დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"თუ ბნელა, კივილს იწყებს, შუქი ერთადერთია, რასაც გრძნობს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/31 00:10:34

დავალიანების გადაუხდელობის გამო,რაც 4752 ლარს შეადგენს, ოჯახს ჩაუჭრეს ელექტრო ენერგია. დედა ვერ მუშაობს,ქვრივია,ერთი წამით ვერ ტოვებს შვილს.გავავრცელოთ ფოტო,რათა რამენაირად მიაღწიოს თელასისა თუ მთავრობის ყურამდე.ეს გოგონა ინვალიდია,რომელიც სინათლეზე რეაგირებს,უშუქობის დროს კი პანიკაშია. დავეხმაროთ!
- საკონტაქტო ინფორმაცია სტატის ბოლოშია - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების დიდი რეაქცია მოყვა.

 


ეს "ჩვილი" 28 წლის ქალია!


"არ მინდოდა ჩემი შვილის უბედურება სენსაცია გამხდარიყო"

"ოთახში შუქი სულ უნდა ენთოს, თუ ბნელა, კივილს იწყებს, შუქი ერთადერთია, რასაც გრძნობს"

"ჩემს შვილს ძვლები ისე აქვს დამტრეული, ხელში რომ ავიყვან, სახსრები ისე ჩამოეკიდება, კანი რომ არ იმაგრებდეს, ძირს დაცვივდებოდა..."



"პამპერსის ფულს სისხლის ჩაბარებით ვშოულობდი"

"ბავშვთა სახლში როგორ ჩავაბარებდი, ის ხომ ჩემი შვილია, ჩემი სინათლე და ტკივილი"

"ის ექიმი თუ ცოცხალია, ღმერთი ისედაც დასჯიდა. თუ არა და, წაიკითხავს ამ ამბავს და ტვირთს საიქიოში წაიღებს"



კაცი სიცოცხლეში ბევრ რამეს ნახავს, კარგსაც და ავსაც. ზოგჯერ უარესსაც, მაგრამ რაც დედა-შვილი, ნატალია კობიაშვილი და მაია ხარაზიშვილი ვნახე, ყველაფერი დამავიწყდა და თავზარდაცემულს თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, ამ სახლიდან უნდა წავიდე, რადგან ვეღარ გავუძლებ-მეთქი... ნეტავ, ისინი როგორღა უძლებენ, თანაც 28 წელიწადი! დედა - ჩვილის საბანში გახვეული 28 წლის შვილის ტანჯვას, შვილი კი საკუთარი ძვლების მტვრევას. თანაც უსიტყვოდ - ტკივილისგან მხოლოდ ქვედა ტუჩი აქვს შეჭმული.



- როცა რომელიმე ძვალი ტყდება, ტუჩს სიმწრით კბილებში მოიქცევს და იჭამს. მერე ტირის. იტირებს, იტირებს ასე ერთი კვირა და მერე გაჩუმდება. მზად ხართ, საბანი გადავხადო და მისი დამტვრეული ძვლები გაჩვენოთ?



- არა, დაიცადეთ! ეს ის საბანია, თქვენს შვილს ჩვილობაშიც რომ ეფარა?
- ჰო. სამი თვის რომ იყო, მაშინ ვუყიდე. მას შემდეგ ყიდვა აღარ დამჭირვებია, გონებაც სამი თვის ბავშვისა აქვს. თერთმეტ წლამდე საწოვარათი ვაჭმევდი, შემდეგ კოვზით, დაბლენდერებულს. თერთმეტი წლიდან ძვლები ემტვრევა. თაბაშირს ვერ ვადებ, აზრი არ აქვს. 



- მოდი ორივე დავმშვიდდეთ და ყველაფერი მომიყევით. 
- მერე რა გამოვა! წლები ვწერდი და დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ რა, ჩემს შვილს დღე-ღამეში 6-7 პამპერსი სჭირდება, ამის ფულსაც სისხლის ჩაბარებით ვშოულობდი. ახლა ამასაც ვერ ვაკეთებ, - დიაბეტი დამემართა, ვის უნდა დიაბეტიანი სისხლი?!



არადა, ჩემი გოგო ჯანმრთელი დაიბადა. სამი თვისა ბებიასთან წავიყვანე ველისციხეში, ექიმმა - ძუძუ აღარ ჰყოფნის და ხელოვნური საკვები გაიყოლეო. შეჭამა თუ არა, ფაღარათი დაეწყო, სიცხე 40-ზე აუვარდა. იმავე დღეს თბილისში დავბრუნდით და ბავშვი ხილიანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურში დავაწვინეთ. მაღალი სიცხე ჰქონდა და ექიმმა აუცილებლად ზურგის ტვინიდან უნდა ავუღოთ სინჯიო! რომ აუღეს, ბავშვს რამდენიმე წუთში ხელზე ვაკოცე და როცა გავუშვი, მოწყვეტით დაუვარდა საწოლზე. ექიმთან შეშლილი გავვარდი. იმან - ნუ გეშინია, ბევრი წამალი რომ მიიღო, იმიტომ არის მოთენთილი, გაუვლისო. მაგრამ მარტო კუჭის აშლამ გაუარა. ბოლოს, ფურცელი შემომიტანეს, - ხელი მოაწერე, რომ ბავშვი მძიმედ ავადმყოფი შემოიყვანე და ჯანმრთელი გაგყავსო. არა-მეთქი! მაშინ არ გაგიშვებთო. ნუ გამიშვებთ-მეთქი! ერთი თვე მამყოფეს და ვერაფერს გავხდი, - 1985 წელი იყო. მერე ბავშვიც შემეცოდა და წამოვედი. თანაც რაღაც იმედი მქონდა... დრო რომ გავიდა, ისევ მივედი იმ ექიმთან - ბავშვს სიკეთის არაფერი ეტყობა-მეთქი. იმან - დამიმტკიცე, რომ ეს ჩემი ბრალიაო! 



- ახლა მაინც თქვით იმ ექიმის სახელი.
- რატომ? თუ ცოცხალია, ღმერთი ისედაც დასჯიდა. თუ არა და, წაიკითხავს ამ ამბავს და ტვირთს საიქიოში წაიღებს.
მაშინ შეგვეძლო და მოსკოვშიც წავიყვანეთ და პეტერბურგშიც. მითხრეს, ხერხემლის დაზიანების გამო ყველა უჯრედი მკვდარი აქვს, არაფერი ეშველება, ბავშვთა სახლში ჩააბარეთო. 



- თქვენ უარი თქვით...
- ის ხომ ჩემი შვილია, ჩემი სინათლე და ტკივილი როგორიც არის, ისეთი მინდა.
არაფერს ვერიდებოდი, გადაუხდელობის გამო დენს რომ გამოგვირთავდნენ, ჩემი ხელით ვრთავდი სადარბაზოში მრიცხველს, დანაშაულს ჩავდიოდი... როცა ნავთიც არ მქონდა და ღამე ოთახში შუქი არ მენთო, შვილი შეიძლება ისტერიკით მომგუდვოდა. ეს ერთადერთია, რასაც აღიქვამს - ღამე შუქი თუ არ ავანთე, დილამდე იკივლებს. 



- მერე დავალიანება არ დაგიგროვდათ?
- კი, 5.000 ლარი. ათი წელიწადი თვეში 41 ლარი უნდა ვიხადო.



- როგორ?
- არც ეგ ვიცი. მაგაზე მეტს არაფერს ვიტან? ჩემს შვილს ძვლები ისე აქვს დამტრეული, ხელში რომ ავიყვან, სახსრები ისე ჩამოეკიდება, კანი რომ არ იმაგრებდეს, ძირს დაცვივდებოდა... და ამას ვუყურებ. ვის დავაჯერო, რომ ეს ჩვილი 28 წლის ქალია! წაყვანასაც ვერსად ვახერხებ. ამიტომ სადაც მივდივარ, სურათები მიმაქვს. გეხვეწები, ოღონდ ეს აღარ გვანახვო, ყველანაირად დაგეხმარებითო. ვერ მეხმარებიან. თუ კაცს არ აქვს, საიდან უნდა გააჩინოს?

 


მსგავსი უბედურება შეიძლება დედამიწაზე არც იყოს? ტელევიზიები სულ მეხვეწებოდნენ, ამაზე გადაცემას გავაკეთებთო. არა-მეთქი. არ მინდოდა ჩემი შვილის უბედურება სენსაცია გამხდარიყო. 
ახლა კი რა ვქნა, პამპერსსაც ვეღარ ვყიდულობ, არადა, ჩვეულებრივი ტილო რომ გავუკეთო პამპერსად, კანს დაუწვავს, ისედაც ნაწოლებს თვეობით ვერ ვურჩენ.



- ნუთუ არაფერია ისეთი, რასაც თქვენი შვილისთვის შვების მოტანა შეუძლია?
- ჩემი მოფერება. როცა ვეფერები, იცინის.



- ამდენს იტანთ, თქვენ ნამდვილი გმირი დედა ხართ.
- არა. გმირი ჩემი შვილია, ის უფრო მეტს უძლებს.



...როგორ უნდა ვთქვა, რომ ასე არ არის?! ვერც იმას ვიტყვი, რა მოხდება, როცა ხალხი ამ ამბავს წაიკითხავს. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ შეუძლებელია კაცს კაცისთვის ასეთი უბედურების შემსუბუქება არ მოუნდეს. ამ შემთხვევისთვის კი ამ უბედური დედა-შვილის საბანკო რეკვიზიტებია: 


------------------------------------------
საქართველოს ბანკი: კოდი BAGAGE22 ანგარიში GE52BG0000000200126200; მიმღები ნატალია კობიაშვილი; ან გადარიცხოთ "მაგთის", "ბილაინისა" და "ჯეოსელის" აბონენტებმა 1 ლარი ტელეფონზე: 0901500546). 



აბონენტის ნომერი: 3691785
ნატალიას მისამართია ვარკეტილის 4 მიკრო 414 კორპუსი 8 სადარბაზო 
მობილური: 557115382


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2395
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია