დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შეღავათები დაუწესა სახელმწიფომ C ჰეპატიტით დაავადებულებს
2014/07/09 13:00:50

C ჰეპატიტი - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემა. დაავადებულთა სტატისტიკა საგანგაშოა. ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით 180 მლნ. ადამიანია დაინფიცირებული. ეს კი დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს; მათგან 75-85%-ს ქრონიკული C ჰეპატიტი უვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამ დაავადებით ინფიცირებულთა რაოდენობა შიდსით დაავადებულებს 10-ჯერ აღემატება.


C ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი მას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. C ჰეპატიტის ვირუსით დაახლოებით 200 000 ადამიანი, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული.


2014 წლის 1-ლი ივლისიდან С ჰეპატიტით დაავადებულთათვის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, განაცხადების მიღება კი 1-ლი თებერვლიდან მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა გარკვეული ნაწილი სიახლის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ არ ფლობს. უწყების მხრიდან მოსახლეობის სრულად ინფორმირების მცდელობის მიუხედავად, გარკვეული ნაწილი მაინც, რბილად რომ ვთქვათ, საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება.


- რა პროგრამა, პირველად მესმისო, - ასე უპასუხა ერთ-ერთმა ინფიცირებულმა სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობის შესახებ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას. მისგანვე შევიტყვეთ, რომ მის სანაცნობოში სახელმწიფო შეღავათების ამოქმედების შესახებ სხვასაც არაფერი სმენია.


- ამ ეტაპზე არ არსებობს დაავადებულთა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. დღესდღეობით, დაახლოებით, ორასი ათასი ადამიანი ფიქსირდება, ხოლო ზუსტი მონაცემები მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების შემუშავებისა და საზოგადოებრივი სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ეკატერინე ადამიამ.


ზუსტი მონაცემების არარსებობის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემის მოგვარებას პაციენტთა განახლებად საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით აპირებს.


უწყების ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე შეღავათიან ფასად პეგილირებული ინტერფერონის 6,000 ერთეულს უზრუნველყოფენ, რაც სამოქალაქო სექტორში 750 პაციენტის მკურნალობის დასაწყებად იქნება საკმარისი. 1 ივლისიდან მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაფუძნებით მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში - მცოცავი გრაფიკის პრინციპით შეთანხმდება, რაც 2014-2015 წწ. პერიოდისათვის რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკამენტის უწყვეტ მარაგს უზრუნველყოფს.


ეკატერინე ადამია: С ჰეპატიტით დაავადებულებმა, პირველ რიგში, განაცხადი უნდა შემოიტანონ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოადგინონ, რომელშიც დაავადების თაობაზე სრული ინფორმაცია იქნება მითითებული. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება კი ჯანმრთელობის სამინისტროს ვებ გვერდზე http://www.moh.gov.ge/ ზე არის შესაძლებელი.


- იქნებ, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო С ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს?


- სახელმწიფომ მათ დასახმარებლად ახალი პროგრამა შეიმუშავა. მაგალითად, 1000 პატიმარს სრულიად უფასოდ სხვადასხვა სახის გამოკვლევა და ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა ჩაუტარდება. С ჰეპატიტის პროგრამა სამოქალაქო სექტორზეც ვრცელდება. 2 წლის განმავლობაში 10 000 ადამიანის მკურნალობა იგეგმება. 1 ივლისიდან მათ საჭირო მედიკამენტების შეძენა აფთიაქებში 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ვფიქრობთ, ახალი პრეპარატების შემოტანასაც. მაგრამ ეს, ჯერჯერობით, მოლაპარაკების დონეზეა.


- რა თანხა ჯდება მკურნალობა?


- საკმაოდ ძვირია, დაახლოებით, 12-დან 24 ათას ლარამდე მერყეობს. მაგალითად, 24 კვირიანი კურსი ასე 6 ათასი დოლარი ჯდება. 60% ანი ფასდაკლებით კი მისი ღირებულება 2232$-მდე შემცირდა, რაც ადამიანისთვის საკმაოდ დიდი შეღავათია.


- რას გვეტყვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე? აფხაზეთის                                                                                                    მოქალაქეებს თუ შეეძლებათ ამ პროგრამაში ჩართვა   და ფასდაკლებით სარგებლობა?


- დიახ, შეგვაქვს ეს ცვლილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ საკითხზე რეინტეგრაციის სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით და მათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალს ჩვენს საიტზე მივუთითებთ.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, С ჰეპატიტი საქართველოში ფართოდ გავრცელებული და საშიში დაავადებაა. ხშირად ადამიანები ამ დაავადების მსხვერპლნი სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ხდებიან. დაავადების რაობასა და მისი პრევენციის გზებზე sazogadoeba.ge მედიცინის დოქტორს, ფატი გაბუნიას ესაუბრა.


- ეს არის ღვიძლის ქრონიკული, ნელა პროგრესირებადი ვირუსული დაავადება. C ვირუსის სისხლში მოხვედრა ქრონიკულად მიმდინარე ღვიძლის ანთებასა და დაზიანებას იწვევს. ის 20-30 წლის შემდეგ ცეროზისა და ღვიძლის უჯრედოვანი სიმსივნის სახით ვლინდება.


- რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?


- სიმპტომები, ძირითადად, არ აქვს. ამ თვისების გამო მასალერსიან მკვლელსაცკი უწოდებენ. С ჰეპატიტი ლაბორატორიულად სადიაგნოსტიკო დაავადებაა. თუ პაციენტს რაიმე სარისკო ქცევა ან პროცედურა აქვს ჩატარებულიб უმჯობესია ლაბორატორიული გამოკვლევა გაიკეთოს.


- რამდენად რთულია C ჰეპატიტის მკურნალობა და აქვს თუ არა მას რაიმე გვერდითი მოვლენები?


მე-2 და მე-3 გენოტიპის მკურნალობა 24 კვირიანია, ხოლო 1-ლი გენოტიპის - 48 კვირიანი. მკურნალობა საკმაოდ სერიოზულია და გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მას აქვს გვერდითი მოვლენები. ის სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებებს იწვევს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. მაგალითად, პირველი ინექციის შემდეგ ვითარდება გრიპის მაგვარი სინდრომი. ამიტომ მკურნალობის პროცესი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. პაციენტმა უარი უნდა თქვას ალკოჰოლსა და ნიკოტინზე, აკონტროლოს წონა, არ გამოიყენოს ექიმბაშების მიერ დანიშნული მედიკამენტები, მაქსიმალურად დაიცვას დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად ვერ ასრულებენ ამ პირობებს. ეს ყველაფერი კი ართულებს და ახანგრძლივებს მკურნალობას.


- თუ ფეხმძიმე ქალი ვირუსის მატარებელია, არის ალბათობა, რომ ბავშვიც დაინფიცირდეს?


- დიდი რისკი არ არის, თუმცა 6 - 7 % ამის საშიშროება არსებობს.


- რა გზებით შეიძლება, გადაგვედოს ეს ვირუსი?


მისი ორგანიზმი შეჭრა ადამიანის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. ძირითადად, ინფიცირებულები ინტრავენური ნარკომანები არიან. რა თქმა უნდა, მისი გადადება სხვა გზებითაც ხდება, მაგალითად, არასათანადოდ გასტერილებული, არაერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით; ტატუირებით; მანიკიურითა და კოსმეტიკური, ასევე სტომატოლოგიური მანიპულაციებით; დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტით; საერთო სამართებლის, კბილის ჯაგრისის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებით; პირსინგით; დაავადებულის პირის ღრუსთან შეხებით (კოცნით), ადამიანის მიერ ადამიანის კბენით; სისხლმდენი ღრძილების მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის, დაბინძურებული სააბაზანო აქსესუარების გამოყენებით; ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტითა დამრავალპარტნიორობით“. ამ დაავადების პრევენცია სწორედ მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებით და ჯანმრთელი ცხოვრების წესით არის შესაძლებელი. თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, С ჰეპატიტით დაავადების რისკიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.


 

 წყარო: http://sazogadoeba.ge/index.php?post_id=1582

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია