დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხრეითი-შაორის ტურისტული პოტენციალი ასათვისებელია
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/08/07 17:12:56

 ზემო იმერეთის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ შეუსწავლელი და აუთვისებელია. რაჭის ქედის მიმართულებით (ჩრდილოეთი ექსპოზიცია) გაცილებით მეტი რეკრეაციული ობიექტია, ვიდრე მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროსა და ძირულის კრისტალურ მასივზე.


 ბოლო პერიოდში პროფესორი გიორგი დვალაშვილის მეთაურობით დაიწყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამოკვლევა გეოგრაფიულ-რეკრეაციული თვალსაზრისით. მან მნიშვნელოვანი კვლევები გააკეთა ამ მიმართულებით და პრაქტიკულად მარშრუტებიც განახორციელა.


 სოფელი ხრეითი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰიფსომეტრიის სოფელია ჭიათურაში, რაჭას ესაზღვრება. ხრეითი-შაორის მარშრუტი საინტერესოა იმით, რომ რამდენიმე საინტერესო გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული ძეგლია ამ მიმართულებით და უცხოელების გარდა თვით ქართველებსაც აოცებს. სამწუხაროდ, ამ მარშრუტს არ იცნობს ძალიან ბევრი ადამიანი და მისი პოპულარიზაცია არ ხდება საერთაშორისო მასშტაბით.


 მსოფლიოში რამდენიმე მოქანავე ლოდია. აქიდან ორი საქართველოშია. წალენჯიხაში მდებარე ,,ქუაქანცალა“ 10 ტონამდეა, ხოლო ხრეითში ,,ქვაყუნტია“ 8 ტონაა. ,,ქვაყუნტიას“ ბუნებრივი ძეგლის სტატუსის მინიჭება გიორგი დვალაშვილისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა ინტერესია და ისინი ფიქრობენ, რომ ხრეითში არსებული მოქანავე ლოდი დაცულიც იქნება სახელმწიფოს მხრიდან და საზოგადოების ინტერესიც გაჩნდება მის მიმართ.


,,საყინულედ წოდებული კარსტული ჭა დაახლოებით 20 მეტრის სიღმისაა და იქ ყინული აგვისტომდე იყო ხოლმე. გლობალური დათბობის გამო წელს აგვისტოში ყინული აღარ დაგვხვდა, მაგრამ საინტერესოა ის მნახველებისათვის წლის ნებისმიერ პერიოდში. აუცილებლად დააინტერესებს ,,ველური“ ტურიზმის მოყვარულებს ,,შეყილაძეების მღვიმე“, რომელიც 1, 5 კილომეტრზეა გამოკვლეული, აქვეა რამდენიმე მიწისზედა და მიწისქვეშა ტბა, ვოკლუზები, ზეციხე და ქვეციხე, სპარიეთის ეკლესია. მდინარე ბუჯა იკარგება მიწისქვეშ ხეჯირკის მღვიმეში და შემდეგ გამოდის ,,კარიან კლდეში“ ბევრად უფრო მეტი დებიტით, როგორც ჩანს, მიწისქვეშ მას უერთდება წყალი“,_ განაცხადა ჩვენთან საუბარში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ვალერი კაპანაძემ.


 საინტერესოა ასევე ე.წ. შავმორევა (შემორევა), რომელიც, სავარაუდოდ, მდინარის ხეობის გადაკეტვით წარმოქმნილი ტბაა. თქმულებების მიხედვით, ამ ტბის ფსკერზე შენახული იყო სოლომონ მეფის საგანძური (ისტორიაში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ სოლომონის სახელით ცნობილი მეფეები არ ფლობდნენ დიდ სიმდიდრეებს) და ამის გამო იყო სურვილი, რომ ტბა დაეშროთ, თუმცა ეს არ მოხერხდა. ასევე, გასული საუკუნის 90-იან წლებში მყვინთავებიც მოუყვანიათ, თუმცა განძი ვერავინ იპოვა.


 კლიმატური თვალსაზრისითაც იმერეთის ეს ზონა განსაკუთრებულია. დასავლეთ საქართველოში უმეტეს ტერიტორიაზე ბზის კორომები დაავადებულია, ხოლო ხრეითის მიმდებარედ ამ მცენარეს არ ემუქრება (ჯერჯერობით მაინც) გადაშენება და დაახლოებით 25 სანტიმეტრის დიამეტრის ბზები ქმნიან მცირე კორომებს.


 თუ ხრეითი-შაორის მარშრუტი იქნა სათანადოდ ათვისებული (დაინტერესებულია ადგილობრივი ბიზნესმენი ბესო ლოლაძე), მაშინ შესაძლოა, რომ ამ მონაკვეთზე მოხდეს საზაფხულო და საზამთრო კურორტების მოწყობა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია