საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
რა უნდა დავამსხვრიოთ ქართველებმა?!
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/07/23 20:45:38

პათოლოგიური სიამოვნება ახლავს მსხვრევასა და განადგურებას. უნდა დავამატო, რომ პოსტსაბჭოურ სამყაროში ასეთი ტიპის სიამოვნებას კიდევ ემატება ნეგატიური განშტოებანი. სამაგილითოდ მოვიყვან ასეთ მაგალითს: ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სამრეწველო ქალაქ ჭიათურაში როცა დაანგრიეს ,,ჭიათურმანგანუმის“ უფუნქციო ქარხნები, წუწუნებდა ხალხი, ეს რა გრანდიოზული შენობები დაანგრიეს, კაპიკებად იყიდეს და იმდენი ჯართი ამოიღეს, ნეტავ ჩემი ყოფილიყოო. თუ დასანგრევად გენანება, ნანგრევები რატომ გინდა? ეს უკვე სამწუხარო განშტოებაა, ისევე, როგორც შემდეგი შემთხვევა: როცა გლეხს ძროხა მოუკვდება და მკვდარ პირუტყვსა და ზარალს კი არ დარდობს, არამედ იმას, რომ მეზობელს დარჩა ძროხა!


 საქართველოში ბევრს ისევ შერჩა პროლეტარული აზროვნება. კომუნისტურმა ეპოქამ ვერ შეძლო სიმდიდრის, როგორც კატეგორიის, ხალხისათვის შეძულება (რადგან ადამიანს მიდრეკილება კომფორტისაკენ აქვს და კომფორტი სიმდიდრის გარეშე არ იქმნება). სამაგიეროდ, შეაძულა მდიდარი ხალხი, ისევე,  როგორც თავის დროზე ბოლშევიკებმა  ქრისტიანობა ვერ შეაძულეს ხალხს, მაგრამ შეაძულეს სასულიერო პირები. მახსენდება ჩემი  ბავშვობისდროინდელი რეალობა, პარტიული ბილეთით მოყოყლოჩინე კომუნისტები ქადაგებდნენ პროლეტარულ იდეოლოგიას და ამ დროს ბანკში კაპიკს კაპიკზე აწებებდნენ, ყიდულობდნენ ძვირფას ნივთებსა და უძრავ ქონებას. დატაცება და მომხვეჭელობა გასული საუკუნის ფინალურ ათწლეულებში კიდევ უფრო გამძაფრდა. ბევრმა შეძლო ქონების იმ ოდენობით დაგროვება, რომ მომდევნო თაობებს უზრუნველი მომავალი შუქმნეს.


იმერეთში არსებობს ასეთი გამოთქმა: ბალამწარა სანამ ტყავდება, მანამდე უნდა გაქერქოო. ვიდრე ტყავდებოდა სოციალისტური ქონება, არავინ დააკლო ზედმეტნაკლებად ხელი, შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა ეს ზედმეტნაკლებობა იყო რიგი უსიამოვნების საფუძველი. კოლმეურნეობის სამი მნიშვნელოვანი ფიგურა: თავმჯდომარე, ბუღალტერი და ფერმის გამგე კარგა ხანს ერთმანეთს უბღვერდნენ იმის გამო, რომ გადანაწილდა ,,დოლიები“ და გულნაკლულად იყვნენ წილების რაოდენობის გამო, არადა, ის, რაც მათ სახლში წაიღეს, რიგითი კოლმეურნეების შექმნილი იყო და არა - კაბინეტში გამოკეტილი ფუნქციონერების. რიტორიკული შეკითხვაა: უნდა დაინგრეს თუ არა პროლეტარული აზროვნება?


 ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანი დაახლოებით 12 წლის ასაკში იწყებს ფიქრს მეობაზე. ამ პერიოდიდან არა მარტო სქესის თავისებურების გამოკვეთა ხდება, არამედ, პიროვნული თვისებების საფუძვლის ჩაყრაც. ხშირად ამ ასაკში ბავშვები ფიქრობენ, რომ ნაკლები პრეტენზია უნდა ჰქონდეთ. ეს ნაკლები პრეტენზია გამოიხატება ,,სვეცკური“ ჩაცმით და კვებით, რასაც ასაკის მატებასთან ერთად, ემატება ბევრი ნიუანსი: დასვენება და განათლება საზღვარგარეთ, სექსი და დაოჯახება ,,კაი ოჯახის შვილზე“. თუ ამის იქით კიდევ იფიქრებს რამეზე ადამიანი, ის უკვე ,,პრეტენზიულია“!


უმეტესად, ადამიანი მაღალ მატერიებზე ფიქრისგან თავს უნდა იკავებდეს, რადგან ეს მხოლოდ პროფესორების საქმეა! თეატრში არ უნდა დადიოდეს ადამიანი, რადგან იქ ისეთ რამეებს აჩვენებენ, რომელიც მინიმუმ ათწლეულებისაა და ე.ი. ვადაგასული! სამაგიეროდ, სერიალებია ახალთახალი და იოლად ხელლმისაწვდომი. ჩართავ ტელევიზორს და უყურე ნახევრადტიტველ ქალებს, გარეგნობით შერჩეულ მაჩო მსახიობ კაცებს, რომლებიც დაკავებული არიან უმარტივესი საქმით, მაგრამ ემოციებს მაინც აღძრავენ, რადგან იქ არის სექსი, ღალატი, შვილის დაკარგვა და ფინანსური მაქინაციები! სად თეატრის გზის გავლა და 5 ლარის გადახდა და სად ტელევიზორის ყურება? ამ 5 ლარად შეგიძლია ფუთი ყავა მოიდუღო ან კიდევ ლუდი ამოიტანო მაღაზიიდან, რომელსაც სიგარეტსაც მიაყოლებ! თეატრში ბოთლს ვერ მოიყუდებ, ვერც ,,პირველს“ გააბოლებ, მით უფრო, ვერც მდარეხარისხიან ყავას მოწრუპავ და მის ნალექზე ვერ იმკითხავებ!


 სულ ვწუწუნებთ იმაზე, რომ ევროპასა და ამერიკაში კარგი ცხოვრებაა, მაგრამ რით მიიღწევა ეს კარგი ცხოვრება, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. გადასახადი და ჯარიმა განაპირობებს ბენილუქსის ქვეყნების (და არა მარტო ამ ქვეყნების) სანეტარო მდგომარეობას! გადასახადი რომ გადაიხადო, უნდა მუშაობდე. მუშაობა კი გვეზარება! ნურავინ იტყვის, რომ სამუშაო არ არის. მიწაზე მუშაობა არ გვინდა, ვერც ბოსლის სუნს ვიტანთ (მართალია, თოხნას კონდიცირებულ კაბინეტში ყოფნა სჯობია და ძროხების გამოწველას - შანელი #5-ის სურნელი!), მაგრამ ვფიქრობთ კი იმას, რომ ვერც კაბინეტში ჯდება ადამიანი ადვილად და არც შანელია ადვილად ხელმისაწვდომი?


ისე, ცოდვა გამხელილი სჯობია. გადასახადების გადახდა არასასიამოვნო ფაქტია. მეც მიწუწუნებია იმაზე, რომ 200 ლარზე მეტი საშემოსავლოს დაქვითვა ძალიან მტკივნეულია. ბუნებრივია, რომ ამ გადასახადებს ვიხდი, მაგრამ იქვე ვაკეთებ კალკულაციას. 65 წლის ასაკში, როცა პენსიაში გამიშვებენ, მექნება 48 წლის სტაჟი და რაც სოციალური სახდელები მექნება გადახდილი, მის მობრუნებას ვერაფრით ვერ შევძლებ (თუმცა გულის სიღრმეში ვნატრობ, რომ მქონდეს უზრუნველი სიბერე, რომელსაც პენსია შემიქმნის)!


გადასახების თავიდან აცილების მიზნით რას აღარ მოიფიქრებს კაცი! ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა არჩია ,,მუთაქისათვის თავის მოხსნას“, არაერთმა ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა გადასახადების დამალვის ნაირგვარი მეთოდები შეიმუშავეს! თუ გადასახადი არავინ გადაიხადა, როგორ გვინდა ქვეყნის მოწყობა?


რაც შეეხება ჯარიმას, ეს ცალკე თემაა! თუ ნასვამს პატრული შეგვამჩნევს საჭესთან, ან ღერძულა ხაზს გადავკვეთთ, მაშინვე მოდის სიბრაზე ჩვენგან! ეს რა მკაცრი და არაადამიანური კანონებია, რა საშინელი ჯარიმებია! ისე, ჩვენ გვაქვს მენტალობაში ინერცირებული, რომ მხოლოდ მაშინ ხარ მაგარი ,,დრაივი“, თუ ლიტრობით დაგილევია ალკოჰოლური სასმელი, სიგარეტსაც ეწევი და მობილური ტელეფონითაც საუბრობ საჭესთან და თან მოძრაობის წესებსაც არღვევ! ისე, ეს სტერეოტიპიც დასანგრევია!


 დალაი ლამა ამბობდა: ,,მწუხარება არის ზუსტი მითითება იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება უნდა შევცვალოთ“. ამდენი დაღვრემილი სახე, რამდენსაც ჩვენს ირგვლივ ვნახავთ, ალბათ დედამიწის ბევრ ქვეყანაში ,,ვერ შეაგროვებთ“.


თუ ლამას დავუჯერებთ, მაშინ უნდა შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. ვცდილობთ კი ამას?! შვილები ფიქრობენ, რომ მშობლებმა უნდა მოახერხონ მომავალი თაობის უზრუნველყოფა. მშობლებიც თვლიან, რომ მუდმივად უნდა იზრუნონ შვილებზე. რატომღაც გვავიწყდება, რომ თუ სიყვარულია, ის უნდა იყოს უპირობო და დამოკიდებულებათა გარეშე. დამოუკიდებლობის შვილისათვის მინიჭება ქართველი მშობლისათვის ტრაგედიაა. ამით მშობელს ,,გამოელევა საქმე“ და სანერვიულო! ალბათ, ჩვენ აღმოგვაჩნდა უნიკალური ნიჭი იმისა, რომ თუ სანერვიულო არაფერი გვაქვს, იმაზე მაინც ვინერვიულოთ, რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს! დასანგრევია ეს მიდგომაც. შვილი მარტო იბადება, ის ინდივიდია და მას სჭირდება თავისუფლება, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მივყვეთ სივთან ერთად სამსახურის დასაწყებად ჩინოვნიკთან, ჩვენგან შეუთანხმებლად არ უნდა შეარჩიოს გულისსწორი და, მგონი, ძილის რეჟიმიც მშობლის გარეშე არ უნდა შედგეს!


 დასანგრევი, ვფიქრობ, ბევრი სტერეოტიპი  გვაქვს. როდის და ვინ დაგვაწყებინებს ამ ნგრევას? არც არავინ... საზოგადოების ყველა წევრმა უნდა ვიცოდეთ, რომ შენს მოსაგლეჯ ნარს სხვა ხელს არ მოკიდებს!


 

 ისე, ყველა ხელოსანი ამბობს, რომ ძველის დანგრევას და ნანგრევებისგან ახლის აგებას სჯობია სრულად ახალი მშენებლობის წამოწყება. ახლა ფრანსუა რაბლე არ გვყავს, რომ ყველაფერი სქოლასტური დაგვავიწყოს და ნოვაციური დაგვაწყებინოს. ისე, რაბლემ ეს მხოლოდ ფურცლებზე შეძლო, თორემ გარგანტუების და პანტაგრუელების მეტი რაა ამქვეყნად?!


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია