საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჟანას ბლოგი
რამ შემაძულა „ბუბლიკები“?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/07/01 17:59:16

გუშინ, როდესაც სამსახურიდან სახლში მივდიოდი, მთელი დღის მოშიებულმა გადავწყვიტე, რამე ტკბილეული გამეყოლებინა ხელს. ვაღიარებ, მაღაზიების საკონდიტრო განყოფილების ხშირი სტუმარი ვარ ხოლმე. გუშინაც, ჩვეულებისამებრ, ვესტუმრე ჩემს „ამოჩემებულ“ მარკეტს, სადაც უთქმელად იციან, რისი ყიდვა მინდა. „ჩემი „ბუბლიკები“ ამიწონეთ-მეთქი“ – ვუთხარი გამყიდველს და საფულეში შემთხვევით შემორჩენილი ლარიანი მივაწოდე. გამყიდველმაც არ დააყოვნა და მომცა საკონდიტრო ნაწარმი. ჩანთაში ჩავიდე და წამოვედი, თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი, ძალიან მშიოდა:)))

 

აუტანელი სიცხისგან გაბრუებული, მივედი თუ არა სახლში, მაშინვე საჭმელს დავეწაფე, კარგად დანაყრებულმა კი ტელევიზორთან მოვიკალათე და დავიწყე ჩემი „ბუბლიკების“ მადიანად მირთმევა. ძველებურად არ მესიამოვნა მისი გემო, თუმცა, არ შევიმჩნიე და განვაგრძე ჭამა. ნუგბარი ჩემს დიასახლისსაც ვუწილადე, დიდი ძალდატანებით (მორიდებული ქალია).

 

ცოტა ხნის შემდეგ კი, ძალიან შემაწუხა უსიამოვო გემომ და სრულიად შემთხვევით დავხედე „ბუბლიკს“, რას ვხედავ: ჩემს ნაკბეჩზე „ამაყად“ დააბიჯებს თეთრი მატლი, რომელსაც რამდენიმე ბუდე გაუკეთებია საყვარელ საკონდიტრო ნაწარმში. ვერ აღვწერ, რა დამემართა!

 

პირველ რიგში საპირფარეშოს „მივმართე“, შემდეგ კი ჩემი 86 წლის დიასახლისი გამახსენდა, რომელსაც ის-ის იყო, უნდა დაეწყო ჭამა, რომ მივვარდი და ხელიდან გამოვგლიჯე, „მატლიანიას“ შეძახილით. მინიმუმ, ორი საათი მაინც დამჭირდა მოსასულიერებლად, შემდეგ კი ავიღე დარჩენილი „ბუბლიკები“ და ჩემს უკვე საძულველ მაღაზიას მივმართე გაცეცხლებულმა.

 

შევედი თუ არა მარკეტში, მაშინვე დახლიდარ ქალს მივვარდი: ეს რა მომყიდეთ-მეთქი, მან გაიკვირვა და ისე შემომხედა, თითქოს რაღაცას ვუშავებდი, ჩემს ბრალდებაში ეჭვი რომ არ შეეტანა, ფოტოაპარატით სულ რამდენიმე წუთის წინ გადაღებული ფოტოები ვაჩვენე მტკიცებულების სახით. ძალიან ბევრი ბოდიში კი მიხადა, თანაც გამომდინარე იქედან, რომ ჩეკიც არ მოუცია, შეეშინდა და კუთვნილი თანხაც სასწრაფოდ დამიბრუნა.

 

აქამდე არაერთხელ შევსულვარ იმ მაღაზიაში, მაგრამ აუტანელი სიცხე მხოლოდ ცხელ გულზე შესულმა დავაფიქსირე, შემდეგ ისევ ჩემი მირთმეული მატლები გამახსენდა. გამყიდველს მოვთხოვე, ეჩვენებინა ყუთი, საიდანაც აიღო „ბუბლიკები“ თუმცა აღმოჩნდა, რომ სულ სხვა მუყაოში ჰქონდა ჩაყრილი. მითხრა, რომ ათი დღის უკან მიიღო აღნიშნული პროდუქტი და მისი ბრალი არ არის, თუ მატლი სახლობდა შიგნით. შესაბამისად, არ მითხრა, რომელი დისტრიბუცია ამარაგებდა. თუმცა, მიმდებარე მაღაზიების გამყიდველებთან გასაუბრებით ადვილად გავიგე რუსულ-უკრაინული ფირმის მომმარაგებლის სახელი, „ხარკოვი“.

 

გამყიდველთან ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, წამოვედი და ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რაღა მაინცდამაინც მე უნდა დამემართოს ყველანაირი უბედურება? ამას წინათ რედაქციაში ე.წ. კრეკერი ამოვუტანე თანამშრომლებს, რომელშიც გაურკვეველი წარმშობის ძაფები აღმოჩნდა.

 

აღმოჩნდა, რომ ჩემი „ბუბლიკების“ ხარისხს არავინ აკონტროლებს. შემყვება თუ არა მატლი მისი ჭამისას, მხოლოდ გამყიდველისა და დისტრიბუტორის პატიოსნებასა და ჩემს გაფაციცებულ ყურადღებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს რაიმე კონტროლი მაღაზიაში დაძველებული პროდუქტების შესამოწმებლად. ან თუ არსებობს, არ მუშაობს...

 

ვინ დაეძებს, რას ვჭამთ ისეც მოწამლულ გარემოში?

 

ერთი კია, არასდროს არ დამავიწყდება ის საშინელი „ზლაზვნა“, რასაც ჩემს მუცელში წარმოვიდგენ ხოლმე და რამაც შემაძულა ჩემი საყვარელი „ბუბლიკი“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია