დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგა პიპინაშვილი: „აიფონის თაობა მოდის და ეს ბევრ რამეს წალეკავს“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/07/14 15:55:44

„ჰელადოსი“ - ასე ჰქვია სპექტკალს, რომელიც  საყმაწვილო სტუდია „სიცოცხლის ხემ“ ქუთაისში ჩამოიტანა. წარმოდგენაში ცნობილ მსახიობებთან ერთად 23 შეუზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი მონაწილეობდა. სტუდიის დამაარსებელი და რეჟისორი გოგა პიპინაშვილია.

 

ინტერვიუების ნაკლებად მოყვარული მსახიობი გოგა პიპინაშვილი გაზეთ „P.S.“-სთან იმ თემებზე ალაპარაკდა, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურას და თაობათა ურთიერთობას ეხება. აღმოჩნდა, რომ მსახიობს ყველაზე მეტად ადამიანური ურთიერთობების დეგრადაცია აწუხებს და სწორედ ამიტომ თავის სტუდიაში, სადაც უნარშეზღუდულ ბავშვებზე ზრუნავს, ტრადიციებზე საუბარს არცთუ ცოტა დროს უთმობს.

 

 

- ბატონო გოგა, რას გვეტყვით თქვენს სტუდიაზე?

20 წელია, რაც ეს სტუდია არსებობს. ეს არის ინტეგრირებული ტიპის  სასწავლო ცენტრი, სადაც ყმაწვილები ხელოვნების სიყვარულს ეუფლებიან. საერთოდ, ძალიან არ მიყვარს სიტყვა შეზღუდული შესაძლებლობის გამოყენება, ეს ბავშვები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყელაზე კარგი ის არის, რომ ისინი სხვა, ჯანმრთელობის მქონე ბავშვებთან ერთად სცენაზე ისე თავისუფლად დგანან, რომ, თუ თქვენ სპექტაკლზე შეატყობთ და გამოარჩევთ მათ დანარჩენებისგან, მე, საერთოდ, უარს ვიტყვი მსახიობობაზე. ისინი ძალიან კარგები არიან, მათი შესაძლებლობები შეუზღუდავია. შეწყალება-შებრალების თემებს იმდენად მივეჩვიეთ, იმდენად ხშირად ვახსენეთ, რომ ჩვენ თვითონ გავრიყეთ ეს ადამიანები. ვფიქრობ, რომ, ბოლოს და ბოლოს, თბილისში იქნება ინტეგრირებული ტიპის თეატრი. თუ ღმერთი ინებებს და ხელშეწყობა იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ აქ იქნებიან ასეთი ბავშვები, დიდებიც და ჩვეულებრივი მსახიობებიც. რამდენიმე  სპექტაკლი გვაქვს ერთად ნათამაშევი, მეც ვმონაწილეობდი ამ ბავშვებთან ერთად.  გვაქვს კიდევ ერთი დაუწერელი კანონი - პიესა, რომლის დადგმასაც ვაპირებთ ერთობლივად, ბავშვებთან ერთად იწერება და წარმოდგენა არ გვაქვს, რა გამოგვივა. უბრალოდ ვცდილობთ, თითოეულმა თავისი შესაძლებლობა წარმოაჩინოს.

 

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებში ყველაზე დიდი რაოდენობით არის გაბნეული სიკეთის ის მარცვლები, რასაც ტოლერანტობა და ურთიერთგაგება ჰქვია, ამ მოტივით შევარჩიე მისივე ნაწარმოები „ჰელადოსი“  და ქუთაისში ჩამოვიტანე. ვფიქრობ, ეს არის სპექტაკლი, რომლის ნახვაც ყველა თაობისთვის მნიშვნელოვანია. მსახიობები არიან ნანა შონია და თეიმურაზ გვალია, რომელთა გვერდით 25 პატარა მსახიობი დგას, მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენიც. მუსიკა ეკუთვნის რომა რცხილაძეს, სპექტაკლი უკვე დავდგით თუმანიშვილის სცენაზეც, რასაც დიდი ანშჰლაგი მოჰყვა, „ჰელადოსი“ თვის ბოლოს კვარიათში დაიდგმება, სადაც ჩვენი პატარა მსახიობები რამდენიმე დღით დაისვენებენ კიდეც.

 

- რა არის ის, რასაც აუცილებლად ითხოვთ მსახიობისგან?

 

- ურთიერთპატივისცემას. მე თუ დავინახე გოგო, რომელიც დეკორატიულ სცენას ათრევს და ბიჭი იქვე დგას და უყურებს, ის ბიჭი, რა გინდ კარგი სამსახიობო შესაძლებლობები ჰქონდეს, ჩემთან ვერ გაჩერდება. გეტყვით, რომ გვაქვს პირდაპირი ლაპარაკი იმაზე, რა ევალებათ ვაჟებს და რა გოგონებს. როცა ვეხებით სხვადასხვა თემას, სავარჯიშოს და დავალებას, ძალიან ხშირად გვჭირდება დამატებითი რეკვიზიტი, კუბიკი, გადაადგილება და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად ვაჟების გასაკეთებელი და პირველი, რასაც მოვითხოვ მათგან, არის ის, რომ გოგონას უნდა სცენ პატივი. შესაბამისად, გოგონებმაც უნდა დააფასონ ეს და ანალოგიური პატივი სცენ თავიანთ მეგობრებს, ანუ ვაჟებს.

 

- რას ფიქრობთ ქართულ ტრადიციებზე და თანამედროვეობაში მათ ადგილზე?

 

არის რაღაცები, რაც ძალიან მისაღებია, მაგრამ ჩვენს ტრადიციულ თემებში არის ისეთი ასპექტებიც, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს მოდის უფრო ძველი ტრადიციებიდან, რომლებიც შემდეგ გავაფუჭეთ. 1 500-კაციანი ქორწილები, დაკრძალვები და ა.შ. არ მომწონს. ადამიანებმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა ისწავლონ ტკივილის გაზიარება და არა ქეიფი. ქეიფი არავის ეშლება. ეს ერთი თემაა, რომელიც ჩემზე ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს. არ ვარ თანამედროვეობის წინააღმდეგი, მაგრამ უკომპლექსობა უზრდელობაში არ უნდა აგვერიოს. მიყვარს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, რადგან ის ყველა ასაკის და თაობის ადამიანს ასწავლის ყველაზე კარგ რამეს ადამიანობას, კაცურკაცობას, თანამედროვეობამ არ უნდა შეიწიროს ჩვენი ტრადიციები და კულტურა, დღეს ბებოს და შვილიშვილის ურთიერთობაც კი სასწავლებელია. რაღაც დაგვემართა, მერწმუნეთ, ეს შემოსაბრუნებელია, აიფონის თაობა მოდის და ეს ბევრ რამეს წალეკავს. მე არ ვარ პროგრესის წინააღმდეგი, მაგრამ მან არ უნდა შეიწიროს ჩვენი ტრადიციები, ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთის შრომის დაფასება. მაღიზიანებს ახლანდელი მოზარდების ლექსიკა. შეიძლება ნახოთ არაჩვეულებრივი შესახედაობის გოგონა და ბიჭი როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან: „შე   დეგენერატო“,   „შე დებილო“,  „შე კრეტინო“, „შე დამპალო“... ნახეთ, როგორი სიტყვებია! მერე შესაძლოა, ამ ადამიანებს ერთმანეთი შეუყვარდეთ და ურთიერთობა ზუსტად ასე გაგრძელდება.

 

- როგორ ფიქრობთ, სად არის წარმატების გასაღები?

 

- წარმატების ფორმულა არ არსებობს, წარმატება თავად უნდა შექმნა. მთავარია, ადამიანმა დაიჯეროს ის, რასაც აკეთებს, ქმნის თუ ასე შემდეგ. მთავარია რწმენა და შემდეგ სხვა დანარჩენი. თუ ადამიანს სჯერა, რომ ის იმ საქმისთვის გამოდგება, ე.ი. ეს მართლა ასეა. ზოგჯერ მინახავს ახალგაზრდა, რომელსაც მსახიობობა იმიტომ კი არ უნდა, რომ მას უნდა. არამედ უნდა იმიტომ, რომ მშობელმა გადაუწყვიტა ასე. ასეთი ადამიანისგან, ბუნებრივია, არაფერი გამოვა, რადგან წარმატება შემთხვევით არ მოდის. ხელოვან ადამიანს უნდა შეეძლოს ხელოვნების აღქმა ადეკვატურად, ყველა კი არ უნდა გაქანდეს თეატრში. საერთოდაც, მე მსახიობებს არ ვზრდი, მე მათ უბრალოდ ვასწავლი, როგორი უნდა იყოს კარგი მსახიობი. სცენაზე ასევე გენიალურმა მიხეილ თუმანიშვილმა დამაყენა.

 

- თქვენ თქვით, რომ მოზარდებს ასწავლით, როგორი უნდა იყოს მსახიობი, ჩვენც გვითხარით - როგორი უნდა იყოს?

 

- გეტყვით ერთს, ნამდვილი მსახიობი არასდროს  იცვლის პროფესიას,  არ ვიცი, მომავალში რა იქნება, სად ვიქნები და როგორ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ყოველთვის დავრჩები სცენის და მაყურებლის ერთგული.

 

- ვიცით, რომ გაქვთ შემოთავაზება საზღვარგარეთიდან, რა გეგმები გაქვთ, შესაძლოა, რომ დატოვოთ ქართული სცენა?

 

- მართალია შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ეს არ იქნება გრძელვადიანი, თან ჯერ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მაქვს გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა ამ შემოთავაზებას. მოკლედ გეტვით ერთი მათგანის შესახებ, ოქტომბერში იტალიაში მასშტაბური ფესტივალი იმართება, სადაც 35 ქვეყნის საყმაწვილო თეატრი იქნება მიწვეული, მოწვევა უკვე მეც მომივიდა, სურვილი მაქვს ჩემი ბავშვებით წავიდე,  მაგრამ გადაფრენით მზგავრობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გვაქვს, ავტობუსით კი ბავშვები ძალიან გაწვალდებიან. რა ვიცი, ვნახოთ, რა იქნება. შემოთავაზება ისრაელიდანაც მაქვს, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ მაქვს მიღებული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3732
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია