ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ, პატრულის მანქანა გაიტაცეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პოლიციამ დარღვევის გამო, ავტომობილის მძღოლი გააჩერა და მანქანიდან გადავიდა, ამავდროულად, ეკიპაჟის მეორე წევრმა სხვა დარღვევა შენიშნა და ავტომობილი მანაც დატოვა, საპატრულო მანქანა კი უმეთვალყურეოდ დარჩა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა გამვლელმა, რომელმაც ცარიელი საპატრულო მანქანა შეამჩნია, მანქანაში ჩაჯდა და გაიტაცა.
"პოლიციელები გაოგნებულები იყურებოდნენ. ვერ გაიგეს რა მოხდა, შემდეგ კი გავარდნენ შუა გზაზე, გამვლელი ავტომობილი გააჩერეს და გამტაცებელს დაედევნენ. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, გამტაცებელმა ქალაქში რამდენიმე წრე დაარტყა, უკან კი პატრული მისდევდა. მოგვიანებით მან ქალაქიდან გასვლა დააპირა, თუმცა ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე მდებარე რესტორან „ჭიშურასთან“ გზა გადაუკეტეს. გამტაცებელი ამანაც ვერ შეაჩერა და საპატრულო პოლიციის მანქანებს დაეჯახა. როგორც შემდეგ გავიგეთ, პოლიციამ მოახერხა მისი დაკავება,-"აცხადებენ თვითმხილველები.
მათივე ინფორმაციით, გამტაცებელი ფსიქიკური პრობლემების მქონე პირია, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საპატრულო პოლიციის მანქანის გატაცების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.