საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №19 (370), 15 – 21 მაისი, 2006 წელი
კაცი, რომელიც საწნახელში ცხოვრობს
2014/07/09 13:48:03

პირველი ივნიიდან იღატაკე დაფადება

 

ქუთაისში მცხოვრებ, ჭიჭიკო დავითულიანის „იურიდიული მისამართი“ საწნახელია. მისი მთელი უძრავ-მოძრავი ქონება კი - ორი საბანი, პლასტიკატის ბოთლები, თეფშის ფუნქციით გამოყენებული კონსერვის კოლოფები და ის ტანსაცმელი, რომელიც ტანთ აცვია.

 

ეს საწნახელი პუშკინის ქუჩის 26-ში მდებარეობს, თუმცა, ესეც მისი კერძო საკუთრება არ არის. რვა წლის წინ ამ მისამართზე მოსულ ჭიჭიკო ძიას საწნახელი ადგილზე დახვდა. ახლობლებისა და ნათესავებისაგან უარყოფილმა საწნახელში უკვე მერვე ზამთარი გაატარა. მინუს გრადუს ტემპერატურას მხოლოდ ორი საბნით ებრძოდა და ზამთარიც გადააგორა...

 

...გზას, რომელიც საწნახელამდე გაიარა, პაუზებით ჰყვება - ადრე საფიჩხიაზე, ახლანდელი 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა. 16 წლის წინ თოვლმა მისი ქოხი დაანგრია და ადგილმონაცვლეობაც ამის შემდეგ დაიწყო. ერთხანს თავს ჯიბლაძის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში აფარებდა (სახლის მფლობელები რუსეთში იმყოფებოდნენ), მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს სახლი გაიყიდა, უკვე საწნახელს მიაგნო... ამბობს, რომ არავის აწუხებს და გულნატკენი იმასაც იხსენებს, რომ ერთ-ერთ ნათესავთან ყოფნისას, ჩექმის ყელში შენახული, თვალის ოპერაციისათვის გადანახული ფული (სხვებმა შეუგროვეს) მოპარეს. არავის არაფერს სთხოვს, მეზობლები საკუთარი ინიციატივით ეხმარებიან და არცთუ იშვიათად ცხელ სადილს აწვდიან. საკუთარ გვარ-სახელებს კი იმის შიშით არ ამბობენ, რომ ხმაურიანი ქველმოქმედება არ გამოუვიდეთ. სამაგიეროდ, ჭიჭიკო ძია ამბობს, რომ ცხოვრების ბოლომდე მათი მადლიერი იქნება. გვიყვება იმასაც, რომ იქვე მდებარე სახაჭაპურისა და აფთიაქის თანამშრომლებიც ხელს უმართავენ.

 

საწნახელის ბინადარმა 35 ლარიანი პენსია მარტივი არითმეტიკით 30 დღეზე გაჰყო და საკუთარ თავს ყოველდღე ასეთი ტრადიციული მენიუ შესთავაზა: 200 გრ. ძეხვი, 100 გრ. ყველი და 40 თეთრიანი პური. ამბობს, რომ ეს ლარი და 90 თეთრი უჯდება, თუმცა, ხანდახან სხვისი ქველმოქმედების ხარჯზე  მენიუდან თუ რამე ამოვარდება, ღვინო ჩაისმება. ეს კი უკვე დღესასწაულია...

 

ჭიჭიკო ძიას დარდები: „კარგა ხანია თვალს დამაკლდა, სამშენებლო ტრესტში ვმუშაობდი, სახლის სახურავზე მაღალ ტემპერატურაზე მუშაობამ თავისი კვალი დამაჩნია, ერთ თვალზე ცოტა ხნის წინ გავიკეთე ოპერაცია, ახლა მეორეზე მჭირდება. ვიცი, რომ ჩვენი მკურნალობა უფასოა. ავტოქარხანაში ჩავედი, ჯერ მითხრეს - გაგიკეთებთო, მერე რაღაც ბჭობა დაიწყეს და მითხრეს, რომ ოპერაცია შედეგს არ მომცემს  და მომიშორეს...“

 

მას იუმორის გრძნობაც აქვს. „ჩემს ბუნაგში თუ  შემომეცილებოდა ვინმე, აღარ მეგონა. ერთ საღამოს დასაძინებლად მოვდივარ და აგერ ვიღაც ბიჭს ვხედავ, ვუთხარი - თუ გიჭირს, 2 ლარს პენსიიდან მოგცემ-თქო, არაო, ამხანაგებს ვემალებიო“.

 

... ჭიჭიკო მორიდებული და კეთილშობილი კაცია, ამიტომ პატივს ვცემთ, ბარეორ გალსტუკიანს სჯობია, იცის რუსული და გერმანული ენა. ერთხელაც პატრულმა მოიყვანა და ჰკითხა, რომელია შენი სახლიო. გაკვირვებულები დარჩნენ, საწნახელში რომ შეძვრა, - გვიამბობენ მეზობლები.

 

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრში ფიქრობენ, რომ სიღატაკის ზღვარზე მყოფთა სიაში სწორედ ჭიჭიკო დავითულიანი და მასავით გაჭირვებული ხალხი უნდა მოხვდეს.

 

იმერეთში დახმარების მაძიებელი ოჯახი (ის, ვინც განაცხადი საკომუნიკაციო პუნქტებში 12 მარტამდე შეიტანა) 54 890 იყო, დღეისათვის კი სოციალურმა აგენტებმა 39000 ოჯახის შემოწმება მოახერხეს.  თუმცა, 1 ივნისამდე ყველა - 54000 მისამართზე უნდა მოახერხონ მისვლა. სიიდან რამდენიმე ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ამოვარდა, ზოგი საკუთარი სურვილით, ზოგი არასწორად  შევსებული ბლანკის გამო, ზოგი კი იმის მცდელობის გამო, რომ ოჯახები ხელოვნურად შეერთებინათ.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სოციალური დახმარების მიმღები ოჯახისთვის სარეიტინგო ზღვრულ ქულად 40001 განისაზღვრა. უფრო კონკრეტულად - ის ოჯახი, რომელსაც 40001-ზე ნაკლები ქულა მიენიჭა დახმარებას შემდეგი პრინციპით მიიღებს: ერთსულიანი ოჯახი - 38 ლარს, ორსულიანი - 55, სამსულიანი - 70, ოთხსულიანი - 85, ხუთსულიანი - 100, ექვსსულიანი - 111, შვიდსულიანი - 125. რვა და მეტსულიანი ოჯახი - 125 ლარს დამატებული თითოეული ოჯახის წევრზე 10 ლარი.

 

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი, ირინე სახელაშვილი განმარტავს, რომ ყველამ, ვინც 40001 ქულაზე ერთით ნაკლები მაინც მიიღო, დახმარებას მაინც მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა 39000 ქულა მიიღო თუ 25000. მისი თქმით, პროგრამის მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებულია ზღვრული ქულის უფრო მაღლა აწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარებას უფრო მეტი ოჯახი მიიღებს. ასევე მოხდება ახლო პერსპექტივაში ჯანდაცვისა და ბავშვთა კვების პროგრამების ამოქმედება, ანუ ის, ვინც ფულად დახმარებას ვერ მიიღებს, ამ კუთხით დაეხმარებიან.

 

სარეიტინგო ქულის განსაზღვრა იმ კითხვარების საფუძველზე ხდება, რომელსაც სოციალური აგენტი ოჯახში სტუმრობისას ავსებს. მისი გაცნობის შემდეგ, ალბათ, ნაკლებად გაგიკვირდებათ ის, რომ აგენტმა შეიძლება თქვენი ფარდებისკენაც გააპაროს მზერა, დააკვირდეს ძველმოდურია ისინი, დახეული არის თუ არა. გაქვთ თუ არა კბილის პასტა, შამპუნი და გკითხოთ ისიც, რომ დღეში ორი ლარის ანაზღაურებით იმუშავებთ თუ არა დამლაგებლად, გამწვანებით სამუშაოებში...

 

ოჯახის შეფასება ხდება ადგილზე, კონკრეტული ვიზიტის დროს. აგენტი კითხვარებთან ერთად საკუთარი შეფასების ნაწილსაც ავსებს, რის შემდეგაც კატეგორიას ანიჭებს ამ შეფასებას. ის საკუთარი ხელმოწერითა და ბეჭდით არის პასუხისმგებელი და სადავო სიტუაციაში პოზიცია უნდა დაიცვას. თუმცა, მარტო ეს საკმარისი არ არის, არ არსებობს ექსპერტების მიერ  შემუშავებული სპეციალური ფორმულა და ზღვრული ქულის მინიჭება მონაცემების კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავების შემდეგ ხდება, - აღნიშნავს ირინე სახელაშვილი.

 

საკოორდინაციო ცენტრის უფროსი მოსახლეობამდე მისულ დამახინჯებულ ინფორმაციაზეც საუბრობს, რომელიც ეხება იმას, რომ მაძიებელ ოჯახს არანაირი  საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ უნდა გააჩნდეს. მისი თქმით, ეს გადამწყვეტი არაა, მაგრამ თუ ოჯახს „JVC# ან „SONY“-ის ტელევიზორი აქვს, ეს სხვა საქმეა.

 

ირინე სახელაშვილი იხსენებს იმ შემთხვევასაც, როცა მათთან მისული ქალბატონი კატეგორიულად მოითხოვდა დეკლარაციაში იმის მითითებას, რომ ბანკიდან პროცენტიანი სესხი ჰქონდა აღებული და უკიდურესად უჭირდა. 

 

„გასაგებია ამ ქალბატონის მდგომარეობა, მაგრამ მას, როგორც ჩანს, აქვს რაღაც ქონება, რასაც ბანკში ჩადებს, მაგრამ არიან უფრო გაჭირვებულები. ან კიდევ თუ ოჯახს ანტიკვარული ავეჯი აქვს, უნდა შეელიოს, რადგანაც ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა და მას შიმშილის გამო საფრთხე არ უნდა დაემუქროს“.

 

...ვინც განაცხადი დახმარების მოთხოვნის თაობაზე საკომუნიკაციო პუნქტებში შეიტანეთ, 1 ივნისამდე აუცილებლად მოგიტანენ მოწმობას, რომელშიც თქვენი სარეიტინგო ქულა იქნება განსაზღვრული და დახმარებას თუ ვერ მიიღებთ, ის მაინც გეცოდინებათ, როგორია თქვენი სოციალური მდგომარეობა ქულებში (ათასნაირი კალკულაციით) გამოსახული.

 

 

P.S. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ალბათ, ჭიჭიკო ძია თვალის ჩინსაც დაიბრუნებს (ძალიან უნდა ქოხის აშენება მშობლიურ მამულში - საფიჩხიაზე) და მართალია, ახლაც მონდომებით გვპატიჟებდა, ასაღები პენსიის „ფონდიდან,“ სახაჭაპურეში (სტუმრის გაშვება ისე არ მიყვარსო), მაგრამ დამატებითი შემოსავლის შემდეგ კიდევ უფრო თამამად დაგვპატიჟებს...

 

ნინო ჯანელი

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №42 (346), №19 (370), 15 – 21 მაისი, 2006 წელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2308
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია