საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეშფოთებულ ევროპის სახალხო პარტიას შეშფოთებული "ქართული ოცნება" პასუხობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/06 20:35:25

ფრაქცია „ქართული ოცნება“ შეშფოთებულია იმ ფაქტობრივად გაუმართავი და მიკერძოებული განცხადებით, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ გააკეთა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალის წაყენების შემდეგ. ჩვენს შეშფოთებას იზიარებს მთლიანად „კოალიცია ქართული ოცნება“.


2014 წლის 1 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ამბობს, რომ ბატონი სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი „გაუმართლებელია“, უკავშირდება „მის მოღვაწეობას უკრაინაში და უკრაინის ხელისუფლებისათვის გაწეულ დახმარებას“ და რომ ბრალდებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და „მიუთითებს ხელისუფლების მიერ ასოცირების შეთანხმების არასერიოზულად აღქმაზე“.


უპირველეს ყოვლისა, განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება უკავშირდება მის აქტიურობას უკრაინაში არათუ არ შეესაბამება სიმართლეს, შეურაცხმყოფელი და პოლიტიკურად გაუწონასწორებელიცაა. მთავარი პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების ორ ინციდენტს, რომელმაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გამოიწვია (სსსკ მუხლი 333 პარა.3). კერძოდ, (1) ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას 2007 წლის 7 ნოემბერს და (2) 2007 წლის ნოემბერში კერძო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიციის მიერ მოწყობილ რეიდს და მის უკანონო ექსპროპრიაციას სახელმწიფოს მიერ.  


მეორე, ბრალდებების „გაუმართლებლად“ მიჩნევა ნიშნავს მოცემულ საქმეზე არსებითად მსჯელობას, რაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. როგორც აღვნიშნეთ, წაყენებული  ბრალდებები მოიცავს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს და საქართველოს კანონმდებლობით მთავარპროკურატურას უშუალოდ ევალება მათი გამოძიება. მთავარიპროკურორი ვალდებულია გამოვიდეს როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლოში აღნიშნული საქმეების განხილვისას მათ წინააღმდეგ, ვინც მტკიცებულებების მიხედვით იქნა მიჩნეული იქნა ბრალდებულად. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას საქმის დროული გამოძიებისაკენ (იხ. მაგ. Human Rights Watch, International Crisis Group, Transparency International Georgia, Amnesty International, ევროსაბჭოსა და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის 2007 წლის ანგარიშები).


შეგახსენებთ იმასაც, რომ 2007 წლის 29 ნოემბერს ევროპულმა პარლამენტმა, ევროპის სახალხო პარტიის მონაწილეობით მიიღო რეზოლუცია და „მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უხეშ დარღვევებზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ, კერძოდ კი, სამართალდამცავი პირების მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენების ბრალდებების შესწავლა, რათა გამოვლენილი და გასამართლებული იყოს ყველა პასუხისმგებელი პირი და შეეფარდოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი“.


მესამე, თუკი ბატონი სარიუშ-ვოლსკი ან ევროპის სახალხო პარტია წაყენებულ ბრალდებებს „გაუმართლებლად“ და „პოლიტიკურად მოტივირებულად“ მიიჩნევს, ეს სერიოზული ბრალდებაა საქართველოს წინააღმდეგ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით.

 

როგორც კომისარმა ფულემ აღნიშნა, „ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობას წარსული დანაშაულების გამოძიების თაობაზე და იმედი აქვს რომ აღნიშნული განხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროპული ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში, ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება  მართლმსაჯულების განხორციელება ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ადგილი არ უნდა ქონდეს დაუსჯელობასაც“. შესაბამისად, თუკი ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანონის უზენაესობას საქართველოში, უნდა დაასაბუთონ კიდეც, რომ დარღვეულ იქნა სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიმართლმსაჯულების განხორციელებისას. ამჟამად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენებით სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევას. არ გვინდა დავუშვათ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი მოითხოვს კონკრეტული პირების კანონზე მაღლა დაყენებას.


დაბოლოს, გაკვირვებას იწვევს ბრალდება იმის თაობაზე რომ „მთავრობა სერიოზულად არ აღიქვამს ასოციაციის შეთანხმებას“. შეგახსენებთ, რომ ბატონ სააკაშვილს ბრალი წაუყენა მთავარმა პროკურორატურამ და არა საქართველოს მთავრობამ. ჩვენი ღრმა რწმენით, სამართლიანი სასამართლო პროცესი და კანონის წინაშე თანასწორობა ძირითად ევროპულ ფასეულობებს წარმოადგენს. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ტარდება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი  რეფორმების ფართო სპექტრი, მათ შორის ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ყოვლისმომცველი ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა, განხორციელდა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და სხვ. 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რომლის სრული და სწრაფი იმპლემენტაცია საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს.


საქართველომ და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ინვესტირება განახორციელეს დემოკრატიზაციის და ინსტიტუტების აღმშენებლობის პროცესში, რითაც დღემდე შეინარჩუნეს და განავითარეს ორმხრივად  სასარგებლო ურთიერთობები. გვჯერა რომ ეს პროცესი არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.


გამოვთქვამთ რწმენას, რომ ჩვენი კოლეგები ევროპის სახალხო პარტიიდან, დანარჩენ ევროპელ მეგობრებთან ერთად, უზრუნველყოფენ საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვირდების პროცესზე ხანგრძლივ და კონსტრუქციულ ზედამხედველობას ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრონციპების სრული დაცვით.  დაუშვებელია, რომ ნაციონალური მოძრაობისადმი სახალხო პარტიის პოლიტიკური სოლიდარობა კანონის უზენაესობის უგულებელყოფის მოთხოვნებში და საქართველოს საზოგადოებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატებოდეს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია