დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირღვევა თუ არა კანონი სკოლის გვერდით სლოტკლუბის გახსნით?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/03 14:23:42

არ მინდა, ჩემმა შვილმა გაკვეთილზე ყოფნის დროს სლოტკლუბს უყუროს

 

 

ქუთაისში, რუსთაველის 9 ნომერში, რესტორან  „მირზაანის“ ყოფილ  შენობაში სლოტკლუბი იხსნება. ფაქტი საზოგადოების დაინტერესებას არ გამოიწვევდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - შენობა, სადაც სლოტკლუბი EVROPA BETI იხსნება, ქალაქის ?1 საჯარო სკოლის გვერდით მდებარეობს.

 

გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათ არ სურთ, მათი შვილი საკლასო ოთახის ფანჯრიდან სლოტკლუბს უყურებდეს.

„არ მინდა ჩემი შვილი სკოლაში მისვლამდე გასართობ ცენტრს უყურებდეს. მართალია, ქალაქში ბევრი სლოტკლუბია და მათ კანონი არ კრძალავს, მაგრამ ხომ შეიძლება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც დაარეგულიროს და არ მისცეს მფლობელს საშუალება მსგავსი დაწესებულება სკოლის გვერდით გახსნას. თუ მეტი ადგილი არ მოიძებნა ამხელა ქალაქში?! მაგრამ მომავალ თაობაზე არავინ ზრუნავს, მათი მთავარი ამოცანა ხომ ჩვენი შვილების პოტენციურ მოთამაშეებად ჩამოყალიბებაა,“ - აღნიშნა ნინო იობიძემ.

 

ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სლოტკლუბების და გასართობი ცენტრების მიმართ მეტად ლოიალურია.

„ქალაქში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ტოტალიზატორი და სლოტკლუბია, კიდევ რაღა მოიგონეს, რომ ზედ სკოლის გვერდით არ გახსნან, ვისაც თამაში უნდა, ქალაქგარეთაც იპოვის მათ. ამ ბავშვებს სკოლიდან რომ არ აყურებინონ არ შეიძლება? მაგრამ ბავშვობიდან თუ არ შეურყიეს ფსიქიკა, ისე ხომ კლიენტების გარეშე რჩებიან. სამწუხაროა, რომ ქუთაისში ლომბარდის და სლოტკლუბის მეტი არაფერია, ვერცერთმა სხვა ბიზნესმა ვერ გაამართლა, მხოლოდ იმათ, რომლებიც ხალხს ძარცვავს,“ - აღნიშნავს თინა რევიშვილი.

 

საქართველოში არსებული კანონით, აზარტული თამაშების შესახებ, გასართობ დაწესებულებებში 21 წლამდე პირთა შესვლა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ახალგაზრდა არაა 21 წლის, ადმინისტრაციას უფლება აქვს მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუმცა, რამდენად ამარტივებს ასაკობრივი ზღვარის დადგენა სიტუაციის სიმწვავეს, სხვა თემაა.


რაც შეეხება კანონს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ მსგავსი დაწესებულების გახსნა, ასევე მომგებიანი თამაშობების ბილეთების გაყიდვა-გავრცელება იკრძალება საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობებში. რაც შეეხება აღნიშნული დაწესებულებების გარეპერიმეტრს, კანონში ამ კუთხით ვერაფერს ვკითხულობთ.

 

თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  საქართველოს კანონმდებლობით საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, ახლოს მდებარე მაღაზიებსა და მარკეტებში  თამბაქოს გაყიდვა 500 ლარით ჯარიმდება.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სლოტკლუბის და, ზოგადად, მომგებიანი თამაშობების მოწყობა   იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში (ტერიტორიულ ზონებში, შენობა-ნაგებობებში). თუმცა, როგორც მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ აღნიშნა, დღეისთვის ქუთაისის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილი აკრძალული ადგილები არ არსებობს. საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც დადგა, მაგრამ ამჟამინდელი მოწვევის საკრებულომ იმის გამო, რომ მუშაობის მცირე პერიოდი რჩებოდა, მისი მიღება შეაჩერა და აღნიშნული პრეროგატივა მომავალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს დაუტოვა.

EVROPA BET-ის სლოტკლუბის გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ადგილზე შევეცადეთ. შენობაში მისვლისას იქ მყოფებმა განაცხადეს, რომ შენობის მფლობელს მთავრობაში კაცი ჰყავს და არანაირი ნებართვის მიღება არ გაუჭირდება. ასევე აღნიშნეს, რომ მერია საქმის კურსშია და ყველა საბუთი წესრიგშია.

 

თუმცა, სლოტკლუბის წარმომადგენელთა განცხადების საპირისპიროს აღნიშნავს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ანდრო მარჯანიშვილი. მარჯანიშვილის თქმით,  შენობის ახალმა მფლობელმა მათთან განცხადება მხოლოდ შენობის უკანა მხარეს მდებარე აივნის შემინვის ნებართვაზე შეიტანა, რაც შეეხება სლოტკლუბის გახსნის და მიმდინარე სხვა სამუშაოების შესახებ  მერიას, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

 

„რამდენადაც ცნობილია, შენობა ახალმა მფლობელმა შეიძინა, რომელიც შენობაში პატარ-პატარა შიგა სამუშაოების და აივნის შემინვის ნებართვას ითხოვდა. ჩვენს კითხვაზე - შეცვლიდა თუ არა შენობის ფუნქციას, - გვითხრა,  რომ მხოლოდ შიგა სამუშაოების ჩატარება უნდა და ფუნქციასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არიან. ამიტომ არ ვიცით, რა იგეგმება, თუკი მოგვმართავს, ჩვენ კანონის მიერ დადგენილი წესებით ვიმოქმედებთ. ერთადერთი რაზედაც პრეტენზია გვქონდა იყო ის, რომ შენობა ისტორიულ უბანშია და მისი იერსახის შეცვლაზე ნებართვა შენობის არქიტექტორს უნდა გაეცა. როგორც გაირკვა, მფლობელმა აღნიშნული თანხმობაც მიიღო, ამიტომ ამ დროისთვის არანაირი უკანონო მშენებლობა არ მიმდინარეობს,“ - განაცხადა მარჯანიშვილმა.

 

არქიტექტურის სამსახურის უფროსისგან განსხვავებით საქმის კურსშია მერიის იურიდიული სამსახური. ირაკლი გიორგაძემ აღნიშნა: ვიდრე საბუთს ხელს მოაწერდა შენობაში სლოტკლუბის გახსნის შესახებ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნოდარ მიქიაშვილმა მას კანონის გადახედვა სთხოვა, რადგან რაიმე კანონშეუსაბამობას ადგილი არ ჰქონოდა.

 

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შენობის მფლობელია შპს „ბაიარ მასტერის“ დამფუძნებელი მამია მორალიშვილი. მორალიშვილი რომ უშუალოდ კავშირშია მშენებლობასთან, ადასტურებენ რუსთაველის 9 ნომერში მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულებიც.


გაზეთი „P.S.“ შეეცადა დეტალური ინფორმაცია თავად მორალიშვილისგან მიეღო, თუმცა მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ არც „მირზაანთან“ და არც ამჟამად მიმდინარე სამუშაოებთან არაფერი აკავშირებს და არც არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია