დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №09 (360), 6-12 მარტი, 2006 წელი
„მანოლიას“ ტყვე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/17 15:49:52

 „ტრაფიკინგის მსხვერპლი გაუსაძლისი ცხოვრების გამო გავხდი“

 

ნინო მესხი  ემიგრაციის შემაშფოთებელი სტატისტიკის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, მის ემიგრანტობას ტრაგიკული გაგრძელება - შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლობა მოჰყვა. ეს „დიაგნოზი“,  თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებულ ნინოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში, მისი თავგადასავლის მოსმენის შემდეგ დაუსვეს.

 

ნინო მესხის გზა მოსკოვის გერცენის უნივერსიტეტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტიდან დაიწყო და, როგორც თავად ამბობს, ვერც იფიქრებდა, რომ თურქეთში „მანოლიას ოფისში“ გაგრძელდებოდა. რუსეთიდან დაბრუნებული ნინო „დეკის ბაღში“ რუსული წრის  პედაგოგად მუშაობდა. შემდეგ შემცირებაში მოჰყვა და დროებით უმუშევრად დარჩენილი ქალბატონი ქრონიკულად უმუშევრად იქცა... რუსული განათლება, ორი ენის ცოდნა, კომპიუტერული კურსების  სერთიფიკატი- ქართულ რეალობაში უმოქმედოდ დარჩა.

 

როცა ნინოს ცხოვრებამ არჩევანი აღარ დაუტოვა, საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. პირველი მცდელობა იტალიაში წასულიყო- წარუმატებელი აღმოჩნდა. ქალი, რომელიც წაყვანას ჰპირდებოდა, ქრთამის აღებაზე დააკავეს. ეს,  ფაქტობრივად, ნინოსთვის  გაკოტრებას ნიშნავდა- ბანკში გირაოდ ჩადებული სახლი გამოსახსნელი იყო, ყოველდღიური პურის ფული საშოვნელი...

ნინო 2005 წლის 26 დეკემბერს „მაჰმუდ ტურის“ ავტობუსით ქუთაისიდან- ჭავჭავაძის ავტოსადგურიდან წავიდა თურქეთში. საზღვარზე დაუბრკოლებლად გადავიდნენ, თუმცა, „არალეგალები“ ავტობუსში, ნინოს თქმით, ნამდვილად იყვნენ...

 

ნინო მესხი: „გადავწყვიტე წავსულიყავი, რადგან ვერც რუსეთში დავბრუნდი და ვერც აქ დავიწყე მუშაობა. ყველგან უარი მითხრეს. მივედი ერთ ქალბატონთან, რომელსაც ხალხი გადაჰყავდა (ახლა ის გარდაცვლილია), რატომღაც მან უარი მითხრა. თუმცა, მე მაინც მოვხვდი თურქეთში. ამისთვის მხოლოდ მგზავრობის ფული დამჭირდა. როცა თურქეთში ჩავედი, ვიცოდი, რომ უნდა მივსულიყავი „მანოლიას ოფისში“. ტაქსის მძღოლს ოფისის მფლობელის, მანოლიას, იგივე ნანულის სავიზიტო ბარათი მივეცი. მან დახედა თუ არა, გაოცებულმა შემომხედა და თქვა: „მანოლიასთან მიდიხარ? ვიცით!“

ნინოს მონათხრობიდან „მანოლიას ოფისი“ სტამბულის გარეუბანში მდებერეობს და სულ ორი ოთახია, სადაც 40-მდე ქალი და რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს- ყველანი ქართველები არიან. ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან: სამტრედიიდან, ჭიათურიდან, ქუთაისიდან. „ოფისს“ მანოლია ზედამხედველობს, თუმცა, მისი ოფიციალური მმართველი მანოლიას შვილი- მარიშკაა.

 

„როცა იქ მივედი, იმწამსვე პასპორტი ჩამომართვეს და 20 დოლარი ღამისთევისა და კვების ფული. მანოლია, როგორც ვიცი, გურიაში მცხოვრები  ბერძენი ქალია... იქ დამხვდა უამრავი ქალი, ერთ ოთახში შეყრილი, სადაც საშინელი ანტისანიტარია და სიბინძურე იყო. საღამოს ყველანი ერთად უნდა ვყოფილიყავით. ზედმეტად შუქს ვერ აანთებდი. ქვეშაგებლები პირდაპირ იატაკზე ეყარა... ვინ სად ვიწექით და როგორ - ეს საშინელება იყო. მანოლია აკონტროლებდა, რომ ზედმეტად გაზი არ გამოგვე-ყენებინა. ერთი საპნით ვიბანდით ყველა და იმავე საპნით ჭურჭელს რეცხავდნენ... ფანჯარასთან მისვლა გვეკრძალებოდა, ვინმეს არ უნდა დავენახეთ, ფარდა არ უნდა გადაგვეწია. იქ ყოველ მეორეს სიყვითლე ჰქონდა- გახსენებაც კი მიჭირს.“

 

პირველი შეკითხვა, რასაც „მანოლიას ოფისში“ მოხვედრილ ადამიანებს უსვამდნენ, არის - რა შეგიძლია? შემდეგ შესაძლებლობების მიხედვით „არიგებდნენ“ სამუშაოზე. „მოვა თქვენი დრო. ეს დრო კი თვეობით გაგრძელდა. იქ იყვნენ ქალები, რომლებიც თვეზე მეტი ელოდნენ სამუშაოს. ტიროდნენ. იყო ერთი 70 წლის ქალბატონი, რომელსაც  ყოველდღიურ 10 დოლარიან სამუშაოზე აგზავნიდნენ, მაგრამ ამ ფულის ნაწილს კვების და ღამისთევისას მანოლია ართმევდა. მე ევროპელი თურქის ოჯახში გამიშვეს ძიძად, სადაც სულ ორი დღე ვიყავი. დიასახლისი რუსის გოგონა იყო, რომელიც წარმოუდგენელ შეურაცხყოფას მაყენებდა: მიყვიროდა, ფეხსაცმელებს მესროდა.“

 

საღამოობით ოფისში საშინელი სიტუაცია იყო. ქალების „ზონაზე“ წამიკითხავს ისეთი რამეები. იქ იყო ორი ქალი, მანოლიას ნდობით აღჭურვილი პირები, რომელებიც სხვებს ამცირებდნენ და სცემდნენ კიდევაც. მანოლიას  საღამოს მომხდარ ამბებს უყვებოდნენ. ის კი სჯიდა მათ - სამსახურზე რამდენიმე კვირის მანძილზე არც უნდა ეოცნებათ.

 

„შეთანხმების“ თანახმად, ნინოს მანოლიასათვის, სამსახურის დაწყების სანაცვლოდ, პირველი ხელფასი - 350 დოლარი უნდა დაეტოვებინა. სამაგიეროდ, პასპორტს დაუბრუნებდა. ამავე შეთანხმებით, თუ ერთი თვის შემდეგ ოჯახს შეიცვლიდა და სხვაგან გადავიდოდა, ხელფასის ნახევარი, თუ კიდევ შეიცვლიდა - ისევ ნახევარი... თამაშის ეს წესი „მანოლიას ოფისის“ ყველა ბინადარზე ვრცელდებოდა. თუმცა, რეალურად ვალის გასტუმრება თვეობით შეიძლება გაგრძელებულიყო.


„იქ იყო ერთი ქართველი გოგო, რომელმაც თქვა, რომ შვიდი თვეა, მანოლიას ფულს უხდის და არ იცის, რაში. ამბობდნენ იმასაც,  რომ მანოლია ქალებს ეგრეთწოდებულ „კარუსელში“ აბრუნებდა. ხალხს, ძირითადად, ერთსა და იმავე ოჯახში უშვებდა და ისინიც დაუსრულებლად მანოლიას მევალეებად თვლიდნენ თავს.“

 

ნინო იხსენებს ორ ბიჭს, რომლებმაც მანოლიას ყელზე დანა მიადეს და პასპორტების დაბრუნება სთხოვეს- ერთ-ერთი მათგანი ფეხბურთელი იყო. მას შეჰპირდნენ, რომ სტამბულის ნაკრებში ათამაშებდნენ, მაგრამ სანაცვლოდ  კაპიკებიან სამუშაოზე ქახანაში  უშვებდნენ. „იქ უამრავი ახალგაზრდაა, რომლებმაც ნარკოტიკის კეთება დაიწყეს. იყო ერთი სამტრედიელი გოგონა- 17 წლის, რომელიც მანოლიამ შუაღამისას გააგდო გარეთ. რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა მოვიდა. შევამჩნიეთ, რომ ხელზე ნანემსარები ჰქონდა.

 

როცა ადამიანს პასპორტი არა აქვს, არც ფული და არც საჭმელი, ის ამ გზას ადგება. დილით, შუადღეზე და საღამოს, უბედურების დასავიწყებლად, ნარკოტიკს იკეთებდნენ. იქაური სიტუაცია ადამიანებს ამას აიძულებს ... დასვენების დღეს „იზიმზე“ მიდიოდნენ ქართველები და ფულს ტოვებდნენ, რომ დამშეულ, ჩვენს დღეში მყოფ ადამიანებს ერთი ლუკმა ეჭამათ.“

 

გაუსაძლისი მდგომარების გამო, ნინო 2006 წლის 1 იანვარს უკან დაბრუნდა. მანოლიამ მას პასპორტი თითქმის უპრობლემოდ დაუბრუნა, რადგან მისი არაფერი ემართა. „მითხრა: აი, შენი პასპორტი, ოღონდ, რომ ჩახვალ, არაფერი მოყვეო“...

 

ნინოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი  ქუთაისშივე დაუჯავშნეს, თუმცა, ამისთვის მის მეგობარს თბილისში ჩასვლა და თვით მაჰმუდის ნებართვა დასჭირდა. „რომ მოვდიოდი, ქალებმა მთხოვეს, რომ მათი ამბავი ვინმეს ყურამდე მიმეტანა. მათ ჰქონდათ კონსულის ნომერი, მაგრამ იქ სულ ავტომოპასუხე გვპასუხობდა. მე არაფრის არ მეშინია. სხვათა შორის, ერთმა ქალბატონმა, რომელიც იქ ჩემთან ერთად იყო, მაინც მიმართა მიგრაციის სამსახურს - „მაჰმუდ ტურშივე“ დაასაქმეს. მან მირჩია, გავჩუმებულიყავი, სანაცვლოდ, ალბათ, მეც დამასაქმებდნენ, მაგრამ მე არ შემიძლია, გავჩუმდე იმ საშინელებაზე, რაც იქ ხდება...“

 

ქუთაისში დაბრუნებულმა ნინო მესხმა კონსულტაცია მიგრაციის საერთაშორისო სამსახურის  თანამშრომლებთან: მარინე მეტრეველთან და ირინე ტყეშელაშვილთან გაიარა, რომლებმაც სოდ-ის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობა ურჩიეს.

 

ირინე ტყეშელაშვილი: „ნინომ, ჩამოვიდა თუ არა, ჩვენ მოგვმართა. ჩვენ გავუწიეთ კონსულტაციები, ვესაუბრეთ ადამიანურად... ნინო ემოციურ მხარდაჭერასაც საჭიროებდა და შემდეგ ვთხოვეთ, რომ სოდ-ის შესაბამის სამსახურთან ეთანამშრომლა. ის დათანხმდა ჩვენს წინადადებას“.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნინო მესხი, როგორც თავად ამბობს, ორჯერ იყო სოდ-ის შესაბამის სამსახურში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსმა ბაკურ ბაბუხადიამ, ქალბატონის სახელი და გვარი ვერაფრით გაიხსენა. მოგვიანებით კი სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ნინო მესხს პირადად მასთან არ უსაუბრია და აუცილებლად დაინტერესდება ამ ფაქტით.

როგორც ნინო ამბობს, დასაკარგი არაფერი აქვს, შიშითაც არ ეშინია, თან „მანოლიას ოფისში“ დარჩენილ ქართველებს დახმარებას შეჰპირდა...

 

 

მაგდა ჩინიჯიშვილი

 

 

 

09 (360), 6-12 მარტი, 2006 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია