დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ურთიერთობები
ამერიკელი მუსიკოსის ქართული შემოქმედება და სიყვარული, რომელსაც საზღვრები არ აქვს
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/07/07 14:41:08

რეისი - ნიუ-იორკი-თბილისი, ვიზიტის ხანგრძლივობა - სამი კვირა, ამ მანძილით და ამ დროით ამერიკელი მუსიკოსი კარლ ლინი პატარა საქართველოში დიდმა სიყვარულმა ჩამოიყვანა.

 

ის, რამაც კარლს შორეული ოკეანის ნაპირი გადმოალახვინა არის არა ვინ, არამედ - რა და ამ რას ქართული ხალხური სიმღერა ჰქვია.

 

ქართული ფოლკლორის სიყვარულის სენი ჯერ კიდევ 24 წლის წინ შეეყარა, მაშინ, როდესაც ამერიკულ ანსამბლთან ერთად საქართველოში პირველად ჩამოსულმა ქართული სიმღერა პირველად მოისმინა. ამ შემთხვევას დღეს კარლი ასე იხსენებს: „ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად ჩამოსულმა ქართული სიმღერა მოვისმინე, მაგრამ ის დღემდე თითქოს ყურში ჩამესმის, მოვისმინე თუ არა, მივხვდი, რომ ქართული სიმღერა ჩემი გულის ნაწილი იყო, რომელთან ერთადაც უნდა მეცხოვრა.“

 

ის, რაც გულმა უკარნახა, გაიხადა კიდევაც ცხოვრების წესად, ხალხური სიმღერით მოხიბლულმა ქართველ მეგობართან ორი პირობა დადო, ისწავლიდა ქართულ სიმღერებს და ქართულ ენას ისე გამართულად, რომ ამ საოცარი ქვეყნის სადღეგრძელო ქართულად ეთქვა.

 

სულ რაღაც ერთ წელში  კარლმა ორივე პირობა სისრულეში მოიყვანა, ქართული სიმღერის სიყვარულმა ქართული ენა და სადღეგრძელოებიც უნაკლოდ შეისწავლა და უკვე 24 წელია, ყოველ წელს საქართველოში ყველა კუთხეს მხოლოდ ერთი მიზეზით სტუმრობს - აღმოაჩინოს, მოისმინოს, ისწავლოს და გააცოცხლოს ხალხური სიმღერები და ქართველებისგან ნასწავლი შემდეგ ამერიკელებს ასწავლოს.

ამერიკელი მუსიკოსის სიყვარულმა ქართული ხელოვნების მიმართ, წლებთან ერთად, შეიძლება ითქვას, სული და ხორცი შეისხა და აბსტრაქტული სიყვარულიდან რეალურ გრძნობამდე მივიდა.

 

ქართული სიმღერით მოხიბლულ კარლს არც ქართველი ქალის მშვენიერება დარჩა შეუმჩნეველი და მათგან ერთ-ერთი გულის სწორად და ცხოვრების თანამგზავრად აირჩია. დღეს კარლს ქართველი მეუღლე და 2 შვილი ჰყავს, რომელსაც, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ქართულად ზრდის.

 

ქართულ სიმღერაზე უანგაროდ შეყვარებული კარლი, ქართულ ფოლკლორში შეტანილი წვლილის გამო, ღირსების ორდერით არის დაჯილდოებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული და გამოხატული სითბოა.

 

ამჟამად კარლის რეპერტუარში 100-მდე ქართული სიმღერაა, ზოგი მათგანი სრულიად ახალი არანჟირებით გააცოცხლა, ყოველ ზაფხულს ახალი გუნდით ჩამოდის საქართველოში და კარდაკარ, სხვადასხვა კუთხეების მოვლით, უცხოელ ტურისტებს აცნობს და აყვარებს ქართულ სიმღერას.

 

გუნდი, რომელთან ერთადაც ამჯერად კარლი საქართველოში ჩამოვიდა, 9-კაციანი შემადგენლობით კალიფორნიის, კანადის და ნიუ-იორკის შტატებიდან არიან, ყველა მათგანს განსხვავებული პროფესია აქვს,  ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ქართულმა სიმღერამ დაამეგობრა კიდეც.

 

 სამკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ოზურგეთი, გურია და სვანეთი მოიარეს და პროფესიონალი ლოტბარებისგან მცირე დროში თითქმის პროფესიონალურ დონეზე დაეუფლნენ სვანურ ფერხულსა, თუ ყველა სხვა მხარეში შესწავლილ სიმღერებს.

მთიანი რეგიონების შემდეგ ჯერი სავარდო და სამაისო ქუთაისზე მიდგა, ქართული სიმღერით, ტრადიციებით და სტუმართმოყვარეობით მოხიბლულმა ქართული სიმღერა ჯერ ტელერადიო-კომპანია „რიონში“ სტუმრად მოწვეულებმა რადიოს ეთერიდან ააჟღერეს, შემდეგ კი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზიდან.

 

შეხვედრის ბოლოს კი ემოციურად განწყობილ მასპინძელს „მასპინძელო, მხიარულოთი“ დაემშვიდობნენ და სიმღერითვე დაილოცენ გზა შორეულ ამერიკაში; იქ, სადაც მათი დამსახურებით სვანურ ფერხულსა თუ გურულ კრიმანჭულს ენამოტეხვით, მაგრამ მთელი მონდომებით არაერთი უცხოელი გაიმეორებს და შეიყვარებს.

 

 

ეკა შალამბერიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2923
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია