საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლანჩხუთის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ბევრი ყვარყვარე თუთაბერია
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/05/14 14:57:14

წინასაარჩევნოდ ფუტკრის სკას დამსგავსებული ლანჩხუთი, ანუ ვისი ვიოლინო ვის ფუტლიარშია

 

წინასაარჩევნო ბატალიები უკვე ძალაში შედის. ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. მმართველმა პარტიამ ლანჩხუთში გამგებლობის კანდიდატებისა და პარტიული და მაჟორიტარული სიის წარდგენა, ოფიციალურად, დღემდე ვერ მოახერხა. მაშინ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიც, მეორეც და მესამეც საჯაროდ, კულტურის ცენტრში წარადგინა.

 

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კულტურის ცენტრში გამართულ ყრილობას საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა (300-კაციანი დარბაზი ბოლომდე შეივსო).

 

„ნაციონალებმა“ ლანჩხუთში გამგებლობის კანდიდატად რამაზ გვარჯალაძე წარადგინეს. მაჟორიტარებობის კანდიდატები არიან: ქალაქში - ზაზა ქავზინაძე, ნიგოითი - ლაშა ჯიბლაძე, შუხუთი - გია გვარჯალაძე, ჩიბათი - ნიკა ლომიძე, ღრმაღელე - ბიჭიკო კვიჭიძე, სუფსა - ნაზიბროლა სარჯველაძე, ნიგვზიანი - გელა ქურიძე, ჩოჩხათი - ირაკლი მარშანიშვილი, მამათი - გოჩა კილაძე, ლესა - ელდარ შანიძე.

 

რაც შეეხება პარტიულ სიას, „ნაციონალების“ პარტიული სიის ხუთეული ასე გამოიყურება:

 

კახა ასკურავა - ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გია გოგუაძე - ექს-გამგებელი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ილო გვარჯალაძე (მოქმედი საკრებულოს წევრი, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი), კახა ფირუზის ძე გუჯაბიძე (მოქმედი საკრებულოს საკრებულოს წევრი), გელა ქურიძე (მოქმედი საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე).

 

ასეთ დროს თითქოს გასაკვირი უნდა იყოს ქართული ოცნების პასიურობა, თუმცა, როგორც საარჩევნო შტაბში გვითხრეს, ეს პასიურობა კი არა, საკითხისადმი საფუძვლიანი დამოკიდებულებაა. შტაბის ხელმძღვანელის, გოგი ხელაძის თქმით, მმართველი პარტია ყრილობას ლანჩხუთში 20 მაისისთვის გამართავს, თუმცა მანამდე ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის ათეული, რომელიც ასე გამოიყურება:

 

ელიკო ნაჭყებია („ქართული ოცნება“), ელგუჯა ჩხაიძე („თავისუფალი დემოკრატები“), გოგი ხელაძე („ქართული ოცნება“), რომან ბიწაძე („რესპუბლიკელები“), ია ჩხაიძე („ქართული ოცნება“), გელა კილაძე („კონსერვატორები“), ამირან ქანთარია („ქართული ოცნება“), გიორგი ჩახვაძე („მრეწველები“), კახა რომანის ძე გუჯაბიძე („ქართული ოცნება“) და ბაჩანა კვაჭაძე („რესპუბლიკელები“).

 

ათეულში არ შედის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქში სოსო ბოლქვაძე, არც „რესპუბლიკელი“ მარიკა თურნავა, რომელიც საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეა, ხოლო ასევე „რესპუბლიკელი“ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი სიაში საერთოდ არ ფიგურირებს.

 

ამ ფონზე ნამდვილად გასაკვირია ათეულში გიორგი ჩახვაძისა და ბაჩანა კვაჭაძის მოხვედრა. საქმე იმაშია, რომ ორივე „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის, ხოლო ჩახვაძეს მუნიციპალიტეტის ექს-გამგებელ გიორგი გოგუაძესთან ნათესაური კავშირებიც აქვს.

 

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციისა და ამავდროულად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გოგი ხელაძის თქმით, ჩახვაძემ შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა (?!). მიუხედავად ამისა, მკითხველს გვინდა ერთი დეტალი შევახსენოთ:

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩიბათში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან მოსახლეობის შეხვედრაზე, ესწრებოდა გიორგი ჩახვაძე, როგორც ამ სოფლის მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“, სწორედ ჩახვაძე იყო ის, ვინც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ეკამათებოდა. მინისტრის მოადგილესთან გვიმბალაურსა და ჩიბათში ჩაშლილი შეხვედრების გამო ლანჩხუთის იმჟამინდელმა გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ რამდენიმე საჯარო მოხელე დასაჯა

 

ამასობაში კი მმართველი პარტია ოფიციალურად დატოვა ერთ-ერთმა პირველმა აქტივისტმა და ლანჩხუთში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე მხარდასაჭერი ხელმოწერების შემგროვებელმა, გამგეობის ვეტერანთა განყოფილების უფროსმა, შოთა ფირცხალაიშვილმა:

 

– პირველი ვიყავი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი ხელმოწერების შეგროვება დავიწყე. ეს საკუთარი ინიციატივით გავაკეთე. 1500 ხელმოწერა შევაგროვე. ოფისიც კი საკუთარი ხარჯებით ვიქირავე. ჩემთან ერთად მხოლოდ გია მაჭარაშვილი იყო. დღეს ზოგიერთები რომ „ქართული ოცნებაში“ არიან, მაშინ დამცინავად და ირონიით მიცქერდნენ, – ამბობს ფირცხალაიშვილი.

მისი თქმით, მისი პარტიიდან წამოსვლა პარტიულმა სიამ განაპირობა:

 

– ყოველთვის ვცდილობდი, რომ საქმეში ერთგულება გამომეჩინა და ბოლომდე მებრძოლა. როგორც გავიგე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ბევრი ყვარყვარე თუთაბერია. ხმამაღლა ვაცხადებ: ყუფარაძეების მიერ გამოგზავნილ სიას მხარს ვერ დავუჭერ. ამ სიყალბეში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. სიაში ისეთი ხალხია, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ჭანჭიკივით მოერგებიან ყველაფერს, – გვითხრა ფირცხალაიშვილმა, რომლის თქმით, ის თავის სამსახურებრივ საქმეს სიამოვნებით აკეთებს.


– მაქვს სამსახური და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმეს. უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა იმ ხალხის ჩანაცვლება ხდება, რომლებმაც ყველაზე რთული პერიოდი გადავიტანეთ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და ვიქნები, მაგრამ ყვარყვარე თუთაბერებს ნიღაბს ბოლომდე ჩამოვხსნი, – დასძინა ფირცხალაიშვილმა.

 

   

ზაზა ურუშაძე

 

რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატს, „ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთში გამგებლის კანდიდატად გამგებლის მოვალეობის მოქმედი შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე წარადგინა.

 

თუმცა, როგორც PSNEWS-ისთვის გახდა ცნობილი, კოალიციის რამდენიმე წევრი ურუშაძის მხარდამჭერი არაა.

 

კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო შეიზაშვილი PSNEWS-თან საუბარში აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს კოალიციას, მაგრამ კონკრეტულად ზაზა ურუშაძის მხარდამჭერი არაა:

 

– მე, პირადად, ზაზა ურუშაძის წინააღმდეგი ვარ და ამის მიზეზი ისაა, რომ რამდენჯერაც შევხვდი ამა თუ იმ საკითხზე, იმდენჯერ მომატყუა. არ დავაკონკრეტებ ახლა, პრესკონფერენციაზე კი ყველაფერს ვიტყვი, – გვითხრა შეიზაშვილმა.

 

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს გამგებლობის კიდევ ერთ კანდიდატს, ბორის ჭყონიას:

 

კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ პარტიის ოფისში გახსნილია ჭყონიას მხარდამჭერი შტაბი, შეიზაშვილმა გვიპასუხა:

 

– არა, შტაბი ჩვენთან ნამდვილად არაა, მაგრამ მის მხარდაჭერას ღიად ვაფიქსირებ.

 

პარტია კოალიციის წევრია, მიუხედავად ამისა, როგორც შეიზაშვილმა გვითხრა, მისთვის არავის დაურეკავს და არავის საყვედურიც კი არ უთქვამს ჭყონიას მხარდაჭერის გამო. მისივე თქმით, პარტია ძალიან მალე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ყველაფერზე დეტალურად ისაუბრებს.

 

   

ბორის ჭყონია

 

რაც შეეხება ბორის ჭყონიას, დადასტურებული ინფორმაციით, ის „განვითარების ინტერპარტიული ორგანიზაციის“ მიერ წამოყენებული კანდიდატია გამგებლის პოსტზე.

 

„განვითარების ინტერპარტიული რეგიონული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ორგანიზაციები არიან: „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა); „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (პაატა დავითაია); „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (გიორგი ახვლედიანი); „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ (სერგო ჯავახაძე); „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ (თამარ ჩხეიძე); „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ (ვაჟა ადამია); „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ საინიციატივო ჯგუფი (ზურაბ ხარატიშვილი). ორგანიზაციას ზურაბ ხარატიშვილი თავმჯდომარეობს. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია