საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ცილისწამება თუ დაუდევრობა?
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/05/28 13:58:54

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემები სავალალო მდგომარეობაშია

 

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება ბიბლიოთეკის კედლებს გასცდა. დაძაბულობა, რომელმაც დღეის მდგომარეობით პიკს მიაღწია, 2009 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც „საბიბლიოთეკო ფონდების უკეთ დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიზნით“  პერიოდიკის განყოფილებაში დაცული გამოცემების დიდი ნაწილი (1800-1921 წლების გამოცემები) ახლად შექმნილ, „იშვიათი გამოცემების“ განყოფილებას გადაეცა.

 

 ამავე ბიბლიოთეკის პერიოდული გამოცემების გამგე მაია მიქაბერიძე იხსენებს, რომ უნიკალური პერიოდული მასალის სხვა განყოფილებაში გადატანის პროცესს 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზებით მიზანმიმართულად აჭიანურებდა, რადგან მიაჩნდა, რომ იშვიათი გამოცემების განყოფილება, ამბიციური სახელწოდების მიუხედავად, ეროვნულ საგანძურს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, მხოლოდ ზიანს მოუტანდა. უნიკალური პერიოდული მასალის ორად გახლეჩის გაჭიანურებული პროცესი 2009 წლის 4 მაისის ბრძანებულებამ დააჩქარა. ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორის, მერაბ გვაზავას სახელით გამოცემულ ბრძანებაში შავით თეთრზე დაიწერა - „საბიბლიოთეკო ფონდების უკეთ დაცვისა და მოვლა-პატრონობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვბრძანებ: დაევალოს პერიოდულ გამოცემათა განყოფილების გამგეს, მაია მიქაბერიძეს და იშვიათი გამოცემების განყოფილების გამგეს, რუსუდან კაშიას, დრეობით შეაჩერონ მათ ქვემდებარე განყოფილებაში მიმდინარე ყველა პროცესი და დაუყოვნებლივ, 2009 წლის 5 მაისიდან, მოახდინონ  გამოცემების გამოყოფა და გადატანა იშვიათი გამოცემების განყოფილებაში.“

 

ამავე  ბრძანების ბოლო ნაწილი განსაკუთრებულად მკაცრი ტონის შემცველია და განყოფილებების გამგეებს, რომელთა შორის ლოგიკურად მაია მიქაბერიძე მოიაზრებოდა, აფრთხილებს: „იმ განყოფილების გამგე, რომლის მიზეზითაც არ დაიწყება აღნიშნული პროცესი მითითებულ ვადაში, დატოვებს დაკავებულ თანამდებობას“.

 

ბიბლიოთეკის პირველი კაცის ნაბრძანებმა პერიოდულ გამოცემათა ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა და პერიოდიკის განყოფილებაში 298 უნიკალური გამოცემა იშვიათ გამოცემათა განყოფილებას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადასცა.

 

მაია მიქაბერიძე 2009 წლის 4 მაისს დეტალურად იხსენებს:

 

„რეფორმის წინააღმდეგ არასოდეს ვყოფილვარ, თუ ეს რეფორმა მიმართულია უკეთესობისკენ და არა უარესობის და განადგურებისკენ. ფონდი, რომლის გადატანას, ფორმალობის დაცვის შემთხვევაში, კვირეები სჭირდებოდა, ერთ დღეში გაიტანეს, არ გაფორმებულა არცერთი აქტი, რაც დაადასტურებდა გადატანილი გამოცემების რაოდენობას, ღირებულებას და ფიზიკურ მდგომარეობას, რადგან ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ამ რეფორმის ინიციატორებს კი, რაც პირდაპირ დირექტორის მოადგილეზე, რიტა წაქაძეზე გადის, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესის რაც შეიძლება, დაჩქარებული ტემპებით მსვლელობა აწყობდათ.

 

მაია მიქაბერიძის აზრით, ის, რაც რიტა წაქაძეს აწყობდა, იყო ახლად შექმნილი „იშვიათი გამოცემების“ განყოფილებაში საკუთარი ნათესავების და მეგობრების დასაქმება. კადრებიც ამ პრინციპით და არა კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეარჩია. წაქაძემ, რომელიც იმ დროს არაფორმალური დირექტორი იყო, განყოფილებაში საკუთარი ახლობლები დაასაქმა. არც მას და არც იშვიათი განყოფილების არცერთ თანამშრომელს გამოცემების ბედი არ აღელვებდათ, უნიკალური გამოცემები აქ ისეთ პირობებში ინახებოდა, როგორც თევზი უწყლოდ. თაროებზე, ფაქტობრივად, დაყრილი იყო ჟურნალ-გაზეთები, არ ჰქონდათ სამკითხველო დარბაზი. პერიოდული გამოცემები „იშვიათი გამოცემების“  განყოფილების აღწერისა და ფორმალობის ყოველგვარი დაცვით რომ არ გადაეცა, ამას ისიც ადასტურებს, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ფონდი სხვა განყოფილებაში ინახებოდა, კვლავ პერიოდიკის განყოფილების გამგეს ეწერა და მათზე მატერიალურად პასუხისმგებელი კვლავ მაია მიქაბერიძე იყო.

 

ხუთწლიანი „განსახლების“ შემდეგ, უნიკალური გამოცემები, ბიბლიოთეკის საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ პერიოდიკამ დაიბრუნა. დაბრუნებული 298 გამოცემის უმრავლესობა სავალალო მდგომარეობაშია, დაშლილ-დაგლეჯილი ფურცლებია, შემოხეული ყდით ან უარეს შემთხვევაში   ყდის ნაცვლად შემოკრული ცელოფნებით.

 

პერიოდიკის განყოფილების გამგეს დღეს არც იმის მტკიცებულება აქვს, რომ ეს გამოცემები მისი განყოფილებიდან წაღებამდე ასეთ ცუდ მდგომარეობაში არ იყვნენ, რადგან მაშინ არანაირი აქტი არ დაწერილა. თუმცა,  ამ შემთხვევაში, მაია მიქაბერიძე მხოლოდ თანმიმდევრულ კითხვებს სვამს:

1. თუ გამოცემები ასე სავალალოდ დაზიანებული იყო, რატომ ჩაბარებამდე არაფერი ითქვა მათი მხრიდან ამის თაობაზე?

 

2. როდესაც ახალი განყოფილება იქმნება, იქ რომელ ჭკუათმყოფელს შეაქვს ყოველმხრივ მწყობრიდან გამოსული წიგნები?

 

 3. იშვიათი გამოცემების განყოფილება მთელი ზარ-ზეიმით გახსნეს და ეწყობოდა მრავალგვარი გამოფენები, თუ ასეთ გაუბედურებულ დღეში ჩაიბარეს მათ ეს გამოცემები, ამით იწონებდნენ თავს საპატიო სტუმრებთან?

 

მაია მიქაბერიძე ასევე ირწმუნება, რომ 5 წლის შემდეგ დაბრუნებული პერიოდიკა, დაზიანებულთან ერთად, შემცირებულიცაა, დაკარგულია 1894 წლის „მოამბე“ და 1910 წლის „განათლება“.

ამ ფაქტით შეშფოთებულია ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნინო ძოწენიძე, რომელიც ბიბლიოთეკაში აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წელს მოვიდა. როგორც თავად ამბობს, კომპეტენციიდან გამომდინარე, გაეცნო რა მდგომარეობას სხვადასხვა განყოფილებებში, ამ კონკრეტულმა შემთხვევამ დაანახა საშიში რეალობა, უნიკალური ფონდის სრული განადგურებისა. შესაბამისად, მან საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს ვრცელი განცხადებით მიმართა და საქმის გარკვევისა და გამოსწორების მიზნით რეაგირებისაკენ და მის ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდა.

 

დირექტორის მოადგილის დირექტორისადმი მიწერილ განცხადებას მალე მოჰყვა ხარისხის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ინგა გვენეტაძის განცხადებაც. ფაქტით გვენეტაძეც შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ მისთვის ძნელი წარმოსადგენია, თანამედროვე ბიბლიოთეკაში ასეთი მოუვლელი  ფონდით  თავს  იწონებდნენ „მეპატრონეები“.

 

 წაქაძეს ჩვენ ხელს საქმეში კი  არა, დაუდევრობაში ვუშლით, რატომ იმაზე არ ამახვილებს ყურადღებას, როცა ყველა საბჭოზე ვაყენებთ საკითხს, რომ მისი ინიციატივით ბიბლიოთეკიდან 31 პროფესიონალი თანამშრომელი გაუშვეს და მათ ადგილზე ნათესავები მოიყვანეს, კადრები უსაშველოდ გაბერილია.“

 

ნარგიზა ჩოგოვაძის სახელზე ვრცელი განცხადება დაწერა თავად პერიოდიკის განყოფილების გამგემ მაია მიქაბერიძემ და „კატეგორიულად მოითხოვა, მომხდარიყო პერსონალურად იმ ადამიანების გამოაშკარავება, ვინც გაანადგურა უნიკალური ფონდი და მიღებულიყო გადამჭრელი ზომები მათ მიმართ.“

 

 

ჩოგოვაძის სახელზე მიღებულმა განცხადებების სერიამ გამოხატულება უკვე თავად ბიბლიოთეკის დირექტორის ვრცელ განცხადებაში ჰპოვა, რომლითაც მან მერიის იურიდიულ სამსახურს საქმით დაინტერესება და სპეციალური კომისიის შექმნა სთხოვა. იქამდე კი ჩოგოვაძე რადიკალური განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებს და კითხვაზე - რა მოხდა, ვინ და რამ მიიყვანა უნიკალური მასალები ამ მდგომარეობამდე? - დუმილს არჩევს. დამნაშავეზე კომისიის დასკვნამდე არ საუბრობს, დაშავებულ ეროვნულ საგანძურზე კი შემდეგი პასუხი აქვს: „ასწლოვანი გამოცემები, ბუნებრივია, ვერ იქნება ახალ მდგომარეობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ასეთ დაზიანებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, როგორშიც არის, მე მეგონა, შესაბამისად უფრთხილდებოდნენ. მე არ ვიცოდი, თუ ეს გამოცემები ასე მოუვლელი იყო. ამ ხნის მანძილზე ჩემთვის არც განყოფილების გამგეს, არც თანამშრომლებს არ მოუმართავთ გამოცემების რესტავრაციის საჭიროებაზე, დაველოდოთ კომისიის შედეგებს და საქმეში გამოკვეთილი ნებისმიერი დამნაშავე მხარე, ჩემი ჩათვლით, პასუხს შესაბამისად აგებს.“

 

 

***

 

რეალურად რა მოხდა საჯარო ბიბლიოთეკაში 2009 წელს, რა ზიანი მოუტანა იშვიათი განყოფილების შექმნამ ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ საგანძურს, რატომ გავიდა ფონდიდან პერიოდული გამოცემები ყოველგვარი აქტის შეუდგენლად და ვინ არის ნამდვილი დამნაშავე უნიკალური ფონდის განადგურების საქმეში? ამ კითხვებით იშვიათი განყოფილების გამგის რუსუდან კაშიას მივმართეთ, თუმცა ჩვენს მიერ დასმული ყველა კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა, კაშია კომენტარს იმ მოტივით არ აკეთებს, რომ საქმეს პროკურატურა და სპეციალური კომისია იკვლევს.

 

მაია მიქაბერიძის ყველა ბრალდება პასუხგაუცემელი დატოვა დირექტორის მოადგილემ რიტა წაქაძემ, ამავე თემაზე საუბარი არც მან ისურვა. დუმილის მოტივი იგივეა საქმეს პროკურატურა იძიებს და წაქაძე იმედოვნებს, ყველა კითხვას პასუხი სამართლებრივად გაეცემა.

დუმილში კოლეგებს მიბაძა ხარისხის მართვის განყოფილების გამგემ, ციცინო ფოფხაძემ, კოლეგების მსგავსად ისიც საქმის სამართლებრივად გამოკვლევის მოლოდინშია.

 

შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ერთადერთი ფაქტი, რომელიც დავას არ საჭიროებს, საუკუნოვანი პერიოდული გამოცემების განადგურებამდე დაზიანებული იერსახეა. როდის და ვისი მიზეზით აღმოჩნდა ფონდი ამ მდგომარეობაში, კომისია დაადგენს, თუმცა წლების წინ გაცემული ბრძანება, რომელიც საფუძვლად დაედო იშვიათი გამოცემების ფონდის დაარსებას და მიზნად ისახავდა „გამოცემების უკეთ მოვლა-პატრონობას“, გამოცემების ამჟამინდელ იერსახეს არ შეესაბამება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია