დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არის თუ არა დაპირისპირება კოალიციის ლანჩხუთის საარჩევნო შტაბში
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/05/22 19:54:24

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივ ორგანიზაციაში განხეთქილება უკვე აშკარაა. მაგალითად, მმართველი პარტიის ბიუროს წევრი მაკა კვირკველია ღიად აფიქსირებს, რომ მხარს მართალია, კოალიციას უჭერს, მაგრამ გამგებლის პოსტზე მისი კანდიდატის, ზაზა ურუშაძის მოწინააღმდეგეა:


   მე დღემდე ვრჩები „ქართული ოცნების“ წევრი და მხარს ვუჭერ ამ პარტიას, მაგრამ ზაზა ურუშაძის მხარდამჭერი ვერ ვიქნები, მას არაფერი გაუკეთებია მთელი ამ ხნის მანძილზე ლანჩხუთისთვის სასიკეთო, – ამბობს მაკა კვირკველია.


სხვათაშორის, ზაზა ურუშაძეს მხარს არ უჭერს კოალიციასთან მემორანდუმგაფორმებული პარტიის „სოციალ–დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სოსო შეიზაშვილი, რომელიც კანდიდატს მატყუარას უწოდებს:

 ზაზა ურუშაძემ ბევრი რამ მომატყუა მე პირადად და ამას მალე ვიტყვი კიდეც საჯაროდ, – გვითხრა შეიზაშვილმა.


შეიზაშვილთან ერთად პარტიის დანარჩენი წევრებიც მხარს გამგებლის მაძიებელ კანდიდატს, ბორის ჭყონიას უჭერენ, რომელმაც თავისი კანდიდატურა ბოლო წუთს წამოაყენა „დავით თარხან–მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“

  მე ბოლო წუთამდე ველოდი, რომ გამგებლის კანდიდატად კოალიცია დამასახელებდა, მაგრამ რაკი არჩევანი ურუშაძეზე შეაჩერეს, გადავწყვიტე ჩემი პოტენციალი ბოლომდე დამეხარჯა ჩემი რაიონისთვის და შევუერთდი იმ პარტიას, რომელიც სრულად იზიარებს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის კურსს, – გვითხრა ჭყონიამ, რომლის თქმით, მან „ქართული ოცნების“ რიგები წინასაარჩევნოდ დატოვა, რაკი სხვა პარტიის სახელით იღებდა არჩევნებში მონაწილეობას.


სხვათა შორის, მმართველი კოალიციის მხარდაჭერას აფიქსირებს ყველა ის ადამიანი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლანჩხუთის პარტიულ სიაშია წარმოდგენილი, რამაც ბუნებრივად გაგვიჩინა შეკითხვა:

 რაკი თქვენ მონაწილეობას იღებთ პროპორციულ არჩევნებში და წარმოდგენილი ხართ პარტიული სიით, როგორ უჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“?

 ჩვენ ამომრჩეველს ვუტოვებთ არჩევანის უფლებას, თუ სურვილი ექნებათ – შემოხაზონ 41, თუ არადა, ნომერი 8, – გვითხრა ჭყონიამ და ეტყობა დაავიწყდა, რომ არჩევანის თავისუფლება ადამიანს დაბადებიდან ეძლევა.

 

ის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიების ნაწილი კოალიციის კანდიდატს გამგებლის პოსტზე, ზაზა ურუშაძეს, მხარს არ უჭერს და არც მაჟორიტარი კანდიდატების უმეტესობაა ურუშაძის მხარდამჭერი, ავტომატურად ნიშნავ თუ არა, რომ კოალიციაში განხეთქილებაა? – ამ კითხვით მივმართეთ საქართველოს პარლამენტის წევრს, ბიძინა გუჯაბიძეს:


ახლა,მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა აზრ სხვადასხვაობა ზაზა ურუშაძის კანდიდატურთან დაკავშირებით, ყველამ, კოალიციაში შემავალმა პარტიებმაც და მათმა მაორიტარმა კანდიდატებმაც გვერზე უნდა გადადონ თავიანთ ამბიციები და ადგილობრივი არჩევნები მოიგონ დამაჯერებლად. ის, ვინც ამას ვერ (არ) გააცნობიერებს, თვითონვე აღმოჩნდება თამაგარე მდგომარეობაში. განხეთქილების შემოტანას და კერძო ინტერესებით მანიპულირებას არავის ავურჩე. ამაზე კოალიციიდან დროული და მკაცრი რეაგირება იქნება, – გვითხრა გუჯაბიძემ.


„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე და კოალიციის პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით ბერძენიშვილი სტუმრობდა. ჩვენ მოვახერხეთ და ბერძენიშვილს რამდენიმე კითხვა დავუსვით ლანჩხუთში არსებულ ვითარებაზე:


  ბატონო დავით, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის კანდიდატები ამბობენ, რომ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, თუმცა ზაზა ურუშაძეს არა, თანაც ამ ალიანსის კანდიდატის საარჩევნო შტაბში კოალიციასთან მემორანდუმგაფორმებული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციაცა და კოალიციის ბიუროს წევრიცაა. მაინტერესებს, რას ითვალისწინებს ამგვარი შემთხვევების დროს „ქართული ოცნების“ წესდება?


 კოალიციის კანდიდატები არიან ისინი, რომლებიც გამოდიან 41 ნომრით. სხვა კანდიდატი კოალიციას არ ჰყავს. რაც შეეხება ქმედებებს, კოალიცია აუცილებლად მოახდენს რეაგირებას და ასეთ წევრებს პარტიები აუცილებლად გარიცხავენ თავიანთი რიგებიდან.


 ბატონო დავით, „ოცნების“ პარტიულ სიაში ბევრი ყოფილი ნაციონალია, მათ შორის, თქვენი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ბაჩანა კვაჭაძეც. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?


 თუ ბაჩანა კვაჭაძეზე მეკითხებით, 2003-ში სტუდენტი ბიჭი ჩემთან იყო ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში, 2004-ში უკვე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოდა, 2010-ში მას ძალიან მაღალი შედეგი ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინაც რესპუბლიკური პარტიიდან იყრიდა კენჭს და მერე დაინიშნა რწმუნებულად. 2012 წლით არ იწყება პოლიტიკური ცხოვრება, ამიტომ არ მივყვები ვინ სად იყო 2007-2009 წლებში, არიან ადამიანები, რომელთაც ხარვეზების მქონე ბეგრაუნდი აქვთ, მაგრამ ასეა, რას ვიზამთ. რაც შეეხება "რესპუბლიკურ" პარტიას, კარგად არის წარმოდგენილი ამ თვალსაზრისით, არ გვაკლია არც შევარდნაძესთან, არც აბაშიძესთან და არც სააკაშვილთან ბრძოლის გამოცდილება.


 ბატონო დავით, გამგებლის კანდიდატის წარდგენა ლანჩხუთში ერთგვარად, დაგვიანდა. რა იყო ამის მიზეზი?


 ოგეხსენებათ გამგებლის კანდიდატზე დიდხანს მიდიოდა მსჯელობა, პირადად ჩემი წინადადებით კოალიციის პოლიტსაბჭოზე შევთავაზე ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა, რომ მერების და გამგებლების კანდიდატები, მას, როგორც კოალიციის ლიდერს, განეხილა და ჩვენ ამაში არ ჩავერეოდით, კვოტებს გარეთ გავიტანეთ გამგებლების კანდიდატები, ჩემი არგუმენტი ის იყო, რომ მას შესარჩევი ჰყავდა მენეჯერები. სხვადასხვა კანდიდატები შესთავაზეს და ბოლოს მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო.


ბორის ჭყონია ამბობს, რომ ბოლო მომენტამდე კოალიციიდან მის დასახელებაზე იყო საუბარი...


 ის კანდიდატები, რომლებიც ელოდნენ, რომ გახდებოდნენ კოალიციის კანდიდატები და მერე აღმოჩნდნენ სხვა პარტიის კანდიდატთა სიაში, არამყარი პოზიციის არიან და მათი ეს ნაბიჯი თავიანთ პოლიტიკურ მდგრადობაზე აშკარად არ მეტყველებს. თუ კოალიციაში სურს ყოფნა ადამიანს, კოალიციის ყველა კანდიდატზე, მათ შორის გამგებლის კანდიდატურაზეც უნდა იმუშაოს.


 იცით თუ არა, რომ არათუ კოალიციაში შემავალი სუბიექტის წევრები, არამედ კოალიციის მიერ მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელებული პირების უმეტესობაც კი მხარს არ უჭერს ზაზა ურუშაძეს?


 

  თუკი არის ასეთი შემთხვევა, მაშინ მინდა გავაფრთხილო ყველა ეს ადამიანი, რომ კოალიცი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი შეუძლია მოხსნას ისინი არჩევნებიდან. ასე რომ, ყველა ასეთ კანდიდატს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, იმიტომ, რომ მათი კანდიდატობა ხელშეუვალი არ არის. ცეცხლს ნუ ეთამაშებიან.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია