საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რამდენად ენდობიან ქუთაისელები სასამართლოს?
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/07/07 14:43:49

ამ კვლევით სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილება შეამოწმეს

 

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება 1997-1998 წლებში სცადეს, როდესაც მიიღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონები. თუმცა, უკვე ერთი წლის შემდეგაც ცხადი იყო, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო, სასამართლო რეფორმა საქართველოში ვერ შედგებოდა, რადგან არ არსებობდა რეფორმისთვის  ყველაზე აუცილებელი ფაქტორი - ხელისუფლების ნება.

 

სწორედ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, მაშინდელმა ხელისუფლებამ არ განახორციელა პროკურატურის, პოლიციის და ადვოკატთა კორპუსის რეფორმა, რომელიც პირდაპირ იყო კავშირში სასამართლოსთან. ამან კი სასამართლო რეფორმის არა თუ შეფერხება, არამედ, საერთოდ ჩავარდნა გამოიწვია. განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო არაკეთილსინდისიერი და არაკვალიფიციური მოსამართლის საქმიანობა, სისტემაში მასშტაბური კორუფცია და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი. ამ პრობლემების გამო საზოგადოებაში სასამართლოს კორუმპირებულობის შესახებ სტერეოტიპი მყარად იყო დამკვიდრებული, რაც ამ ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის მაღალ ხარისხსაც განაპირობებდა.

 

„ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს პოლიტიკური ნება გაჩნდა. 2005 წლიდან დაიწყო მასშტაბური კვლევები. ამ კვლევების მიზანი იყო, განესაზღვრა სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დაესახა პრიორიტეტები. სხვადასხვა დროს მსგავსი კვლევები ჩატარდა USAID-ის, IPM-ის და IRI-ის დაკვეთით. თუმცა, ამ კვლევებს ნაკლი ჰქონდათ - მართალია, გარკვეული სურათი იქმნებოდა, თუმცა მკაფიო დინამიკაზე საუბარი ძნელი იყო. კვლევების თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს უშუალო შეხება არ ჰქონდა სასამართლო სისტემასთან და მათი დამოკიდებულება მესამე ხელისუფლების მიმართ მედიიდან მიღებული ინფორმაციით ან ნაცნობ-ახლობლების მონათხრობით ყალიბდებოდა. შესაბამისად, გამოკითხვების შედეგებში საკმაოდ მაღალი იყო ცდომილების ალბათობაც.

 

სასამართლოს მომსახურების ხარისხის თაობაზე კვლევა ბოლოს  ჩატარდა 2014 წლის თებერვალში. ამ კვლევით სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილება შეამოწმეს. რაც მთავარია, იმისათვის, რომ კვლევით მიღებული სურათი რეალობასთან ახლოს ყოფილიყო, კვლევაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ისეთი რესპოდენტები, რომლებიც სასამართლო მომსახურების უშუალო მომხმარებლები იყვნენ და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების მიხედვით, მათი დაყოფა მოხდა ჯგუფებად: გამოიკითხა 338 მოსარჩელე, 197 მოპასუხე, 65 ბრალდებული და 103 მოწმე. კვლევის თანახმად, შერჩევის ცდომილება არის 3%.

 

 

ვინ შეაფასა სასამართლოს მომსახურების ხარისხი?!

 

კვლევა ჩატარდა 2014 წლის 27 იანვრიდან 7 თებერვლამდე და კვლევის არეალმა მოიცვა სამი ქალაქი - თბილისი (გამოიკითხა 668 მომხმარებელი); ქუთაისი (გამოიკითხა 326) და ბათუმი (გამოიკითხა 336). რაც შეეხება კვლევის ინსტრუმენტს, მოქალაქეთა გამოკითხვა მოხდა კითხვარის მეშვეობით, რომელიც შემუშავდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების გათვალისწინებით. სულ გამოიკითხა 1330 რესპონდენტი. მათ შორის მამაკაცი იყო 53.1%, ხოლო ქალი -  46.9%. ასაკობრივი ჯგუფების თვალსაზრისით, რესპოდენტთა უმრავლესობა განეკუთვნებოდა 36-დან 55 წლამდე ასაკს (38.3% იყო 46-დან 55 წლამდე, ხოლო 30.3% - 36-დან 45 წლამდე). ყველაზე მცირე ჯგუფი (4.4%) განეკუთვნებოდა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიას.

 

ასევე, რესპონდენტები იყვნენ რომელიმე მხარის ოჯახის წევრი/ნათესავი/ახლობელი. ასევე, გამოიკითხნენ ისეთებიც, რომლებიც არ იყვნენ სასამართლო მომსახურების უშუალო მომხმარებლები, მაგრამ შეხება ჰქონდათ სასამართლო პროცესთან სხვადასხვა სახით და პრაქტიკულად, ნეიტრალური მონიტორები იყვნენ. მაგალითად, ექსპერტი/თარჯიმანი (22) და სხვა პირები (სხდომაზე დასასწრებად, სტაჟიორი, დამსწრე, ჟურნალისტი და ა.შ.) 80 რესპონდენტი. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა საჯარო ინფორმაციის ან დოკუმენტის მაძიებელი 139 რესპონდენტი.

 

კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიკითხა სასამართლოს მომხმარებელთა ყველა კატეგორია: სამოქალაქო საქმეზე - 621 რესპოდენტი, რაც არის გამოკითხულთა 46.7%. სისხლის სამართლის საქმეზე - 437 რესპონდენტი (32.9%), ადმინისტრაციულზე - 193 (14.5%) და სხვა ტიპის საქმეებზე - 79 (5.9%).

 

 

მომხმარებლის პირველი შთაბეჭდილება სასამართლოზე

 

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მომხმარებელს სასამართლოს შესახებ პირველი შთაბეჭდილება მიმართვისთანავე უყალიბდება, ანუ სასამართლო მომსახურება კანცელარიით იწყება. როგორც რესპონდენტთა უმრავლესობამ - 76.4%-მა განაცხადა, რომ მათ დროულად გაუწიეს მომსახურება. რესპონდენტთა 15.5%-ს 10-20 წუთამდე ლოდინი მოუწიათ, ვიდრე ყურადღებას მიაქცევდნენ, ხოლო 2.3%-ს - 30 წუთიდან 1 საათამდე. ერთ საათზე მეტი ლოდინი მოუხდა მხოლოდ რესპოდენტთა 4.8%-ს.

რაც შეეხება გაწეული მომსახურების ხარისხს, კითხვაზე „მიიღეთ თუ არა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია?“ - რესპოდენტთა 75.4%-მა უპასუხა დადებითად. საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო 9.3%-მა, ხოლო ნაწილობრივ მიიღო - 14.3%-მა.

 

სასასამართლოს შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებული ერთ-ერთი შეხედულება ისაა, რომ სასამართლოში საქმის გადაწყვეტა დროულად არ ხდება და ბევრ დროს მოითხოვს. გამოკითხულთა 53.5%-მა უპასუხა, რომ მათი საქმის გადაწყვეტა დროულად მოხდა, ხოლო 15.8%-მა ამ კითხვას უარყოფითად უპასუხა.

 

სასამართლოში საქმე მოიგო რესპონდენტთა 18.3%-მა, ხოლო წააგო - 8.9%-მა. გამოკითხულთა 65.3%-მა უპასუხა, რომ საქმე ჯერ არ დასრულებულა. 69.2%-მა განაცხადა, რომ სასამართლოში მათ დაწვრილებით განუმარტეს მოგების/წაგების მიზეზები და წერილობით დაუსაბუთეს. 23.8%-მა თქვა, რომ მათ ნაწილობრივ განუმარტეს მიზეზი, ხოლო რესპონდენტთა 7.1%-ს სასამართლოში წაგების/მოგების მიზეზები არ განუმარტეს.

 

რაც შეეხება გამოკითხულთა შთაბეჭდილებას სასამართლოს ფუნქციონირებაზე, სასამართლოში მისვლის შემდეგ 43.8%-ის შთაბეჭდილება შეიცვალა დადებითისკენ, ხოლო 5.0%-ის - უარყოფითისკენ. რესპონდენტთა 35.9%-მა განაცხადა, რომ მათ არ შეცვლიათ შთაბეჭდილება და აქვთ პოზიტიური შთაბეჭდილება, ხოლო 6.9%-ს ნეგატიური შთაბეჭდილება ჰქონდა და ეს შთაბეჭდილება სასამართლოში მისვლის შემდგომაც არ შეცვლიათ. რესპონდენტთა 8.4%-მა არ იცის რა შთაბეჭდილება აქვს სასამართლოზე. სასამართლოს მომსახურების ხარისხით, გამოკითხულთა 65,7% ძალიან კმაყოფილი ან კმაყოფილია (50,8% - კმაყოფილი, 14,9% - ძალიან კმაყოფილი). უკმაყოფილოა რესპონდენტთა 6,5%, ხოლო ძალიან უკმაყოფილო - 1,6%.

 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა სასამართლოს ენდობა. 58.1% ენდობა, ხოლო 33.7% - მეტნაკლებად ენდობა. არ ენდობა 2.5%, ხოლო უფრო არ ენდობა - 3.2%. რესპონდენტთა 2.5%-მა არ იცის, ენდობა თუ არა სასამართლო სისტემას.

 

გამოკითხულთა უმრავლესობა - 81.0% მიიჩნევს, რომ სასამართლოში ქრთამის აღება აღარ ხდება, ხოლო 9.8% ფიქრობს, რომ ზოგიერთი, ალბათ, იღებს, მაგრამ უმრავლესობა ვერ ბედავს. რესპონდენტთა 2.8% ამბობს, რომ, ალბათ, მხოლოდ ერთეული მოსამართლეები იღებენ, ხოლო 6.2%-მა არ იცის. გამოკითხულთა მხოლოდ 0.3% აცხადებს, რომ სასამართლოში ქრთამს რასაკვირველია იღებენ.

 

 

ენდობიან თუ არა  ქუთაისის სასამართლოს ქუთაისელები?

 

ზემოთაღნიშნული კვლევის გაცნობის შემდეგ, ჩვენც შევეცადეთ მცირე გამოკითხვა ჩაგვეტარებინა ქუთაისელებში და რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ რიგით ადამიანებს და ადვოკატებს. კერძოდ, დავინტერესდით, რამდენად ენდობიან ქუთაისის სასამართლოს, როგორი უნდათ, რომ იყოს სასამართლო და მათი აზრით, რამდენად გამჭვირვალეა ქუთაისის სასამართლო.

 

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქუთაისის სასამართლოს ქუთაისში ენდობიან. როგორც ჩვენს მიერ გამოკითხული ადვოკატები და მოქალაქეები აღნიშნავენ, ისინი ენდობიან სასამართლოს, თუმცა გარკვეული შენიშვნები მაინც აქვთ,  სისტემაში არსებულ პრობლემებთან შეჯახება. რაც შეეხება სასამართლოს გამჭვირვალობას და ღიაობას, რესპონდენტებმა ამ კუთხით მდგომარეობა დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ საჯარო ინფორმაციის გათხოვასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონიათ.

 

კითხვაზე, ენდობით თუ არა სასამართლოს/ქუთაისის სასამართლოს და რამდენად გამჭვირვალეა სასამართლო: ხომ არ გაქვთ საჯარო ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები, რესპონდენტებმა ასეთი პასუხები გასცეს.

 

ილია ჯანელიძე (ადვოკატი): „სასამართლოს ვენდობი. სასურველია თუ უფრო მაღალკვალიფიციური კადრებით იქნება წარმოდგენილი, კერძოდ, მოსამართლეებს ვგულისხმობ. ისინი დამოუკიდებლები უნდა იყვნენ და, რაც მთავარია, ძლიერები, ვინაიდან, არ არის გამორიცხული ზეწოლის ქვეშ მოექცნენ და ამ წინააღმდეგობის დაძლევა უნდა შეეძლოს ყველა მოსამართლეს. ვფიქრობ, ღია და გამჭვირვალეა ქუთაისის სასამართლო. მე პირადად, კმაყოფილი ვარ მასთან თანამშრომლობით. აქამდე არანაირი შენიშვნა არ მქონია და ინფორმაციის თავის დროზე მოწოდების კუთხითაც არასდროს არ შემქმნია პრობლემა.“

 

ავთანდილ ქებულაძე (ადვოკატი): „ქუთაისის სასამართლოს ვენდობი. სამოქალაქო საკითხების განხილვისას სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია, რაც შეეხება სისხლის სამართალს, ამ კუთხით, წინა ხელისუფლებისდროინდელ სასამართლოსთან შედარებით დიდი განსხვავებაა, გაცილებით დიდი ნდობაც არის.

 

ღია და გამჭვირვალეს რაც შეეხება, გარკვეულწილად არის, თუმცა ადრე უფრო შეგვეძლო ადვოკატებს მოსამართლეებთან კონტაქტი, შემეძლო პირადად დამერეკა და გამერკვია, ან მეკითხა, თუ რამ დამაინტერესებდა, მაგრამ ახლა ეს რომ გავაკეთო, შეიძლება ორივე დაგვიჭირონ - მე ქრთამის მიცემაში, მოსამართლეს კი ქრთამის აღებაში დაადანაშაულებენ. ეს ზედმეტი შეზღუდვაა. ჩემი, როგორც ადვოკატის რჩევა იქნება უფრო დიდი ნდობა გამოუცხადონ მოსამართლეებს. ამით არ დაიქცევა სასამართლო. ინფორმაციის მიღების კუთხით პრობლემა არ შემქმნია. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ქუთაისის სასამართლოთი, ადრინდელთან შედარებით საკუთარი ჩრდილის არ ეშინიათ.“

 

ნონა ფილავა (ადვოკატი): „ჩემი ნდობა სასამართლოსადმი ნაწილობრივ მოსამართლეებზეა დამოკიდებული. რაც მთავარია სასამართლო სამართლიანი უნდა იყოს, მოსამართლეები უნდა განთავისუფლდნენ და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

 

წინა მთავრობასთან შედარებით, დადებითი კუთხით შეიცვალა სასამართლოს მდგომარეობა, შუამდგომლობები უფრო კმაყოფილდება და ამ კუთხით არის პროგრესული ცვლილებები.“

 

აკაკი ჯანელიძე (ადვოკატი): „ვენდობი ქუთაისის სასამართლოს. ვისურვებდი, კანონმა მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭოს სასამართლოს და უფრო გამოცდილი კადრებით იყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, ღია და გამჭვირვალეა სასამართლო და ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით პრობლემა არ შემქმნია. როგორც ადვოკატი კმაყოფილი ვარ ქუთაისის სასამართლოს მუშაობით და არანაირი შენიშვნა არ მაქვს.“

 

ბადრი ჩაკვეტაძე (მოქალაქე): „ვენდობი ქუთაისის სასამართლოს. სასამართლო, რა თქმა უნდა, სამართლიანი და თავისუფალი უნდა იყოს. ადრინდელთან შედარებით ეს განსხვავება აშკარაა. საჯარო ინფორმაციის მიღება არა ერთხელ დამჭირვებია და ამ მხრივ პრობლემა არ შემქმნია. კმაყოფილი ვარ სასამართლო სისტემით და მჯერა, რომ საქართველოს სასამართლოზე დაყრდნობით აქვს მომავალი.“

 

კახა კუხალაშვილი (მოქალაქე): „რა თქმა უნდა, ვენდობი სასამართლოს. იგი, პირველ რიგში, სამართლიანი უნდა იყოს. სამოქალაქო დავების კუთხით მქონია შეხება და ყოველთვის ობიექტური გადაწყვეტილებები გამოუტანიათ. ჩემი აზრით, საკმაოდ ღია და გამჭვირვალეა, არც საჯარო ინფორმაციაზე შემქმნია რაიმე პრობლება.“

 

ელისო  ონიანი (მოქალაქე): „ზოგადად კი ვენდობი, სასურველია საპროცესო კოდექსში რაღაც ცვლილებები შევიდეს, რაც უფრო მოქნილს და ადვილს გახდის სასამართლოსთან მუშაობას. საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე ჯერ არ შემქმნია პრობლემა. მეორედ მაქვს შეხება ქუთაისის სასამართლოსთან და კმაყოფილი ვარ, სწრაფად ინიშნება პროცესებიც და ეს ხარისხზეც დადებითად მოქმედებს.“

 

მერაბ მელაშვილი (მოქალაქე): „ქუთაისის სასამართლო იმსახურებს ნდობას, რადგან სამართლიანია. სასამართლო გამჭვირვალე და სამართლიანი უნდა იყოს, ჩემთვის მისი სისტემა მისაღებია. საჯარო ინფორმაციაზე დაბრკოლება არ შემქმნია, თავის დროზე მიმიღია პასუხი.“

 

მურმან დეკანოიძე (მოქალაქე): „რა თქმა უნდა, ვენდობი, მაგიტომაც მივმართავ ხოლმე ქუთაისის სასამართლოს, ჩემთვის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია მისი მუშაობა, რასაც ვერ ვიტყვი წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლოზე, პროგრესი აშკარაა. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ჯერ არ დამჭირვებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, არანაირი შეფერხება არ მექნება ამ მხრივ.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია