საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
"ჩვენ შევეჩვიეთ ასე აქციებზე წანწალს" – ქუთაისში "ოცნების" აქციაზე მარშუტკებით მიყვანილი პედაგოგები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/13 22:58:02

,,დღეს ქუთაისში კოალიცია ქართულმა ოცნებამ კახიანოურის ტერიტორიულ ორგანოში ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში ლელა ქელბაქიანი წარუდგინა. 


წარდგენისას საგანგებოდ მოწყობილი ტრიბუნიდან ქალაქის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ შემდეგი ფრაზები გააჟღერა: „ჩემი გვარი არ შერცხვება ამ ქალაქში, მე თუ ამირჩევს, ამირჩევს მხოლოდ ხალხი, არანაირი კონკურსის წესით არ ვაპირებ მერად დარჩენას. ლელა ქელბაქიანი არის კარგი უნივერსიტეტის რექტორი, კარგი ოჯახის შვილი და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი. მისი სახით საკრებულოში გეყოლებათ საიმედო ადამიანი".

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იქ შეკრებილი ადამიანები საჯარო სამსახურებიდან სპეციალურად დაქირავებული სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მიიყვანეს, რომელებიც მრავლად შეინიშნებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

„სანახაობის სანახავად ვარ მოსული, სკოლაში ვმუშაობ მასწავლებლად, მითხრეს და მოვედი. ხალხისთვის თუ გააკეთებენ რაიმე სასიკეთოს, კარგი იქნება. ჩვენ შევეჩვიეთ ასე აქციებზე წანწალს."–გვითხრა ერთერთი სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც სახელი და გვარი გარკვეული მიზეზების გამო არ გაგვიმხილა.

 

„შვილო, ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში ვმუშაობ დამლეგებლად. დილით იყვნენ მოსულები, ექვსის ნახევარზე მოგაკითხავთ მარშრუტკითო. კი ჩავჯექი და წამოვედი. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, რომ ეს ხალხი წლების წინ „ნაციონალების“ სახელით გვიყრიდა თავს და ახლა „ოცნება“ ვართო, გაიძახიან, სირცხვილია ხალხის ამდენი „გაპამპალება",–გვითხრა ქალბატონმა ლილიმ, რომელიც ქოლგით ხელში ელოდებოდა შეხვედრის დაწყებას.

 

სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლელა ქელბაქიანმა განაცხადა: „მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს რეალობად გადააქციოს თითოეული ჩვენგანის ოცნება. ბატონი შოთა კი იქნება ისეთი მერი, რომელზეც ამდენი ხანი ვოცნებობდით."

 

შეხვედრის ბოლოს ბავშვებს „ქართული ოცნების" მაისურები დაურიგეს. იქვე მდგომმა ხანდაზმულმა მამაკაცმა კი თავისთვის ჩაილაპარაკა: „20–20 მანეთი დეგერიგებიათ ამ ხალხისთვის, ის იყო მადლი".

 

ლიკა ჩახუნაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია