დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
„მზია ლეჟავა ლიდერ ქალად დაიბადა...“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/05/20 00:53:47

საქართველოში ძნელი არ არის, მოძებნო ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი, მაგრამ, ნებით თუ უნებლიეთ, ჩვენი, ქართულ-აზიური ბუნების გამო, ლიდერი ქალები ჩრდილში არიან. მართალია, ბოლო პერიოდში გენდერული თანასწორობის პოპულარიზაცია ხდება, მაგრამ ქალი მაინც ,,კუხნაში ვიცით ჩვენ“.

 

 ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან არის ცნობილი მრავალი ქალის სახელი, რომლებიც ქმნიდნენ ეპოქებს და ისტორიულ რეალობას მათ გარეშე დაეკარგებოდა შარმი, ელფერი და, რაც მთავარია, მომხიბვლელობა.გერმანიაშიც კი დიდი ხნის განმავლობაში სამი ,,კ“ იყო ქალებისათვის გაკუთვნილი (kinder, kirche, kuche_ბავშვები, ეკლესია და სამზარეულო). ქალთათვის საზოგადოებრივი ასპარეზი ნაწილობრივ მაინც ყოველთვის იყო ჩაკეტილი, რომლის გახსნაც შეძლეს ლიდერმა ქალებმა.


 ცალკე საკითხია კიდევ საქართველოს პროვინციებში ქალთა ლიდერობის გამოვლინების ხარისხი. პატარა დასახლებულ პუნქტებში (როგორიც საქართველოში უმეტესად გვხვდება) ქალებს ახლაც ,,ეკრძალება“ საზოგადოებრივ აქტიურობა შაბლონური რეპლიკით ,,რას იტყვის ხალხი?“ ამ სტერეოტიპის მსხვრევა დააჩქარა იმ ქალთა აქტივობებმა, რომელიც ბოლო ათწლეულებში გამოვლინდა.


 ჭიათურა, ზოგადად, ტექნიკური ინტელიგენციით იყო ცნობილი. ტექნიკურ ინტელიგენცია კი, ძირითადად, იქმნება მამაკაცებისაგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჭიათურაში უნებლიედ ჩამოყალიბდა ლიდერი მამაკაცების ფენა, რომელთა ,,ლიდერობა“ იმითაც გამოირჩეოდა, რომ ,,ცოლებს არ ამუშავებდნენ“.


 მე-20 საუკუნის ბოლოს, როცა მოსახლეობა გადასული იყო თავგადარჩენის რეჟიმში, სწორედ მაშინ სრულიად გამოკვეთილი მიზნით გამოვიდა ერთი ჭიათურელი პედაგოგი ასპარეზზე და არასამთავრობო სექტორის პოზიციიდან შეუტია უპერსპექტივობასა და ყოველდღიურობის რუტინას.


 მზია ლეჟავას ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. მისი შეფასება ნებისმიერ კრიტერიუმს უძლებს. მასზე შეგვიძლია ვისაუბროთ მრავალი აპექტით და დავიწყოთ ჩამოთვლა:

 მზია ლამაზი ქალია. ეს ბუნებრივი სილამაზე თვალშისაცემია შავ ჭიათურაში იმითაც, რომ ზედმიწევნით თეთრია (უფრო ბალტიისპირელს ჰგავს) და კიდევ_მას ვერასდროს შეამჩნევთ მაკიაჟსა და აფრო-ამერიკულ კოსმეტიკას. მისი ნახვისას აუცილებლად შენიშნავთ, რომ მას არცერთი აქსესუარი არ აქვს ისეთი, რომელიც დეკორატიულობაზე (როგორც ველურობის ნიშანზე) მიგვანიშნებს. ქალბატონი მზიას დანახვაზე ყველაზე კრიტიკული გემოვნების ადამიანიც კი იტყვის, რომ მასში გარეგნულ მშვენიერებაში არაფერია ხელოვნური და ყალბი.


 მზია კონტაქტური და თბილი ადამიანია. მას ყველა ,,მზია მასწავლებელო“-თი მიმართავს და ამ მიმართვაში არ იკვეთება ტრადიციული გაგებით ერთი პროფესია. სკოლის პედაგოგის ჩარჩოებში ძნელია მოაქციო მზიას მასწავლებლობა და მენცარობა. რაც ყველაზე მეტად ხიბლავს საზოგადოებას ამ მიმართულებით ქალბატონი მზია, ისაა, რომ მას არ აქვს მენტორული საუბრის ტონი და მანერა. მისი ლექსიკიდან ყველაზე ხშირი მოხმარების სიტყვაა ,,შვილი“. მასთან საუბრისას უნებლიედ გახსენდება იაკობ ხუცის ნთქვამი სიტყვები: ,,ვითარცა შვილთა შენთა გვხედევდ“.


 მზია პროფესიონალია. ნებისმიერ ჭიათურელს შეგიძლიათ დაეკითხოთ, თუ ვინაა ქალაქში ყველაზე დიდი პროფესიონალი პედაგოგი, რომელსაც აქვს ზღვა გამოცდილება, პუნქტუალობა და რეალიზების ყველაზე კარგი გამოვლინება. პასუხი იქნება მხოლოდ ერთი და უყოყმანო: მზია ლეჟავა. იმ დროს, როცა ინგლისური ენა არ იყო იმდენად მოთხოვნადი და რუსულ-გერმანულის ,,ბუმი“ იდგა საქართველოში, მზია ლეჟავა უკვე ითვლებოდა რესპუბლიკის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ,,ანგლიჩანკად“. ამის დასადასტურებლად უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, რომელთა აქ განხილვა სრულიად ზედმეტად მიმაჩნია.


მზია ნოვატორია. მის სახელს უკავშირდება ჭიათურაში ,,კომპიუტერული რევოლუცია“. ახლა, როცა ძალიან ადვილია კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და, თან, ძალიან კარგი ხარისხის, ასე არ იყო თხუთმეტიოდე წლის წინ. თუნდაც ის პენტიუმ 1 იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი ჭიათურაში, რომელიც მზია ლეჟავას არასამთავრობო ორგანიზაციას რომ ეკუთვნოდა.

 

ამ ,,გონიერი მანქანით“ დაიწყო ჭიათურაში თანამედროვეობასთან ფეხის აწყობის ეტაპი. თითქმის უფასოდ, დაინტერესებული პირები, დღეში ოთხი ჯგუფი მაინც, მორიდებით შეაბიჯებდა ,,დემოკრატიული აზროვნების რესურსცენტრში“ და იწყებოდა ფარული გაოცების დრო: ,,რაღაც კომპიუტერს“ შეეძლო ტექსტის აკრეფა, ელექტრონული ცხრილებით ბუღალტერიის წარმოება, ხატვა, ვიდეო და აუდიო მასალის პრეზენტაცია და თან ძალიან სწრაფად და უშეცდომოდ (დღევანდელი კომპიუტერების ფონზე უკვე ,,პენსიაზე გაშვებული კომპიუტერის“ სისწრაფე და პროგრამული უზრუნველყოფა სასაცილოა, მაგრამ მაშინ მზია მასწავლებლის დისპლეის კლასი ყველაზე თანამედროვედ ითვლებოდა). მზია ლეჟავას ნოვატორობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მისი საავტორო კერძო სკოლა დღესაც ყველაზე წარმატებულად ითვლება ჭიათურაში. ამის საფუძველი სულაც არ არის ფინანსური გამართულობა.

 

სწორი მენეჯმენტი და სწორად შერჩეული კადრები განსაზღვრავენ მოსწავლეთა წარმატებებს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიტყვა პანდუსი ბევრს არც გაეგონა, უკვე ლეჟავას ,,ნილემს“ პანდუსი ჰქონდა. როცა სკოლებში ბუკებით სწავლება დანერგა სახელმწიფომ, ,,ნილემისთვის“ კომპიუტერული სწავლება წლებს ითვლიდა უკვე. პროცენტულად ყველაზე მეტი ათოსანი მზიას სკოლელია ჭიათურაში. თან გადასახადიც ძალიან ცოტაა (თუ არ ვცდები, თვეში ათი ლარი).


 მზია წარმატებული ქალია. სფეროები, რომელთანაც მზიას აქვს შეხება, თითქოს პირდაპირ მორგებულია მის შესაძლებლობებზე. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მზია მასწავლებელი ზუსტად განსაზღვრავს თავის კომპეტენტურობას და აღწევს წარმატებებს. მას არ აქვს სურვილი, რომ იყოს ფინანსური რესურსების შემგროვებელი. მას აქვს სულიერების კრედიტების ამოუწურავი მარაგი და ეს სახეზე აქვს ასახული. იმ დროს, როცა სახეგანათებული ადამიანის დეფიციტია ქვეყანაში, მზია მასწავლებლის სახე ნათელს და იმედს აფრქვევს.

 


წარმატებულ ქალბატონს, არაერთი უყურებდა ,,მწუხარებითა სხვისა კეთილსა ზედა ხედვითა“. პროფესიულ წარმატებებს ოჯახური ბედნიერება და სილამაზე როცა ერთვის, შესაძლოა, რომ ნამცეცა ბუნების ადამიანებმა ეს ვერ აიტანონ. ამ მხრივ არც ლეჟავას ცხოვრება ყოფილა ბედნიერი გამონაკლისი. იმერულად თქმული ,,კვანტის გამოდება“ არაერთხელ სცადეს, მაგრამ მზია მასწავლებელმა კარგად იცის, რომ კონფლიქტოლოგიაში არსებობს ტერმინი_განრიდება. განერიდებოდა კონფლიქტს და თავის საქმეს აკეთებდა.

 


 მზია კარგი მეგობარია. მახსოვს,  მის მიერ დაარსებულ კომპიუტერული სწავლების კურსები დავასრულეთ ათამდე სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფმა და სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას მცირე ,,ღვინისძიებაც“ მივაყოლეთ. ალბათ არსად ისე კარგად არ იტესტება ადამიანი, როგორც სუფრაზე. აკადემიურობა და უბრალოება მან ამ სუფრაზეც ისევე შეინარჩუნა, როგორც გაკვეთილის ჩატარების დროს. არცერთი ზედმეტი სიტყვა და მოქმედება, ზომიერი და დროული იყო მისი მხრიდან ყველაფერი... ბუნებრივია, მისი მეგობრობა ამით არ განისაზღვრება, მაგრამ სამაგალითოდ ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. უანგაროდ გაცემული რეკომენდაციები და რჩევები მზია ლეჟავას კეთილშობილ იმიჯს უქმნის და ეს მისი ბუნებიდან მოდის.

 


 მზია ლიდერია. უნებლიედ, ნებისმიერ სოციუმში იკვეთება მზიას ლიდერობა. მას ლიდერობა არ უსწავლია, არც მისი იარაღია ლიდერობა. თვითნაბადი ლედი_ამბობენ მასზე. ასევე  შეიძლება ვთქვათ მის ლიდერობაზეც.

 


 როცა გონებაში თვალი გადავავლე ყველაზე წარმატებულ ჭიათურელ ქალბატონებს, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ მზიაზე დამეწერა. ტელეფონით ვთხოვე, რომ ელექტრონულად გადმოეგზავნა თავისი სივი. ჯერ გაუკვირდა, თუ რისთვის მჭირდებოდა მისი სამუშაო გამოცდილების ნუსხა და მერე მორიდებით მთხოვა, ეგებ სხვაზე დაწეროო. როცა ეს თხოვნა ჩემ მიერ კატეგორიულად იქნა უარყოფილი, შემდეგ დელიკატური მადლობა გადამიხადა და მასალა მომაწოდა.

 

ვთვლიდი, რომ მზია ლეჟავას ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს ვიცნობდი, მაგრამ 8 ფურცელზე აკრეფილმა შრომითმა გამოცდილებამ სასიამოვნოდ გამაოცა. თან ეს სრულყოფილი არ არისო, მითხრა მზია მასწავლებელმა. თუ ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია ვაჩვენო ზღვა გამოცდილების აღმწერი ფურცლები, რომელიც ათეულობით ქალს ეყოფა საამაყოდ, თუმცა ეს არ კმარა მზიასათვის. ის მალე ალბათ ინგლისურ ენაზე დაწერილ რომანს გამოაქვეყნებს, რომელიც ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან გაერთიანებულ სამეფოში გამოიცემა. აქვს უამრავი იდეა, რომლებსაც ეტაპობრივად განახორციელებს.

 


 მოკლედ, მზია მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც კომუნისტური ეპოქის შაბლონური ქალის სახე არასდროს ყოფილა. არც ფუნქციონერის მანტიით შემოსილა. ის ლიდერ ქალად დაიბადა და ასეთივედ აგრძელებს წარმატებულ ცხოვრებას.

 


 

 საბოლოოდ, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი: მზია ლეჟავამ ღირსების ორდენის მიღებაზე მაშინ თქვა უარი, როცა ამ ჯილდოს მიღებამ მასობრივი სახე მიიღო. მისთვის რეგალიები უცხო არ არის, მაგრამ მისთვის ხალხის მიერ გამოხატული სიყვარულია მაინც მთავარი ჯილდო.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია