დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო საქმეების ზრდა სასამართლოსადმი ნდობის გაზრდის მაჩვენებელია
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/05/28 14:02:11

ინტერვიუ ტყიბულის მაგისტრატ მოსამართლე გენადი მაკარიძესთან

 

 

ვაგრძელებთ ინტერვიუების ციკლს ქუთაისის სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ მაგისტრატ მოსამართლეებთან.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2005-2006 წლებში დაწყებული  სასამართლო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებულია მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი, რომლის მთავარი ამოცანაა, მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად, გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა.  ქუთაისის სასამართლოს შემადგენლობაში ამჟამად სამი მაგისტრატი მოსამართლე მუშაობს ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს.

 

წინა ნომერში გაგაცანით ბაღდათის მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო ამჯერად ჩვენი სტუმარია ტყიბულის მაგისტრატი მოსამართლე, ბატონი გენადი მაკარიძე.

 

 

- ბატონო გენადი, თავდაპირველად, გთხოვთ, გაგვეცნოთ და მოკლედ გვიამბოთ თქვენი პროფესიული გზის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, ვიდრე მაგისტრატი მოსამართლე გახდებოდით?

 

- სასამართლო სისტემაში მუშაობა დავიწყე 2004 წელს. ვმუშაობდი თერჯოლის რაიონულ სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში,  სხვადასხვა თანამდებობებზე. 2010 წელს ჩავაბარე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, იმავე წლის დეკემბერში სწავლა განვაგრძე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც დავამთავრე 2011 წლის დეკემბერში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ვახორციელებ 2012 წლის მარტიდან. მაგისტრატი სასამართლოების    ამოქმედების შემდეგ მაგისტრატი მოსამართლის მოვალეობას ვასრულებ ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

 

- ჩვენი საუბრის დასაწყისში მოკლედ შევეხოთ მაგისტრატი სასამართლოების უფლებამოსილებას, როგორ საქმეებს იხილავთ?

 

- მაგისტრი მოსამართლის განსჯად საქმეებს შეადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე წარმოშობილი დავები, ასევე დავები სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე; საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით; მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე; შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის  მიმართვის საფუძველზე, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მაგისტრატი სასამართლოები ასევე განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს; უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე; გარდა აღნიშნულისა მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეებს წარმოადგენს გამოძიების პროცესში დაყენებული შუამდგომლობები.

 

- ბატონო გენადი, თქვენ, როგორც მაგისტრატი მოსამართლე, როგორ აფასებთ მაგისტრატი სასამართლოს ეფექტურობას, რა უპირატესობები აქვს მას ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

 

- ჩემი აზრით, მაგისტრატი სასამართლოების ამოქმედება წინგადადგმული ნაბიჯია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და მის სწრაფად განხორციელებაში.  მაგისტრატი სასამართლოს ფუნქციონირება საკმაოდ ეფექტურია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საქმეთა ნაკადი მაღალი ინტენსივობით არ გამოირჩევა. ვინაიდან მის განსახილველად ერთი მოსამართლეც საკმარისია და არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის ზედმეტი და ფუჭი ხარჯვა. ასევე, მოსახერხებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც იმ კუთხით, რომ მათთვის საჭირო ყველა წვრილმან საქმეზე  ქუთაისში არ უწევთ ჩამოსვლა.

 

- როგორ შეაფასებდით სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხს, რამდენად გენდობათ და აქვს სამართლიანობის იმედი?

 

- ბოლო პერიოდებში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვების შედეგების მიხედვით, სასამართლოს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ენდობა. ნდობის მატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად მატულობს განსახილველი საქმეების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო  მეტი მოქალაქე ანდობს სასამართლოს თავისი მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის ბედის გადაწყვეტას.

 

- წელიწადში, დაახლოებით, რამდენი საქმის განხილვა ხდება, რა საკითხებზე მოგმართავენ ძირითადად?

 

- უმეტესწილად, რიცხობრივად ლიდერობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები და სამოქალაქო სამართლის საქმეები. რაც შეეხება რაოდენობას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საქმეთა რაოდენობა სხვადასხვაა და იგი მერყეობს, სამოქალაქო საქმეებში, დაახლოებით, 50-დან 250-მდე, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში - 150-დან 450-მდე.

 

- რა მიგაჩნიათ თქვენს საქმიანობაში ყველაზე დიდ სირთულედ, რა პრობლემებს აწყდებით?

 

- ვინაიდან საქმეთა განხილვა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაზე დიდ სირთულეს, ალბათ, საქმეთა სიმრავლე წარმოადგენს. სასამართლოში საქმეთა შედინების ხარისხი ძალზედ გაიზარდა. სწრაფი მართლმსაჯულება ერთ-ერთი უმთავრესია სასამართლოს სისტემის განვითარებისა და მოქალაქეთა ნდობის ასამაღლებლად, რაც ცხადია, საქმეთა სიმრავლის პირობებში ვერ იქნება სათანადოდ მიღწეული. მოქალაქეებს, გარდა კანონიერი გადაწყვეტილებისა, აქვთ მოლოდინი, რომ მათი საქმე დროულად იქნება განხილული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდ პრობლემას, რომელსაც მოსამართლე აწყდება, ეს განსახილველ საქმეთა რაოდენობაა.

 

- გიგრძვნიათ თუ არა თქვენი საქმიანობის განხორციელებისას რაიმე სახის ზეწოლა? საერთოდ, რამდენად დამოუკიდებელია, თქვენი აზრით, დღეს ქართული სასამართლო?

 

- ჩემი საქმიანობის პერიოდში არანაირ ზეწოლას და ჩემი, როგორც მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობას, ადგილი არ ჰქონია. მოგეხსენებათ, კანონმდებლობა ითვალისწინებს არამარტო მოსამართლის საქმიანობის ჩარევასთან დაკავშირებით, არამედ, მასთან კომუნიკაციის წესის დარღვევის გამოც კი საკმაოდ მკაცრ რეაგირებას. ვფიქრობ, არავის აქვს სურვილი, კანონის ამ მექანიზმის ეფექტურობა საკუთარ თავზე გამოსცადოს.

 

 

- ბატონო გენადი, ჩვენი საუბრის დასასრულს, მოსამართლეთა დანიშვნის ვადებზე უნდა  გკითხოთ. თქვენთვის ცნობილია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნორმა კონსტიტუციურად ამოქმედდა, თუმცა, პარლამენტი აპირებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას მოსამართლისთვის. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

 

- კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ მოსამართლე თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ, თუმცა უვადოდ დანიშვნამდე იგი შეიძლება თანამდებობაზე დაინიშნოს ვადით, არაუმეტეს სამი წლისა. თავის მხრივ, ეს დათქმა დაზუსტდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით, სადაც გაიწერა, რომ მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. ჩემი აზრით, კანონის ეს ნორმა საჭიროებს კიდევ უფრო დაზუსტებას. კონკრეტულად ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ უნდა სჭირდებოდეს გამოსაცდელი ვადით დანიშვნა იმ მოსამართლეს, რომელიც უკვე წლებია, უმწიკვლოდ და პირნათლად ახორციელებს სამოსამართლეო უფლებამოსილებას, ან რატომ უნდა იყოს მისი შემდგომი დანიშვნა დამოკიდებული მონიტორინგის შედეგებზე. მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა საკმაოდ დადებით და პირდაპირ გავლენას ახდენს მის დამოუკიდებლობაზე, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებებიც, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააუქმა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და დაიწყო მოსამართლეების თანამდებობაზე უვადოდ გამწესება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2775
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია