საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
კამპანია „ეს შენ გეხება" ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/13 13:45:34

 კამპანია "ეს შენ გეხება" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შემთხვევის სპეციფიურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართოს პროცესი და დროული და დასაბუთებული პასუხები გასცეს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. მითუმეტეს, რომ მოვლენები უფრო მძაფრ ხასიათს იძენს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მოახლოების ფონზე.

 


კამპანიაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ყველა მხარის ძალისხმევაა საჭირო რათა, საქართველოში შეიქმნას თვალთვალისა და მიყურადების თანამედროვე სისტემა, რომელიც გამორიცხავს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, ადამიანების პირადი ცხოვრების ხელყოფას და მათი პირადი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. ორგანიზაციების შეფასებით, ამ მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს პერიოდში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და არაორაზროვნად გამოხატოს მტკიცე პოლიტიკური ნება, რათა შეიცვალოს ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებით არსებული არაჯანსაღი სისტემა. 

 


ამასთან, ორგანიზაციების მოსაზრებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა უსწრაფეს ვადებში მიიღოს ერთი წლის წინ ინიცირებული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწონებული კანონპროექტი. 
კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, მთავრობამ სიღრმისეული რეფორმები უნდა გაატაროს სამართალდამცავ სისტემაში, ხოლო, მედიამ უნდა გამოხატოს პრინციპული პოზიცია და მომავალში მაქსიმალურად თქვას უარი პირადი ინფორმაციის შემცველი ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან. 

 


კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"უკვე რამდენიმე წელია, რაც სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მხრივ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ამ მიმართულებით რეფორმის გატარების აუცილებლობაზე. ერთი წლის წინ, სამოქალაქო სექტორის წამომადგენლები საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით შევიდნენ, თუმცა ამ ცვლილებების მიღებას ძალოვანი უწყებების მხრიდან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და შესაბამისად პროცესის გაჭიანურება მოჰყვა. არსებული მანკიერი სისტემის შესაცვლელად მმართველი პოლიტიკური გუნდის დეკლარირებული ნების მიუხედავად ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ მომხდარა, რის გამოც, სამოქალაქო სექტორმა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო აქტიური ადვოკატირების კამპანია "ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ". 

 


მიუხედავად სამოქალაქო სექტორის აქტიურობისა, კანონის სწრაფად მიღებას ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა სამართალდამცავი უწყებების სახით. ბოლო პერიოდის განმავლობაში ფარული მიყურადებისა და თვალთვალის საკითხი პოლიტიკური დებატებისა და განხილვების თემაც გახდა.

 

საკითხის განხილვაში პოლიტიკური პარტიებიც ჩაერთნენ, რომლებსაც, ცხადია, ყველაფერთან ერთად, პოლიტიკური ინტერესებიც ამოძრავებდათ, რაც ხშირ შემთხვევაში კამპანიის პოლიტიზების, ზოგჯერ კი დისკრედიტაციის მცდელობაშიც გამოიხატებოდა. ყოველივეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული მოვლენებიც დაემატა, რამაც გაამძაფრა მიმდინარე დისკუსია. ამ შემთხვევის სპეციფიურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართოს პროცესი და დროული და დასაბუთებული პასუხები გასცეს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. მითუმეტეს, რომ მოვლენები უფრო მძაფრ ხასიათს იძენს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მოახლოების ფონზე.

 


კამპანიაში "ეს შენ გეხება" გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვფიქრობთ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ყველა მხარის ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას თვალთვალისა და მიყურადების თანამედროვე სისტემა, რომელიც გამორიცხავს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, ადამიანების პირადი ცხოვრების ხელყოფას და მათი პირადი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია:

 


საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს პერიოდში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და არაორაზროვნად გამოხატოს მტკიცე პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შეიცვალოს ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებით არსებული არაჯანსაღი სისტემა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობაში გაჩნდეს ნდობა ახალი სისტემის მიმართ, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და, მეორე მხრივ, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

 


საქართველოს პარლამენტმა უსწრაფეს ვადებში მიიღოს ერთი წლის წინ ინიცირებული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწონებული კანონპროექტი. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით შემოთავაზებული რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოში შეიქმნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებზე დაფუძნებული კანონმდებლობა, რომელიც ევროპული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გარანტია იქნება.

 


კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

 


სამართალდამცავმა უწყებებმა შეწყვიტონ პროგრესული კანონმდებლობის მიღების მიმართ წინააღმდეგობა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
იმედია, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს მაინც შსს და საქართველოს პროკურატურა დაასახელებენ კონკრეტულ მუხლებს, რომლებიც ასეთი საფრთხის შემცველია. 

 


პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ კამპანია "ეს შენ გეხებას" პოლიტიზების მცდელობისგან და აღნიშნული საკითხის წინასააჩევნო კონტექსტში გამოყენებისგან. ვფიქრობთ, რომ როგორც წინა, ასევე დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში თვალთვალისა და მიყურადების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და სამართალდამცავ უწყებებში არსებულ პრაქტიკაზე. 

 


მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვას და სამართალდამცავების ქმედებების ეფექტურ კონტროლსა და მონიტორინგს. 

 


ყოველივე ამის გამო, ხშირია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სამწუხარო პრაქტიკა. სწორედ ამიტომ მედიასაშუალებები ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ საზოგადოების წინაშე.

 

ვიზიარებთ, რომ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.

 

თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის მეტად სენსიტიური ინფორმაციის ხშირად გავრცელებისას მედიასაშუალება არ გახდეს იარაღი სხვა დაინტერესებული ჯგუფების ხელში, რომელთაც, შესაძლოა, არა საზოგადოებრივი, არამედ ვიწრო პარტიული ან სხვა სახის ინტერესი (მათ შორის უშიშროებასთან დაკავშირებული) ამოძრავებდეთ.

 


"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო იმისა, რომ საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებული პრობლემა.

 

ვფიქრობთ, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების საბოლოო მიზანი ის უნდა იყოს, რომ საქართველოში შეწყდეს ფარული ჩანაწერებით მანიპულაცია და მათი გასაჯაროვება. ამაზე კი ყველა ჩართულმა მხარემ უნდა იზრუნოს: ერთის მხრივ, მთავრობამ სიღრმისეული რეფორმები უნდა გაატაროს სამართალდამცავ სისტემაში, ხოლო, მეორე მხრივ, მედიამ უნდა გამოხატოს პრინციპული პოზიცია და მომავალში მაქსიმალურად თქვას უარი პირადი ინფორმაციის შემცველი ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან", - ნათქვამია კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია