საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ბრენდების დაცვა „საქპატენტის“ ეროვნული ღირსების საქმეა!
2014/06/23 14:45:34

ღვინის აკვანიდაქვევრი“ - უკვე დარეგისტრირებული ქართული სასაქონლო ნიშნებია

 

ქართული ბრენდი - ეს არის ის  სიმდიდრე, რომელსაც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ იცავს. ქართული ღვინო „ხვანჭკარა“, მეგრული ყველი, ჩურჩხელა  თუ ყველა სხვა ასეთი დასახელება, რომელიც შეიძლება, მხოლოდ  საქართველოსთან ასოცირდებოდეს, არის ის აქტივი, რომელიც  ნებისმიერი ქართველისათვის შეიძლება, შემოსავლის წყარო გახდეს. ამ აქტივს კი საერთაშორისო დონეზე დაცვა სჭირდება, რასაც „საქპატენტი“ ახორციელებს.

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება იქცა. საქართველომ  1992 წელს,  ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის პირველმა შექმნა და აამოქმედა ეროვნული საპატენტო სამსახური ,,საქპატენტი“, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრად. რომელიც დღეს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ძირითად სფეროს აერთიანებს: სამრეწველო საკუთრებას, საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, მცენარეთა და ცხოველთა ახალ ჯიშებს.

იმისათვის, რათა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყოს უზრუნველყოფილი, ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების გლობალურ სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაციაა აუცილებელი, რაც „საქპატენტის“ მთავარი პრიორიტეტია. დღეისათვის საქართველო მიერთებულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველა ძირითად

    

გიორგი ღვალაძე

 


როგორც „საქპატენტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო საქართველოსათვის სტრატეგიული პროდუქტების - ღვინისა და მინერალური წყლების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა უცხოეთის ქვეყნებში. ამ მიზნით საქართველო შეუერთდა ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის ლისაბონის შეთანხმებას, დაიწყო ორმხრივი მოლაპარაკებები გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ დსთ-ს ქვეყნებსა და ევროკავშირთან. ამ დროისათვის უკვე ძალაშია ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. გარდა ამისა, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები უკვე დარეგისტრირებული და დაცულია დსთ-ს რიგ ქვეყნებში.

 

როგორც „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ამბობს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. საქართველო იმ კატეგორიის ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს მდიდარი ბუნებრივი რესურსები, მით უმეტეს არც ფინანსური რესურსები.

 

„შესაბამისად, რაც ჩვენ გვაქვს, არის ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება, ცოდნა, ტრადიცია. ეს არის ძალიან კონკრეტული აქტივი, რომელიც შეიძლება, ძალიან სერიოზულ შემოსავლად გადაიქცეს“ - მიაჩნია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი კი ქართული ღვინის დასახელებებია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულება ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციის თაობაზე, რეალურად მათი დაცვა ვერ ხდებოდა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. მართალია, საქართველოში  დარეგისტრირებული იყო 18 ადგილწარმოშობის დასახელება და მათი საზღვრებიც, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ქართული ღვინის თემა გასული არ იყო.

 

 

***

 

„პირველ სერიოზულ პრობლემას  შევეჩეხეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი „ხვანჭკარა“ უკვე დარეგისტრირებული იყო ერთ-ერთი მეწარმის მიერ, რომელსაც ჰქონდა ექსკლუზიური უფლება ამერიკულ ბაზარზე ამ დასახელებაზე და შეეძლო, ქართული „ხვანჭკარა“ არ დაეშვა იქ. 

 

ჩვენ გვქონდა მასთან საკმაოდ სერიოზული სასამართლო დავა იმიტომ, რომ იქ თავის დროზე არასწორად მოხდა  სახელწოდების რეგისტრაცია და საბოლოოდ,  2011  წელს მოვახერხეთ „ხვანჭკარა“ს დაბრუნება. წელიწადზე მეტი მოვუნდით ამ პროცესს“ - იხსენებს „საქპატენტის“ თავმჯდომარე, საინტერესოა, რომ აშშ-ს საპატენტო უწყებამ ორჯერ უთხრა უარი რეგისტრაციაზე იმ პიროვნებას, ვინც შეიტანა და შემდეგ მხოლოდ ქართველების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე გასცა  სარეგისტრაციო მოწმობა.

 

 ეს იყო ერთი მეწარმე, რომელიც ახლა საკმაოდ დიდი მეღვინეა და  ბევრი ქვეყნიდან შეაქვს იქ ღვინო, მათ შორის საქართველოდანაც. ვერ ვიტყვით, რომ ის მაინცდამაინც ფალსიფიცირებულ  „ხვანჭკარას“ ყიდდა, უბრალოდ, მონოპოლიურ უფლებას ფლობდა. ასევე, რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა მითვისებული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებები და ჩვენ დავიბრუნეთ.“

 

„დღესდღეობით  ჩინეთში გვაქვს  პრობლემა, იქ ერთ-ერთ დისტრიბუტორს ჰქონდა უკვე  „ხვანჭკარა“ და „მუკუზანი“ დარეგისტრირებული და ჩვენ სასამართლო დავას ვიწყებთ“ - აცხადებს სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქურდიანი.  მისივე თქმით, ძალიან ხშირი იყო ქართული ადგილწარმოშობის სახელების ფალსიფიკაციის ფაქტები და „საქპატენტს“ სასამართლო დავებიც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბალტიისპირეთში ბულგარეთში ჩამოსხმული „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ იყიდებოდა.  ბულგარეთში ამ ფალსიფიცირებული ქართული ღვინის დიდი პარტია ამოიღეს.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ ჩვენი ბრენდი იყოს დარეგისტრირებული, იმიტომ, რომ როდესაც  დაცვის სამართლებრივი მექანიზმები უკვე გაქვს, შემდეგ აღსრულებას  ადვილად აკეთებ“ - აცხადებს „საქპატენტის“ თავმჯდომარე.

„საქპატენტის“ წარმომადგენლების განცხადებით, ამჟამად რეგისტრაციის პროცესები  დასრულებულია ევროკავშირშიც. ასევე, ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ტრადიციული ბაზრები,  როგორიცაა ყაზახეთი, ბელორუსია, უკრაინა. ყაზახეთსა და ბელორუსიაში ყველა დასახელება რეგისტრირებულია, უკრაინაში მიმდინარეობს რეგისტრაცია. რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია რუსეთშიც.

 

„სანამ დაიწყებოდა საუბარი, რომ რუსული ბაზარი იხსნება, მანამდე დავიწყეთ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ფალსიფიკაციის დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა, როცა დარეგისტრიტებული გაქვს შენი ნიშნები და  დასახელებები. დღეს, როდესაც საუბარია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროპასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ამ ბაზარზე ჩვენი დასახელებები დაცული იყოს. ჩვენ შორსაც წავედით და არა მარტო ღვინო, არამედ სხვა დასახელებებიც დაემატა, მაგალითად, რძის პროდუქტები, ქართული ყველის ტრადიციული სახეობები, ასევე  - მინერალური წყალი“ - ამბობს „საქპატენტის“ თავმჯდომარე. მისივე თქმით, ყველის სახეობებში დაცული გვაქვს სულგუნი, სვანური, გუდის ყველი. დაცული გვაქვს ასევე, მინერალური წყლებიც - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „საირმე“.

 

 

***

 

„ჩვენ მარტო ღვინოზე არა ვართ  ორიენტირებული. ბრენდია ქართული ყველი, მეგრული სულგუნი, მესხური ყველი, ჩეჩილი, მაწონი, ჩურჩხელა, ჭაჭა. ეს არის ჩვენი

    

გიორგი ქურდიანი

 


ქვეყნის სიმდიდრე, რომლის გამოყენებაც   ყველა ჩვენს  მოქალაქეს შეუძლია, თუ იმ წესებს და იმ რეგლამენტებს დაიცავს, რომელიც ამ პროდუქტს გააჩნია“ - ამბობს გიორგი ქურდიანი.

 

„ცალკე დავიცავით ჩურჩხელაც, რომელიც სუფთა ქართული ბრენდია. შეიძლება ითქვას, რომ ჩურჩხელა ერთი პერიოდი გადახდის საშუალებაც  კი  იყო საქართველოში. ისტორიულ წყაროებში ვნახეთ, რომ ერთმა მონასტერმა გადაუხადა ამდენი ჩურჩხელა სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ჩურჩხელას იყენებდნენ სამხედრო თვალსაზრისით - ჯარი როდესაც მიდიოდა საომრად, ჩურჩხელებს  ატანდნენ. რაც გვაქვს დასაცავი, ის აუცილებლად უნდა დავიცვათ. თუ თურქები „ფაჰლავას“ იცავენ და ათეულობით  სახეობის „ფაჰლავა“ აქვთ დაცული, ჩვენ რატომ არ უნდა დავიცვათ მაგალითად, ჩურჩხელა?“ - ამბობს ირაკლი ღვალაძე.

 

 „ჩვენ გვაქვს მუზეუმი, სადაც გვაქვს ორი სასაქონლო  ნიშანი. ერთი არის „ქვევრი,“  რომელიც შეიძლება, მხოლოდ საქართველოში წარმოებულ ღვინოს დაერქვას და საქართველოში ნებისმიერ პიროვნებას აქვს ამის გამოყენების უფლება. მეორე - „ღვინის აკვანი,“ რომელიც რეგისტრირებული არის საქართველოს მიერ. ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ასოციაციები ფლობდნენ ამ სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლებას“ - ამბობს სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსი. მისივე თქმით, სასაქონლო ნიშნების გარდა, ხდება გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დაცვა.

 

„ყველა ქვეყანას აქვს თავისი ადგილწარმოშობის დასახელებები, რომლებიც მარტო იმ ქვეყანასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, საქართველოში არის 18 ადგილწარმოშობის ღვინის დასახელება. სულ 37 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება გვაქვს დაცული“ - ამბობს გიორგი ქურდიანი.

განსხვავება ადგილწარმოშობის დასახელებას და გეოგრაფიულ აღნიშვნას შორის მარტივია. მაგალითად, ხვანჭკარა, ქინძმარაული, მუკუზანი არის მიკროზონა, ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნა დაკავშირებულია მთელ ქვეყანასთან, მთელ საქართველოსთან - მაგალითად ჭაჭა, ჩურჩხელა, მაწონი, სულგუნი.

 

„ჩვენთან დაცული ყველა ამ ობიექტის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება. მათი ნებართვის გარეშე არავის არა აქვს მათი გამოყენების უფლება. სასაქონლო ნიშანი   ეს არის პირადად მისი, ხოლო ადგილწარმოშობის დასახელებები   სახელმწიფოსი“ - აცხადებს გიორგი ქურდიანი, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენის უფროსი.

 

„თქვენ თუ ახალი წამალი  შექმენით ან რაღაც გამოიგონეთ, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ვინც ამას გამოიყენებს, მოსთხოვოთ, რომ თანხა გადაგიხადოთ.  თქვენი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერ გამოიყენებს. სასაქონლო ნიშანი არის პიროვნების ან პირთა ჯგუფის, ხოლო ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ფლობს სახელმწიფო და ის იძლევა გამოყენების უფლებას.“ გვიხსნის გიორგი ქურდიანი.

 

როგორ ხდება დასახელებების დაცვა?!

 

ნებისმიერი დასახელების დაცვის შემთხვევაში დგება  სპეციალური დოკუმენტი, სადაც აღწერილია, როგორი შეიძლება იყოს ესა თუ ის დასახელების ღვინო. 

 

ადგილწარმოშობის დასახელება მიბმული არის  აუცილებლად კონკრეტულ უბანთან, მაგალითად, ხვანჭკარის ზონა - ეს არის ძალიან კონკრეტული დასახელება რაიონის, ზუსტად განსაზღვრული რუკაზე, სადაც მოდის ორი ჯიშის ყურძენი - მუჯურეთული და ალექსანდროული, რომელთა შეერთებით ვიღებთ ღვინოს  „ხვანჭკარა“. დეტალურად არის განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს „ხვანჭკარამ“ - კლიმატური პირობები, ნიადაგის მდგომარეობა, აგროტექნიკური ვადები, ანუ როგორ უნდა მოუაროთ ამ ყურძენს და ა.შ.

 

ეს არის სპეციალური წესი, რომელიც ზუსტად უნდა იყოს დაცული, რომ მეწარმემ მიიღოს „ხვანჭკარა“. ამ ჯიშის ყურძენი რომ დაირგოს კახეთში, იქ ხვანჭკარას ვერ მოიყვან. ამაზე სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტო აძლევს სპეციალურ მოწმობებს და შემდეგ „საქპატენტი“ ატარებს  რეგისტრაციაში იმ კომპანიებს, ვისაც აქვს უფლება გამოიყენოს ეს დასახელება. ასეთი ტიპის რუკები და განმარტებები იქმნება ყველა ადგილწარმოშობის დასახელებაზე და ამიტომ ამას სჭირდება შესაბამისი სპეციალისტები, ექსპერტები.

 

„მაგალითად, ყველის  შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ძროხის ფაქტორი - რძე საიდან არის, ძროხა სად დადის, სად ბალახობს. იქ, საძოვრები, სადაც დადის, როგორ ზონაშია, არის თუ არა ეკოლოგიურად სუფთა და ა.შ. მნიშვნელოვანი სქემებია. ამიტომ ნაციონალურ ბრენდსაც ვეძახით ჩვენ ამას - ადგილწარმოშობის დასახელება ძალიან სერიოზული ღირებულებაა.

 

 როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი წარმოების განვითარებაზე, ეს არის ზუსტად ის, რაც არის მაღალი ღირებულების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და ასეთი დასახელება ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს. მაგალითად, აიდაჰოს  შტატში რომ მიდიხარ, აწერია  - „აიდაჰო კარტოფილის სამშობლო“. ეს აიდაჰოს კარტოფილი არის  დიდი ზომის და საერთოდ ვერ მოვა სვანურ კარტოფილთან, მაგრამ სვანური კარტოფილის დაცვა არავის არ უფიქრია... ანუ ყველაფერს  უნდა დაცვა, გაბრენდება და გაპიარება. თანამედროვე  ეკონომიკაში ასეა, რომ შენი საქონელი  გაასაღო“ - ამბობს ირაკლი ღვალაძე.

 

„ჩვენთან რომ ახალ დასახელებაზე შემოიტანონ სარეგისტრაციოდ განაცხადი, ამისთვის საჭირო არის, კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოახდინოს დაკვირვება, შეისწავლოს კარგად. შესწავლას აქვს თავისი რეგულაციები - უნდა მოხდეს დაკვირვება მზე, ნიადაგი, ვაზი როგორია, ყურძენს რომელ წელს როგორი შაქრიანობა აქვს და ა.შ. იმიტომ არის ეს ადგილწარმოშობის დასახელება ძვირფასი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანასთანაა დაკავშირებული, მარტო აქ მოდის ეს განსაკუთრებული თვისებების პროდუქტი. სახელმწიფო ქირაობს იმ სპეციალისტს და მეცნიერებს, რომელიც საჭიროა ამ ყველაფრის შესასწავლად და ჩვენთან მზა დოკუმენტაცია შემოდის. „საქპატენტი“, უბრალოდ, ამას არეგისტრირებს, გადახედავს, დოკუმენტები რამდენად შეესაბამება მოთხოვნებს და მოახდენს მის რეგისტრაციას, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს გარდა, მისი გამოყენების უფლება არავის აქვს“ - ამბობს გიორგი ქურდიანი.

 

მიუხედავად იმისა, რომ „საქპატენტის“  ფუნქცია უშუალოდ რეგისტრაციაა და მას შესაბამისი  განაცხადი  სახელმწიფომ უნდა წარუდგინოს, როგორც ირაკლი ღვალაძე ამბობს, ბევრ საკითხში ორგანიზაციამ თავად გამოიჩინა ინიციატივა, რადგან სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა. მაგალითად,  2011 წელს მოხდა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის წარდგენა მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში. ამ დროისთვის  საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ეს არ ჰქონდა დარეგისტრირებული.

 

„ეს ჩვენი პირდაპირი საქმე არ იყო, მაგრამ როდესაც ვნახეთ,  რომ ყველა ქვეყანას ჰქონდა სახელმწიფო სიმბოლიკა დარეგისტრირებული, შესაბამისი შეთანხმებით დავარეგისტრირეთ ჩვენი დროშა, დიდი გერბი და პატარა გერბი და ეს თემაც  ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა, ეს არის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება. ამას ვერასოდეს ვერავინ ვერ გახდის სადაოდ.

 

ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი და არა მხოლოდ პროდუქტებზეა საუბარი, აქ შეიძლება იყოს საუბარი ხელნაკეთ ნივთებზე, ქართულ თექაზე, გობელენზე. მაგალითად, ირანმა დაიწყო ხალიჩების რეგისტრაცია, როგორც ადგილწარმოშობის დასახელების, იმიტომ, რომ ის ხელნაკეთია და არის კონკრეტული ჯიშის ცხოველის მატყლისგან დამზადებული. ეს ყველაფერი არის ქვეყნის იდენტიფიკაცია, ქვეყნის სახე და შემოსავლის მომტანიც არის კონკრეტული ფერმერისთვის, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული. რატომაც არა საქართველო - ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ და გვაქვს ამის საშუალება“ - აცხადებს „საქპატენტის“ თავმჯდომარე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „საქპატენტმა“  დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი „ღვინის აკვანი“ და „ქვევრი.“ ამ სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით დავა იყო სომხეთთან. თუმცა, როგორც „საქპატენტის“ თავმჯდომარე ამბობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამ სფეროში ბევრი რამე უფრო საკითხის დროულად გადაწყვეტაზეა, ვიდრე მეცნიერულ კვლევაზე.

 

 „თუ შენ დროზე დაარეგისტრირე, ჩათვალე, რომ ექსკლუზივი გაქვს, მაგრამ ჩვენ არა მარტო სისწრაფეზე ვართ ორიენტირებული, არამედ, გვაქვს  მეცნიერული საფუძველიც, რომ ვთქვათ - საქართველო არის  „ღვინის აკვანი.“

 

 

***

 

„საქპატენტის“ უახლოესი გეგმები კვლავ სხვადასხვა ქართული ბრენდის დარეგისტრირებას უკავშირდება. განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ცხვრის თემა, რადგან  ესეც დაცულია ადგილწარმოშობის დასახელებით. ირაკლი ღვალაძის თქმით,  ცხვრის ხორცს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად იცავენ. ქართული ცხვარი კი ძალიან დიდი ღირებულებისაა,  ოღონდ, მასაც გაბრენდება სჭირდება. ამიტომ აუცილებელია,  ესეც ადგილწარმოშობის დასახელებას  ან გეოგრაფიულ აღნიშვნას მიებას. ჩვენთან, ძირითადად, ორი სახის ცხვარია, კოლხური და თუშური ცხვარი. გარდა ამისა, იგივე ღვინოსთან დაკავშირებით არის ახალი ადგილწარმოშობები და ამაზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, არის ახალი დასახელებები, რომლის ზონების დადგენაც მიმდინარეობს და მისი რეგისტრაციაც აუცილებლად უნდა მოხდეს.

 

„ეს თემები, რაც დაკავშირებულია ადგილწარმოშობის დასახელებასთან, ღვინოსთან, ამის ინიციატორი და მთავარი წამყვანი არის კერძო ბიზნესი, ღვინის ასოციაციები, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და კიდევ უფრო მეტად ვგეგმავთ ურთიერთობის გაგრძელებას.

 

საერთოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბიზნესი თუ არ დაინტერესდა ამით, ჩვენ რაც  არ უნდა ვარეგისტრიროთ,  „საქპატენტი“  ღვნოს თვითონ ვერ ჩამოასხამს და ვერ გაყიდის. ეს კომპანიამ უნდა გააკეთოს.

 

 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა აინტერესებს ბიზნესს, რომ მათ გვერდით ვიყოთ, დავეხმაროთ და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობა“ - აცხადებს „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე.

 

 

ავტორის მინაწერი:

 

 

ჩემს მიერ მომზადებული ეს სტატია გამოქვეყნებული იყო ახლახანს, სომელიეთა ასოციაციის მიერ გამოცემულ ჟურნალში „ღვინო“, თუმცა თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, „პოსტსკრიპტუმის“ მკითხველისთვისაც გამეცნო ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ცენტრის, „საქპატენტის“ საქმიანობის შესახებ.

 

 

ნატო გუბელაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია