დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოცდების ეროვნული ცენტრი ხვალ, 25 ივნისს 11:00 საათიდან აბიტურიენტებს მიიღებს
2014/06/25 13:43:06

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აბიტურიენტებისათვის განცხადებას აქვეყნებს და ხვალ, 25 ივნისს, 11:00 საათიდან, გამოცდებთან დაკავშირებით, შეხვედრას სთავაზობს. 

 


გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:



2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები არ შესულა!



აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმაურება აბიტურიენტთა მიერ სოციალურ ქსელში დაანონსებულ ხვალინდელ საპროტესტო აქციას და მზადყოფნას გამოთქვამს ხვალ, 11:00 საათიდან ყველა დაინტერესებულ აბიტურიენტს შეხვდეს და მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. ამასთან, ცენტრი განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა აბიტურიენტთა დეზინოფირმირებას,თითქოს ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში ცვლილებები რამდენიმე დღით ადრე შევიდა. 



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში არცერთი დავალების ტიპი შეცვლილი არ არის. წინა წლების იდენტურია ამ დავალებათა შეფასების კრიტერიუმებიც (2013 წლის საგამოცდო ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების დასრულებისთანავე გამოაქვეყნა ვებგვერდზე). არ შეცვლილა არც ტექსტის რედაქტირების ინსტრუქცია, მხოლოდ არ არის მითითებული შეცდომების რაოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრებმა სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.



2013
წლის გამოცდების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ტექსტის რედაქტირების ინსტრუქციაში შეცდომების რაოდენობის მითითებამ აბიტურიენტებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ხშირად აბიტურიენტები იმგვარ ფორმებს ცვლიდნენ, რომლებშიც შეცდომა არ იყო დაშვებული. ითვლიდნენ "გასწორებული" შეცდომების რაოდენობას და ტექსტში რეალურად არსებული შეცდომები ყურადღების მიღმა რჩებოდათ, რის გამოც კარგავდნენ ქულებს. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს შედეგებზე!



როგორც ჩანს, 36 000-მდე აბიტურიენტიდან მცირე ჯგუფი 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციას ფლობს. მათი მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება სხვა აბიტურიენტების შეცდომაში შეყვანას იწვევს. სწორედ ამიტომ, ცენტრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ხვალ, 25 ივნისს, 11:00 საათიდან სამუშაო დღის დასრულებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს (მის: მინდელის ქუჩა №9) შეხვდეს. 



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა აბიტურიენტს უსურვებს წარმატებებს, მოუწოდებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემისკენ." - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია