საჩხერეში მიმდინარე წელში აღადგინეს აკაკი წერეთლის სილუეტური ნათების მონუმენტი. ვისაც კომუნისტური პერიოდის საჩხერე ღამით უნახავს, აუცილებლად ემახსოვრება მოდინახის ფერდობზე შუქჩრდილებით შექმნილი დიდი პოეტის სილუეტი.
წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აკაკის თავის სილუეტური ნათება აღდგა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მნათობმა“ შეასრულა.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, სილუეტი ეფექტურია, თუმცა ხარვეზულად ხდება განათება ზოგჯერ.
ჩვენ დავუკავშირდით შპს ,,მნათობის“ ხელმძღვანელს, ბატონ ვლადიმერ დგებუაძეს. მან განაცხადა, რომ თვეზე მეტი ხნის წინ მუნიციპალიტეტიდან შეატყობინეს განათების ხარვეზულობის შესახებ და მეორე დღესვე დეფექტი გამოასწორეს.
მანვე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ,,მნათობი“ ერთი წლის განმავლობაშია ვალდებული, რომ ასეთი ხარვეზები აღმოფხვრას და ოპერატიულად საკითხის მოსაწესრიგებლად ალბათ რომელიმე ადგილობრივ პირს ან ორგანიზაციას გაუფორმებს შპს ხელშეკრულებას, რათა მსგავსი პრობლემები გამოირიცხოს.