დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №20 (371), 22 – 29 მაისი, 2006 წელი
ქართული ბიზნესის „რკინის ლედი“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/07/09 14:50:34

მაია რჩეულიშვილი: „მე დაბადებული ვიყავი ბიზნესისთვის და არა პოლიტიკისთვის“

 

მაია რჩეულიშვილმა საზოგადოების სიყვარული, პატივისცემა და პოპულარობა ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როცა მეუღლესთან, ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად, სოციალისტი პოლიტიკოსის რთული ცხოვრებით ცხოვრობდა. ჩემი პირველი ინტერვიუც გაზეთ „P.S.“-სთვის ქალბატონ მაიასთან სწორედ 10 წლის წინ შედგა, როცა რჩეულიშვილები ქუთაისში საარჩევნო კამპანიის წარმართვის მიზნით იმყოფებოდნენ.  თუმცა, საბოლოოდ, მაია რჩეულიშვილის არჩევანი ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყდა და დღეს იგი, თავის დასთან, რუსუდან კერვალიშვილთან ერთად, უდიდესი სამშენებლო კომპანიის „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელია.  მაშინ კი ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ზუსტად 10 წლის შემდეგ, ქალბატონ მაია რჩეულიშვილთან, როგორც საქართველოში ყველაზე ცნობილ, მდიდარ და წარმატებულ ბიზნესმენთან, მომიწევდა ინტერვიუს აღება.

მაია რჩეულიშვილის პოპულარობა, მის მიმართ საზოგადოების სიმპათია და ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან მონაწილეობა მიიღო „რუსთავი-2“-ის რეალურ შოუში „იდეა, ფული და ერთი შანსი“. ამ პროექტის მონაწილე ხუთ ბიზნესმენს შორის მაია  რჩეულიშვილი ერთადერთი ქალი იყო და თანაც, საკმაოდ უჩვეულო გულუხვობით გამოირჩეოდა. მას მაყურებელმა სიყვარულით ქართული ბიზნესის „რკინის ლედი“ უწოდა.

 

„დიდ ბიზნესში მოდუნება არ შეიძლება, როგორც მეცნიერებაში არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის სქესს, ასევეა ბიზნესშიც. დიდი და კარგი საქმის კეთება ქალსაც შეუძლია და კაცსაც,“ - ეს სიტყვები მაია რჩეულიშვილისა და „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ცხოვრებისა და საქმიანობის მთავარ პრინციპად ითვლება. თუმცა, არსებობს ბიზნესში წარმატების სხვა პატარ-პატარა საიდუმლოებებიც. მათ გასაღებს კი იმ ინტერვიუში იპოვით, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ მაია რჩეულიშვილთან. 

 

- ქალბატონო მაია, ბიზნესმენობა თქვენი ფარული ტალანტი იყო? როდის აღმოაჩინეთ?

 

- აბსოლუტურად გახსნილი და ყველასთვის ძალიან შესამჩნევი იყო, სხვათა შორის ძალიან პატარა ასაკიდან, მაგრამ მაშინ (კომუნისტების დროს) ხომ ეს არ იყო მიღებული - ქალი და ბიზნესი შეუთავსებელი მცნებები იყო. ვაჭრობასთან უფრო იყვნენ ქალები დაკავშირებული - დიდი გასაქანი არ ჰქონდათ. აი, როგორც კი შესაძლებელი გახდა საქართველოში ცივილიზებული ბიზნესის დაწყება, იმ პერიოდში ლალიმ, ჩემმა მულმა, გახსნა მოსკოვში ავია-კომპანია „ლიდია“. ჩვენ გავხსენით აქ სააგენტო, პირველი დიდი ფული სწორედ მაშინ გამიჩნდა. მერე გავაკეთეთ რესტორანი „ევროპა“, მერე - კინოთეატრი „ამირანი“ და ნელ-ნელა სხვა ბიზნესიც განვავითარეთ. ყოველივე ამას წინ უძღოდა ე.წ. პრელუდია. მე, რაც დავიბადე, იმის მერე ვაგროვებ - სერიოზულად ვიყავი დაინტერესებული უძრავი ქონებით, აი, რაც გავჩნდი, იქიდან.

 

- მაინც რას აგროვებთ?

 

- ყველაფერს, რაც კარგია, ყველაფერს...

 

- მაგალითად?

 

- მაგალითები ბევრია.

 

- ბინებს რომ აგროვებთ, ვიცი... 

 

- ბევრ რამეს, ბევრს, განსაკუთრებით მეგობრებს. რომ იცოდე, როგორ გამიხარდა შენი ზარი და შენი ხმის გაგონება, არავის არ ვკარგავ. ვაგროვებ ნათესაობას, ვახოს მეგობრებსაც და რა ვიცი - რაც ლამაზია, ყველაფერს თავს ვუყრი...

 

- განსაკუთრებულად საყვარელი ნივთი თუ გაქვთ?

 

- არა, კუმირი ჩემთვის რომ იყოს რომელიმე ნივთი, მე არ ვიქნებოდი ბიზნესმენი. ჩემთვის ეს არის შემოქმედებითი პროცესი. უცებ რომ რაიმე ამოირჩიო და გაიფეტიშო, დამთავრდება იქ ყველაფერი. თუმცა, მაინც მაქვს გამორჩეულად საყვარელი და განსაკუთრებული შენაძენი - სინას მაცხოვრის ხატი, რომელიც ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ხატი. სინას მთაზე რომ ვიყავი სამი წლის წინ, აი, იქ, ეკატერინეს მონასტერში ვნახე და გავგიჟდი. მერე ჩემმა უახლოესმა ნათესავმა, ლიკა გიორგობიანმა ჩამოიტანა იქიდან და ხატმწერებს გავაკეთებინე დიდი ტილო. ეს ხატი შემდეგ სამების ტაძარს შევწირე და სამებაში რომ მივდივარ ხოლმე, იქ ვნახულობ. 

 

- ქალბატონო მაია,  როცა პოლიტიკაში იყავით, მაშინ ხშირად გითქვამთ ინტერვიუებში, რომ თქვენ სჭირდებით ვახოს საქმეს და თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვახოსთან ერთად ყოფნა, ვიდრე თქვენი პირადი საქმე. ახლა, როცა არც თქვენი მეუღლე და არც თქვენ პოლიტიკაში აღარ ხართ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის?

 

    

მაია რჩეულიშვილი შვილთან, დასთან და დიშვილთან ერთად

 

 

 

- ვახოს საქმისთვისაც ვიყავი მარტო იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ საკმაოდ კარგი ორგანიზატორული თვისებები მაქვს. „იმენნა დალაგებისთვის“ ვიყავი საჭირო. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი რამე შეიცვალა. ახლა კიდევ უფრო მეტად ვჭირდები, ალბათ, ვახოს, ჩემს ახლობლებს, იმ ხალხს, რომლებიც ჩემს გვერდითაა, ვინც ჩემთან რამე შეიძინა, ვისაც ჩემი იმედი აქვს. ასეთი კი ძალიან ბევრი ადამიანია...

 

- თქვენ პოლიტიკიდან წახვედით ბიზნესში, სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

 

- მე დაბადებული ვიყავი ამ საქმისათვის და არა პოლიტიკისათვის, თან პროფესიით არქიტექტორი ვარ - ესაა ჩემი საქმე. როცა ჰობი უცებ გადაიქცევა შენს ბიზნესად, ამაზე უფრო დიდი ბედნიერება არაფერია.

 

- თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რამაც რადიკალურად შეცვალა მთელი თქვენი  ცხოვრება?

 

- კი. ეს იყო 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, როცა მოხდა ვარდების რევოლუცია, როცა მე აღარ ვიყავი გაყოფილი ორად. მე დავრჩი ჩემს საქმესთან მთელი შემართებით.  ეს იყო ის მოსახვევი, როცა მეგონა, რომ უფსკრული უფრო გამოჩნდებოდა, ვიდრე ასე ლამაზი მინდორი. 

 

- თქვენი წარმატების საიდუმლოს მაინც რაში ხედავთ? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი  ბიზნესში, მითუმეტეს, როცა ქალი აკეთებს ბიზნესს?

 

- დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რასაც აკეთებ. შენს საქმეში კარგად უნდა ერკვეოდე. დიდ დროს  უნდა უთმობდე სამსახურს. და, რასაკვირველია, ბიზნესში წარმატებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია უფლის მფარველობა, იღბალი.

 

- ქალბატონო მაია, ასეთ დაძაბულ ცხოვრებაში როგორ ახერხებთ, რომ მუდმივად ფორმაში იყოთ?

 

- შენ რომ იცოდე, ძალიან ძნელია. განსაკუთრებით, ამ „რუსთავი-2“-ის გადაცემის შემდეგ („იდეა, ფული და ერთი შანსი“). ადამიანები მელოდებიან სულ ისეთს, როგორიც ეკრანზე ვარ - ეს ძნელია, ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ვახერხებ.

 

- მოდით, მოგვიყევით თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე, აღვწეროთ დრო გაღვიძებიდან - დაძინებამდე, როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

 

- დილით საკმაოდ ადრე ვიღვიძებ. თუ კვირაა, ვცდილობ, ძალიან ადრე არ ავდგე. დანარჩენ დღეებში, ადრე ვდგები და ვცდილობ, ადრე დავიწყო საქმიანობა.  გაღვიძება იწყება ლოცვით, ვახო ცალკე, მე ცალკე ვლოცულობ. მერე ერთად ვსაუზმობთ. მერე მე გავრბივარ სალონში, რომ მოვწესრიგდე. თუმცა, ეს არ ხდება ყოველდღე (კარგი სალონია, 2-3 დღე  მყოფნის), მერე მოვდივარ სამსახურში და აქ ვარ  ღამის 9-10 სთ-მდე. სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები. ახლა მაქვს ახალი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში - სიგარეტი გადავაგდე, ძალიან  მიჭირს...

 

- შვილი და რძალი თქვენთან ერთად ცხოვრობენ?

 

- არა, გუკა და ნუცა ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან ყურადღებიანები არიან, ყოველდღე „შემოგვიქროლებენ“ და დაგვხედავენ ხოლმე. გუკამ გააკეთა სანგუკოს კინოსტუდია. ნუცა გვერდით უდგას და ეხმარება. არაჩვეულებრივი გოგოა. ბევრს მუშაობენ, უკვე რამდენიმე  ფილმი გადაიღეს და წარმატებასაც მიაღწიეს. ერთ-ერთმა ფილმმა ამერიკაში გაიმარჯვა.

 

ახლა გუკა ლევან კორინთელთან ერთად იღებს ფილმს უკრაინაში. ამ ფილმის შემდეგ დავით აღმაშენებელი  უნდა გადაიღონ. საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ.

 

- ჯერ ბებია არა ხართ?

 

- არა ვარ, ჩემო საყვარელო, და ძალიან დიდი სურვილი მაქვს. 10 წელია, პრესით, ტელევიზიით და  ყველაფრით ვაცხადებ - ბებიობა მინდა-მეთქი. 10 წლის წინ მე რომ გამეჩინა, უფრო დიდი ჭკუა იქნებოდა...

 

- ანუ, ერთი შვილი არაა საკმარისი, ხომ?

 

- ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ისაა, რომ მე გავაჩინე ერთი შვილი. მინდა, ჩემმა შვილებმა, ნუცამ და გუკამ, იგივე შეცდომა არ დაუშვან. ძალიან მონდომებული ვარ ბებიობისთვის. თუმცა, ისიც ვუთხარი მაგათ, რომ თუ ძალიან გააჭიანურებენ, შეიძლება ისევ მე და ვახომ ვიფიქროთ მეორე შვილზე!..

 

- ქალბატონო მაია, როცა ცუდ ხასიათზე ხართ, რას აკეთებთ?

 

- როგორც წესი, ცუდ ხასიათზე ძალიან იშვიათად ვარ. თუმცა, თუ ეს მაინც ხდება, საუკეთესო გამოსავალი  მეგობრებთან ყოფნა, დასვენება და თითო ჭიქა ღვინოა.

 

- სიზმრების თუ გჯერათ?

 

- ძალიან მჯერა, საოცრად უცნაური სიზმრები მაქვს და პირდაპირ მიხდება ხოლმე. იმდენად მიხდება, რომ ხანდახან დაძინების მეშინია. ცუდი არაფერი დამესიზმროს.

 

- ინტუიცია თუ გაქვთ?

 

- მე თევზი ვარ და ინტუიციაზე ვარ მთლიანად დამოკიდებული.

 

- მორწმუნე ხართ?

 

- ძალიან. მთელი გაზაფხული იმიტომ მიხარია, რომ  ვიცი, იერუსალიმში მოვხვდები. 5 წლის წინ პირველად იერუსალიმში წავედით 7 კაცი - დედა ევგენია, მამა ილია ნასიძე (სამების მოძღვარი), ვახო, მე, მამუკა ჯინჭარაძე, ჩემი და რუსო და ირა.

 

მეორე წელს აღდგომაზე ვიყავით 30 კაცი, მერე, შარშან - 150 კაცი. წელს დაახლოებით - 700 კაცი. ამას ჰქვია ნაბარტყი. ეს ჩვენი ხელმძღვანელობით ვამბობ.

 

- საუკეთესო საჩუქარი, რაც ოდესმე მიგიღიათ?

 

- მაქვს, ოღონდ ეს საჩუქრები არ გამოირჩევა სიძვირით. სამახსოვრო შეიძლება სულ არ იყოს ძვირფასიანი. ერთი-ორი ასეთი საჩუქარი ჩემი მამამთილისგან მახსოვს.

 

- მამაკაცში რას აფასებთ ყველაზე მეტად?

 

- ჰარმონიულად ყველაფერს, აუცილებელი პირობები უნდა იყოს დაცული - შეზავებული ვაჟკაცობა, ნიჭი, სიდინჯე. გარეგნობა - უკანა პლანზეა. ვახო ჩემთვის ყველაზე სამაგალითო მამაკაცია. იმიტომ, თუნდაც, რომ მან რა ნაბიჯიც გადადგა 2003 წლის ნოემბერში, აი, ამ ნაბიჯის  ხმამაღლა გადადგმა ვერავინ ვერ მოახერხა, ვერავინ ვერ შეძლო - ნიჭიერი ნაბიჯი იყო. როცა იცოდა, რომ მოდის უკვე ახალი გუნდი, იმ წუთში ისე ლამაზად თქვა, პოლიტიკიდან მივდივარო, რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან საამაყო... 

 

- ამ წუთში ბატონი ვახტანგიც სამშენებლო ბიზნესშია?

 

- პარტნიორები ვართ. ჩვენ გვეხება ადგილის მოძიება, სახლის პროექტირება, ამხანაგობის გაკეთება, იურიდიული საბუთები, ხოლო ვახოს ეხება მშენებლობა.

 

- უკმარისობის განცდა თუ გაქვთ?

 

- მეგობრებთან და მშობლებთან ყოფნის უკმარისობა მაქვს, სხვა ყველაფერი მყოფნის.

 

- ქალბატონო მაია, მოდით, ახლა „რუსთავი-2“-ის ტელეშოუზე ვისაუბროთ. „იდეა, ფული და ერთი შანსი“ - რა მოგეწონათ ამ პროექტში, რატომ მიიღეთ მონაწილეობა?

 

- პირველ რიგში, კაკო გოგიჩაიშვილის და რეჟისორ დემნა ჯაფარიძის პროფესიონალიზმი. რომ გააკეთებდნენ კარგ გადაცემას - ეს ვიცოდი, ვგრძნობდი.

მეორე - როცა ლაპარაკია ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის განვითარებაზე, ესაა ჩემი ძირითადი ხერხემალი, მთელი ჩემი აზროვნება მაგაზე დგას და როგორ შეიძლებოდა, უარი მეთქვა. ვარ ბედნიერი იმ დღეებით, როცა გადაღებები იყო. არაჩვეულებრივ ხალხს დავუახლოვდი. მათგან არავინ არ იყო, ვისაც არ ვიცნობდი, მაგრამ რასაკვირველია, ტელე-ურთიერთობით შედგა სერიოზული კავშირები. 

 

- მონაწილეებზე რას იტყვით, როგორ მოგეწონათ იდეები, პროექტები, რაც ხალხმა შემოგთავაზათ?

 

- მე, მაგალითად, გაოცებული ვარ. მეგონა, გაცილებით უფრო სერიოზულად მოემზადებოდა მაყურებელი. ახლა მე გეტყვით, როგორ ვაფინანსებ. ეს იდეები, რომელთა დაფინანსებაზე მე ტელეეთერში განვაცხადე, უკვე წერილობით მოდის ჩვენთან და მერე ხდება ჩვენს მიერ გადახედვა მთელი ამ ბიზნესიდეის, ანუ ინჟინრები, იურისტები, სწავლობენ, რომ მითხრან, რამდენად კარგი იდეაა, რა უნდა გაკეთდეს, რომ საბოლოო ჯამში კარგი პროდუქტი მივიღოთ. და არა ის, რომ ერთჯერადად ფული ვაჩუქო. 

უკვე შევხვდი ძალიან ბევრ ხარვეზს. ზოგმა რომ თქვა, კარიერი მაქვსო, სინამდვილეში არ აქვს და ა.შ. ასეთ რაღაცებს შევხვდი და ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, სადმე მივიდე და გადავამეტო ჩემს შესაძლებლობებზე საუბარს. მაინც მივეცი დავალება, რომ, რაც შეიძლება, მაქსიმალური დახმარება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მოვუფიქროთ რაღაც.

 

- რაიმე ორიგინალობით ან სხვა ნიშნით განსაკუთრებით თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე იდეა?

 

- განსაკუთრებულად მომეწონა ლაშა პაპაშვილმა და თემურ ჭყონიამ  რომ დააფინანსა პატარა მანქანების ამწყობები და დიზაინერები - მამა-შვილი. იდეაც მომეწონა, იმ ბიჭის შემართებაც მომეწონა. ორიგინალური იყო ასევე ერთ-ერთი ქუთაისელის იდეა, მთვრალი მძღოლების მომსახურების შესახებ. 

 

- სულ რა თანხის დაფინანსება გაეცით?

 

- 200000 ლარი. მე და ლაშამ ყველაზე მეტი დაფინანსება გავეცით. ძირითადად, ჩემს სფეროში ვაფინანსებდი. ეს არაა ძალიან სარისკო ჩემთვის.

 

- თქვენ აშენებთ. თითოეული აშენებული სახლი როგორი განცდაა?

 

- წარმოუდგენელი. როგორც ამბობდა გურამ რჩეულიშვილი - „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ეს ისეთი პროცესია, არაფერი ამას არ შეედრება. რა მოხდა იცით, ნატო, ალბათ ის, რაც გვინდოდა ჩვენ ყველას - მე, ვახოს, შალვა ბიძიას, ჩვენს გუნდს - რატომღაც პოლიტიკურად მივმართეთ, ახლა რაღაც დავკონკრეტდით და ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში მოვაქციეთ. საოცარი სიმძაფრე აქვს, საოცარი სიხარული და როცა ეს პოლიტიკასთან არაა სწორებაში, თავისუფალი ხარ. ვიცი, რომ თუ მაგარს აკეთებ, ყველა შენი მადლიერია.

 

- ქალბატონო მაია, ქუთაისში თუ გეგმავთ მშენებლობებს?

 

- ძალიან მალე, ჩემო კარგო. განა შეიძლება, რომ ყველა ქართველის უსაყვარლესი ქალაქის გამშვენიერებასა და განვითარებაში ჩვენ წვლილი არ შევიტანოთ? რა თქმა უნდა, „ცენტრ პოინტი“ უახლოეს პერიოდში დაიწყებს თავისი პროექტების პრეზენტაციას ქუთაისში, ვგეგმავთ როგორც საცხოვრებელი სახლების, ისე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. 

 

- წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო მაია, მომავალ შეხვედრამდე ქუთაისში!

 

ნატო გუბელაძე

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №19 (370), 15 – 21 მაისი, 2006 წელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია