დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისევ გვისმენენ!
"ეს ჩვენს საზოგადოებას ააფეთქებს" - ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერების ხმაურიანი შეფასებები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/07 00:34:04

"შეწყდეს ჩვენი მედიის თვალთვალი და ფარული მიყურადება!", - ეს განცხადება დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა "რუსთავი2"-ის შენობაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მედიას ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის კაბინეტებში სათვალთვალო კამერით ჩაწერილი მასალები წარუდგინეს. 



ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ვიდეოფირები მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს, თუმცა გვარამია წყაროს არ აკონკრეტებს. "რუსთავი2" ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნითაც მიმართავს. 



"რუსთავი2"-ში საგანგებო ბრიფინგამდე, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. 


გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში საშიშ ტენდენციებზე მიუთითებს. 

ლაშა ტუღუში: ძალიან ბევრი ნაგავი არსებობს სადღაც და მეშინია, რომ ეს ნაგავი გარეთ არ გამოიყაროს, - პანდორას ყუთი არ გაიხსნას, იმიტომ რომ ეს ჩვენს საზოგადოებას ააფეთქებს. ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთხელ, სერიოზულად დაფიქრება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ლუპის ქვეშ არ ვიყოთ; მათ შორის ჟურნალისტებიც. 



"რუსთავი2"-ის ხელმძღვანელების მიმართ თვალთვალზე გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებენ უფლებადამცველები კახა კოჟორიძე და ნინო ლომჯარია. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ საგანგაშოა ფარული თვალთვალი, მეორე მხრივ კი ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მასალების გაჟონვა მოხდა. 



კახა კოჟორიძე: ამ ინფორმაციის წყარო, როგორც გავიგეთ არის თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული თანამშრომელი. როგორც ჩანს, იქ არსებულ ინფორმაციასაც სჭირდება დაცვა. 



ნინო ლომჯარია:
 საგანგაშოა ის, რომ ამ მასალის გამჟღავნება ხდება უპრობლემოდ. აუცილებელია, პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ კანონპროექტის განხილვა, რაც კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში მომზადდა. 



სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო კომუნიკაციების დარღვევის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ თემაზე, საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. 



კოკა კაციტაძე, საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი: საქართველოს მთავარ პროკურატურაში უკვეუკვე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, ჩვენ მივმართავთ "რუსთავი2"-ის თანამშრომლებს, ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში – ამ ფაქტში მონაწილე პირების გამოვლენა და დადგენა. 



გამოძიებას დააკვირდება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მან "რუსთავი2"-ის თემაზე განცხადება გააკეთა. 
უჩა ნანუაშვილი: მიყურადება არის უკანონო, მაგრამ როდესაც საუბარია მედიასაშუალებაზე და ჟურნალისტების საქმიანობაზე, ეს განსაკუთრებით სენსიტიურია და ამ მხრივ აუცილებელია ეფექტიური გამოძიების დაწყება. ჩვენ ჩავერთვებით, რომ გვქონდეს დეტალური ინფორმაცია ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. 



ფარული ჩანაწერების გავრცელებულ ფრაგმენტებში, რომელიც მედიას თავად "რუსთავი 2"-მა გააცნო, ასახულია ნინო შუბლაძისა და ნიკა გვარამიას შეხვედრები სხვადასხვა პირებთან. კადრები, სავარაუდოდ კაბინეტის ჭერიდან არის გადაღებული. ვიდეოსთან ერთად ჩაწერილია ხმაც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერები გასული წლის ზაფხულის პერიოდით თარიღდება. თანამშრომლებმა ტელეკომპანიის შენობაში სამუშაო ოთახები დაათვალიერეს, თუმცა სათვალთვალო კამერები ვერ იპოვეს.



წყარო: ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

 

გთავაზობთ რუსთავი2–ის მიერ გასაჯაროებულ ფარულად გადაღებულ კადრებს

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია