დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ფეხქვეშ მიწას გვაცლიან, ესაა ცხოვრება?“
2014/05/28 14:00:11

ხაშურის რაიონი სოფელი ქვიშხეთი, რომელიც დასასვენებლად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, დღეს ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. უკვე ორი წელია ჩინური კომპანია სოფელში სარკინიგზო გვირაბს აშენებს. ავარიულ სახლებში ცხოვრება კი დღითიდღე აუტანელი ხდება ქვიშხეთელებისთვის.

 

„ორი წელია ვებრძვით ამ პრობლემას, არა ჩინელებს, არა რკინიგზას. ამ გვირაბის გაყვანამ ბევრი ოჯახი დააზარალა. ჩვენი სახლი, სადაც ვცხოვრობთ, იქ ცხოვრება არ შეიძლება. სოფელში 550 კაცმა შეიტანა განცხადება. ოთხი ოჯახი ვართ, რომლებსაც მოგვცეს დაზიანების მეოთხე კატეგორია. ჩვენი პატრონი არავინ არაა. აქციებიც გავმართეთ, მაგრამ ვინ გისმენს? ასე მოდიხართ ჟურნალისტები, გააშუქებთ და არაფერი შედეგი არ არის. ხალხი დაწამლულია, ისეთი გამონაბოლქვი არის, ხმაური საშინელი,“ - გვესაუბრება სოფლის მკვიდრი ლილი სუთიაშვილი.

 

როგორც თავად ვნახეთ, საცხოვრებელი სახლები ძლიერ დაზიანებულია. ბზარები იმდენადაა მომატებული, რომ იქ შესულს ღია ცის ქვეშ ეგონება თავი.

 

გელაშვილი ნინო სოფლის მკვიდრია. მას ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მეორეს ივნისის თვეში ელოდება. სახლი, სადაც ცხოვრობს, წაქცევის პირასაა, აფეთქებების შედეგად მიყენებული ნაპრალები კი, როგორც თავად გვიამბობს, დღითიდღე იზრდება. „ყოველდღე შიშში ვცხოვრობ. აფეთქებების ხმაც არ გვასვენებს. გვითხრეს დაგაკმაყოფილებთ ბინითო, მაგრამ ნათქვამი ნათქვამად დარჩა. არანაირი კომპენსაცია არ მიგვიღია. რა იქნება მომავალში, არ ვიცი. ვართ ასე ჰაერში, ნგრევის მოლოდინში გაჩერებულები.“

 

სარკინიგზო გვირაბი, რომელსაც თავის დროზე ჩვენი მთავრობის მესვეურებმა მსოფლიო მნიშვნელობის პროექტი უწოდეს, ქვიშხეთის მოსახლეობას არამარტო სახლების ნგრევით აზარალებს, არამედ მიწის ვარგისიანობაც კითხვის ქვეშ დააყენა.

 

„მშენებლობა ისე დაიწყო, ნიადაგი არ შემოწმებულა. სიმსივნით დაავადებულებმა იმატა სოფელში. ხალხმა მოსავალი ვერ აიღო.მიწიდან კარტოფილი და ხახვი ვერ ამოვიღეთ, ეზოში ყველაფერი გახმა. გვპირდებიან 1000-ლარიან დახმარებას, მაგრამ 1000 ლარი რა არის, ჩვენი სახლები დღითიდღე ინგრევა,“ - ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.

 

ქვიშხეთელები გულისტკივილს გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ კომპანიის წარმომადგენლობა ჩინეთიდან სოფლის ხალხს არაფრად აგდებს და ზემოდან დაჰყურებენ. ადგილობრივებს ნაკლებად ამუშავებენ.

 

„დაფასება არ აქვს სოფელს. ქვიშხეთს რომ ანგრევ, ხალხი დაასაქმე. რამდენიმე მუშაობდა და გამოუშვეს, ერთს უთხრეს, შენ ბევრს ლაპარაკობ და არ გვინდა ასეთი თანამშრომელიო. ვალერი გელაშვილი მკვდარია ხაშურისთვის, არაფერი გაუკეთებია თავისი ხალხისთვის. კიდევ ამბობენ მეორე გვირაბის გაყვანას და ის მეორე გვირაბი სულ მოგვიღებს, ალბათ, ბოლოს,“ - გვიამბობს სოფლის მკვიდრი გოჩა ქველიძე.

 

„ეზო აღარ მაქვს უკვე. ზაფხულობით დამსვენებელს ვიღებდით, ახლა არავინ ამოდის. გავაკეთო მინდა სახლი, მაგრამ მეორე გვირაბი თუ უნდა გაიყვანონ, რად მინდა, კი ჩამომენგრევა თავზე. ეზოში ნათესები გადაგვარებულია, მწვანილებს ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევთ. მეორე კატეგორია მომცეს დაზიანების და აწი რა იქნება, არ ვიცი,“ - აცხადებს იამზე ბლიაძე.

 

გვირაბი, რომელიც მოსახლეობის სახლების ქვეშ გადის, წინა ხელისუფლების პროექტია, რომლის მეპატრონეც ჩინური კომპანიაა. ქართული მხარე კი დღეს, საკუთარ თავზე, ყველა ვალდებულებას იხსნის. „ყველაფერზე პასუხისმგებელი მხარეა ჩინური კომპანია, ჩვენ პასუხისმგებლობა არ გვეკისრება.“ - ჩვენს სატელეფონო შეკითხვას რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ ასე უპასუხა.

 

 

 

ლიკა ჩახუნაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია