ნინოშვილელები.


ამ საკითხთან დაკავშირებით კი გამგებლის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია:

- გამგებლის წარმომადგენელი ხელწამოსაკრავი თანამდებობა არაა, ამიტომ რვაკლასდამთავრებულს ამ პოსტზე ვერ დავნიშნავ, - აღნიშნა ურუშაძემ.

თავად გიორგი თავართქილაძე კი ამბობს, რომ მას ბათუმის საზღვაო კოლეჯი აქვს დამთავრებული და „ამ დიპლომით მსოფლიო აქვს მოვლილი“.


სოფლის მოსახლეობის უმეტესობა მე მიჭერს მხარს. გამგებელს კი, როგორც ჩანს, სხვა კანდიდატი ჰყავს შერჩეული. თუმცა თავად თქვა, რომ ხალხის აზრს გაითვალისწინებს. ვნახოთ, რა იქნება, - განაცხადა თავართქილაძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია