დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
კაზანტიპი - არ შეგეშინდეთ!
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/08/07 17:04:35

კაზანტიპის კონცხის მიხედვით დარქმეულ ფესტივალს მცირე, მაგრამ საინტერესო ისტორია აქვს. ყირიმის ატომური ელექტროსადგურის დაუსრულებელ ტურბინაში მოწყობილმა პირველმა ღონისძიებამ ტრანსფორმაცია განიცადა და უკვე ანაკლიაში აბრიალდება ეროსის ცეცხლი, რომელსაც ელექტრონული მუსიკა ,,მოკაზმავს“.


 ჩვენდა ჭირადაც დაიპყრო რუსეთის ფედერაციამ ყირიმი, თორემ ამდენი სავიშვიშოც არ გვექნებოდა. ტექნო და ტრანს მუსიკას წლებია უსმენენ ყირიმში და  სოდომის ცეცხლი  არ დასცემია იქაურობას ამის გამო (რელიგიური ექსტაზით გაბრუებულნი კი ამბობენ, რომ რუსული ინტერვენცია ცოდვათა გამო დაატყდა უკრაინასო, თუმცა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს წართმევას კაზანტიპს ვერ აბრალიან).


 ელექტრონული მუსიკა, წესით, მუსიკათმცოდნეთა კრიტიკას ვერ უძლებს. ამას დაემატა ისიც, რომ სასულიერო პირები მას სატანურ ხელოვნებას უწოდებენ და რამშტაინი ( და არა მარტო ის) ლამის 21-ე საუკუნეში გამოცხადდეს თანამედროვე სატანად. განსაკუთრებული რიტმი, რომელსაც განაპირობებს 130 დან 160 დარტყმამდე წუთში (bpm,) ჯოჯოხეთური მუსიკისააო, გვეუბნებიან. ნამდვილად ვერ დავდებ თავს ამ მუსიკის ანგელოზისებურ თუ სატანურ ბუნებაზე, მაგრამ რიტმის ზრდა საუკუნეთა მონაცვლეობის თანხვედრილი პროცესია. ადრე სპიდომეტრის ციფერბლატი გაცილებით დაბალ ციფრებზე იყო გათვლილი, ახლა კი?! (ისე,ყველაზე მაღალი სიჩქარის ციფრი ერთი სასულიერო პირის ,,პრადოს“ სპიდომეტრზე შევამჩნიე, არადა, იყო დრო, როცა ჯორსა და ვირს სულ არ ჰქონდა ციფრული მოწყობილობანი!)

 

 ყვითელი ჩემოდნები, რომლის ჩალაგებასაც ყოველდღე გვთხოვს კაზანტიპის ფეისბუქის გვერდი, ბევრმა მოამზადა.


 პირველი ადამიანი, რომლის შესახებაც მქონდა ინფორმაცია, რომ მიდიოდა ანაკლიაში და ვიზაც ჰქონდა, ჩემი რესპოდენტია. ის ტრანსგენდერია და აივ ინფექციითაა დაავადებული. მეგობარმა მაჩუქა ვიზაო, მაცნობა ტელეფონით. შემდეგ აქით მომიბრუნდა კითხვით: ხომ არ წამოხვალ კაზანტიპზე, საინტერესო სანახავი იქნები შიშველიო! სახტად დავრჩი, რადგან არ მეგონა, თუ ,,პრაგმატული“ ხედვითაც  მიყურებდა ადამიანი, რომელსაც სკანდალებით აქვს ცხოვრება სავსე. აქვე დავძენ, რომ ძალიან ბევრი ცნობილი სახე დაშანტაჟებულია მისგან, რადგან აქვს პორნოგრფიული ვიდეოჩანაწერები და რამდენად ბრიყვი უნდა იყო ადამიანი, რომ მას რომელიმე ფესტივალზე თუნდაც ხელი ჩამოართვა?


 უმეტესად, ქართველი ვაჟები და სექსუალური უმცირესობები მიდიან კაზანტიპზე. მეგობარმა გურიიდან ახლახან დამირეკა და მითხრა: წელს თხილს კარგი ფასი აქვს, კილოგრამში 5 ლარს იხდიან და ბიჭები გაფაციცებით აგროვებენ თხილის ფულს, რომ კაზანტიპზე ნაშების ,,დასაკერად“ წავიდნენო. თიბისი ბანკის ტერმინალებით უკვე სამას ლარად შეიძლება იყიდო ბილეთი და 60 კილო თხილის გაყიდვა უწევთო.


 მართალი ყოფილან ისინი, ვინც იძახდნენ, რომ საქართველოში განათლების და სექსის დეფიციტია. ვისაც თუნდაც ერთხელ მოუგროვებია თხილი, იცის, თუ რამხელა შრომა სჭირდება მის სასაქონლოდ მომზადებას და საკაზანტიპედ მისი ,,განბნევა“ ერთოდ დიდი საცოდაობაა.


 წახვალ თუ არა კაზანტიპზე, რომ შეგეძლოთ?_დავსვი ასეთი კითხვა და პასუხების სამი ვარიანტი წამოვიდა: 1.დიახ, რომ შემეძლოს. 2. არა 3. მივდივარ

 ამ პასუხებს მოჰყვა აღშფოთება (ევროკავშირისა და აშშ-სგან ეს მაინც ვისწავლეთ კარგად): ტრადიციებს გვართმევენ, ეროვნულ სახეს ვკარგავთ, შვილები გვითახსირდება, ირყვნება ქართული ფასეულობები და ათასი მსგავსი.


 აქვე ვსვამ მარტივ კითხვას: მოსაწევი, თრობა და ელექტრონული მუსიკა ღამის კლუბებისთვის დამახასიათებელია. მაინცდამაინც კაზანტიპი გვათახსირებს და ეს ღამის ,,ქლაბები“ არა? ახლახან ერთ პატარა პროვინციულ ქალაქში, დღისით, მზისით, თრობისა და ელექტრონული მუსიკის გარეშეც კარგად ერთობოდა წყვილი_ბიჭმა კინაღამ კუჭის წვენი ამოუღო გოგოს კოცნით. დიდ ქალაქებში, სადაც კომპლექსი ნაკლებია, იქ ალბათ კუჭის წვენის გარდა სხვა რამეების ამოქაჩვას ახერხებენ.


 გასაგებია, რომ გათახსირება პროგესირებადია და თანამედროვე ტექნოლოგიებმა ფორმები უფრო დაუხვეწა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ტელეფონით ,,დაკერავს ნაშას“ თუ სკაიპით? ეგებ იმ თაობას ნაკლებად აქვს უფლება ზნეობის მასტერკლასები ჩაატაროს სოციალურ ქსელებში, რომლებიც 37 მანეთად გადაფრინდებოდნენ ხოლმე სლავი მდედრებისა და საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად?


 ,,ხომ არ წახვალ, როლანდ, კაზანტიპზე“, _ ამ შეკითხვაზე დაუფიქრებლად ,,ნოუ“ ვუპასუხე რედაქტორს. მართალია, ბევრი მიცნობს, რამდენად უკომპლექსო ვარ და ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი ,,განსვენება“ ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ საკაზანტიპედ ჩემი თავი არ მემეტება, რადგან კოლექტივი და კოლექტიურობა მაინცდამაინც არ მომწონს. ,,შედი ბუტკაში“ ან ,,შედი კოლექტივში“ ჩემთვის ერთი და იგივეა. მასკულტურა და მასსექსი ჩემნაირი ბუნების ადამიანებისთვის მიუღებელია!


 არასდროს თქვა ,,არასოდეს“,_ჭეშმარიტებაა. მაშ, როდის და რა პირობებში წავიდოდი კაზანტიპზე?! პირობა ასეთია (ირონიით):

თუ ჩემი პარტნიორი იქნება ქალწული (ზოდიაქოთი მაინც); ექნება ორი ვიზა კაზანტიპისათვის (ჩემთვის და თავისთვის0, ბევრი ,,მწვანე“ და თანამედროვე ტიპის სედანი ან კაბრიოლეტი (ჯიპი არ მინდა, ვიკარგები მასში). ჭკუა თუ არ ექნება, ეგ არაფერი!


 სად მიდიხარ და სტამბოლშიო, ადრე ასე ამბობდნენ. ან კიდევ: შენ წახვედი ჯანდაბაშიო (ასეთი სახელის ადგილი ყოფილა ირანში, სადაც ძნელი ყოფილა მოხვედრა). ადამიანი თავისუფალი ნების არსებაა და სადაც უნდა, იქით წავა.


 ისე, ანაკლიას სახელი როგორ დაერქვა? უწინ აქიდან გაჰყავდათ გატაცებული გოგო-ბიჭები გასაყიდად და ერთხელაც რომელიღაც ანას იმხელა ხმაზე უკივლია, რომ გლეხებს გაუგონიათ. ოყიანი თოხებით შეიარაღებულებ გლეხებს ტყვეთა გამტაცებლები დაურბევიათ და მოყვირალი ანა გაუთავისუფლებიათო (ვინაც იცის მეგრული, ტოპონიმის შინაარსსაც ადვილად გაიგებს). მორალისტები ახლა ამასაც ამბობენ: ეგ ადგილი ყმაწვილების ცრემლით იყო განბანილი და ახლა ანაკლიის მაგივრად სანაკლიო (ნაკელი_როგორც უწმინდურების სიმბოლო) დაარქვანო. ან კიდევ, ამ ფულებით როგორ შეიძლება ,,ჯიბის“ შევსებაო... ისე, მახსენდება რომელიღაც იმპერატორის გამონათქვამი_ფულს სუნი არ ასდის, თუნდაც ის საზოგადოებრივი ტუალეტების გადასახადებით იყოს ამოღებულიო!


 ჩემმა ერთმა ენაკვიმატმა მეგობარმა გინების ახალი ფორმატიც მოიფიქრა: მაგის დედა ვნახე კაზანტიპზე!

 

 შეგონება: როგორც ქუხს, ისე არასდროს წვიმს. ანუ: კაზანტიპით არც ერი გათახსირდება, არც ბიუჯეტი აივსება გადასახადებით... 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია