დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შშმ პირთა დასაქმების შანსი გაიზარდა
2014/04/29 15:48:05

შშმ პირების დასაქმებაზე გასული წლის ნოემბრიდან ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ზრუნავს.  სწორედ ამ პერიოდიდან ახორციელებს ახალ პროექტს  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამა“ (პროგრმას აფინასნებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში).


პროგრამის მთავარი მიზანი იმერეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობაა. მიზნის მისაღწევად  პირველ ეტაპზე შეიქმნა  შშმ პირთა დასაქმების ცენტრი, რომელიც სამსახურის მაძიებელ შშმ პირებს ემსახურება. ამავე პროექტის ამოცანას წარმოადგენს  შრომის კოდექსში შშმ პირთა დასაქმების უფლებების დაცვის ხელშემწყობი ცვლილბების ინიცირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შშმ პირთა დისკრიმინაციისა და სტიგმის შემცირებაა.

 

პროექტის მიმდინარეობის შესახებ  ვესაუბრებით პროექტის მენეჯერს ქალბატონ ლიკა კილაძეს.

 

_ ქალბატონო ლიკა, სანამ უშუალოდ პროექტის მიმდინაროებაზე ვისაუბრებთ, მანამდე  საინტერესო ვისაუბროთ,  რა მდგომარეობა იყო  შშმ პირთა დასაქმების კუთხით?

 

უნდა აღვნიშნო, რომ  პროექტის პრეზენტაციებისას საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, მეწარმეებმა, თავად შშმ პირებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს. თითეული მათგანი აღნიშნავდა, რომ ამ პროექტის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ და ეს ძალიან კარგია, რადგან საქართველო, უკვე წლებია, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თვითრეალიზაციის, ინტეგრაციის, სრულფასოვანი ცხოვრების, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობებში მონაწილეობის, გაეროს კონვენციით აღიარებული უფლებების რეალიზაციის გამოწვევების წინაშე დგას. ეს პროცესი კი თანაბრად შემოქმედებით და კონსტრუქციული მიდგომას მოთხოვს როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო-საზოგადოებრივი სექტორის მხრიდან.


მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ  პროექტის დაწყება დაემთხვა  გაეროს კონვენციის რატიფიცირებას და 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  შშმ პირთა პროფესიული გადამზადების,  დასაქმების და კონკურენტუნარიანობის დონის გაზრდის ხელშემწყობი მექანიზმების განვითარებას, მაგრამ საერთოდ არ ითვალისწინებს სამეწარმეო სექტორში შშმ პირთა დასაქმების პოტენციალის შესწავლას, მეწარმეების მოტივაციის გამოვლენას და მათ ჩართულობას საკანონმდებლო დონეზე ინიციატივების მომზადების პროცესში, რაც თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურობას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამეწარმეო სექტორს, გარდა სამუშაო ადგილების შექმნისა, სათანადო მოტივაციის პირობებში სამუშაოსთან მიმაგრებული პროფესიული გადამზადების სერვისების უზუნველყოფის რესურსიც გააჩნია.  

 

ჩვენი პროექტი სწორედ ამ რესურსების გამოვლენას და შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების პროცესში მეწარმეთა ჩართულობის და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

 

– რა  ეტაპზეა  პროექტი და რა კონკრეტული შედეგები გაქვთ?

 

–    ამ ეტაპზე  მონაცემთა ბაზაში 63 შშმ პირია რეგისტრირებული, რომლებმაც ჩვენი პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.  შეირჩა დასაქმების 2 კონსულტანტი, რომლებიც გადამზადდნენ შშმ პირთა ინდივიდუალური დასაქმების გეგმის შექმნისა და განხორციელების ტექნიკებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინარული ჯგუფის წევრების, სოც-მუშაკების და სპეც-პედაგოგების დახმარებით შეიქმნა  შრომითი უნარების შეფასების ინსტრუმენტი.

 

ამ ინსტრუმენტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა ბენეფიციართა შერჩევისა და შეფასების პროცესი არ ყოფილიყო  დისკრიმინაციული. სწორედ უნარების შეფასებით იწყებს დასაქმების კონსულტანტი თითოეულ პირთან მუშაობას. პარალელურ  რეჟიმში ვეძებთ ვაკანსიებს, ვხვდებით პოტენციურ დამსაქმებლებს და ვსაზღვრავთ თანამშრომლობის პერსპექტივებს მათთან.

 

 სურვილის შემთხვევაში, შშმ პირებს ვეხმარებით პროფესიული გადამზადების ან სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობაში. უკვე 8 პირს გავუკეთეთ რეფერირება სახელმწიფო პროფესიული გადამზადების სკოლაში, ისინი  ექვსთვიან ან ერთწლიან  კურსებს გაივლიან და დაეუფლებიან კონკრეტულ პროფესიას.

 

ხოლო ორი შშმ პირი ( მერაბ ჟ.  და თეონა დ), ჩვენი დახმარებით  სტაჟირებას გადის  „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“ ქუთაისის ოფისში.   ზოგადად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენს ბენეფიციარებს იმ უნარჩვევების გამომუშავებაში, რომელიც შრომით ბაზარზე მათ თანაბარ პირობებში ჩააყენებას უზრუნველყოფს.

 

       რაც შეეხება დასაქმებულებს, უკვე გაქვთ წარატებული მაგალითები?

 

       რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი რამდენიმე თვეა დაიწყო და ეს პერიოდი ძირითადად ინფორმაციის გავრცელებას, ბენეფიციართა და პოტენციურ დამსაქმებელთა მოძიებას დაეთმო,   შედეგი დასაქმების  მიმართულებითაც გვაქვს. ორი წლის მანძილზე სულ 60-მდე შშმ პირი უნდა დასაქმდეს. ამ ეტაპზე კი 2  ბენეფიციარია დასაქმებული. ასმათ ჯ.   თითქმის ერთი თვეა, რაც შპს „მბმ–პოლიგრაფში“ ნაბეჭდი მასალების მკინძავად, ხოლო,  ქეთევან  ბ.   სტამბა  „ხომლიენში“,  ტექტის ამკრებ ოპერატორად დასაქმდა.

 

 

 ქეთევანს გადაადგილების პრობლემა აქვს, ის ეტლით მოსარგებლეა და მე–9 სართულზე ცხოვრობს, კორპუსში ლიფტი არ ფუნქციონირებს. ქეთევანი სამუშაოს სახლში ასრულებს. ასეთი ფორმით მუშაობა ერთადერთი გზაა მისი დასაქმების.

 

როგორ ხდება პოტენციური დამსაქმებლების შერჩევა?

 

– ამ პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ ორი ტიპის მონაცემთა ბაზის შედგენაზე, კერძოდ, დასაქმების მსურველთა და დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზებზე. ვაკანსიების მოძიების პარალელურად,  ვინიშნავთ იმ მოტივირებულ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენთან აქტიური თანამშრომლობის  სურვილს გამოთქვამენ შრომის კოდექსში ცვლილებების ინიცირების და ადვოკატირების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში, შშმ პირთა უნიკალური შესაძლებლობების და დასაქმების უნარების შესახებ მეწარმეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით  საინფორმაციო კამპანიების და ტრენინგების ჩატარებაა დაგეგმილი. ჩვენ არ გვსურს, რომ შშმ პირთა მიმართ მათი დამოკიდებულება იყოს თუნდაც პოზიტიურად დისკრიმინაციული.  ხშირად დამსაქმებლებს არასწორი ხედვა აქვთ, როცა განსაკუთრებით ლოიალურ და არათანაბარ პირობებში აყენებენ შშმ პირს. ჩვენი დასაქმების კონსულტანტები ცდილობენ, სწორი შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარონ  მეწარმეებს და ისინი გრძელვადიან დასაქმებაზე ორიენტირებული გახადონ. 

 

– რაიმე კონკრეტული ღონიძებები თუ გაქვთ პროექტით გათვალისწინებული, რაც ხელს შეუწყობს მეწარმეებისა და შშმ პირების თუნდაც შრომით ურთიერთობებს?

 

პროექტის ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ესაა. თუმცა, ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ვგეგმავთ დასაქმების ფორუმის ორგანიზებას. მასში ყველა უფლებადამცველი ორგანიზაცია იქნება ჩართული, ჩვენ ფორუმზე მოვიწვევთ ყველა პოტენციურ დამსაქმებელს, მეწარმეებს, საჯარო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბაზაში დარეგისტრირებულ შშმ პირებს, რომლებსაც ექნებათ საშუალება, პირისპირ  შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაცია თავად მოახდინონ.

 

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ  ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებული ყველა შშმ პირისთვის იქმნება დასაქმების ინდივიდუალური გეგმა. სპეციალურად მათთვის შემუშავდა მოდული  ორდღიანი ტრენინგისათვის პროფესიულ ორიენტაციაში,  СV-ისა და სამოტივაციო წერილის წერის საკითხებში. დასაქმების კონსულტანტები მუდმივ რეჟიმში უწევენ  დახმარებას ბენეფიციარებს, დასაქმებულებთანაც კი გრძელდება ურთიერთობა მანამ, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ  ბენეფიციარსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობა შედგა.

 

– თქვენი პროექტის ერთ–ერთი მიმართულება  შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების მომზადება და შრომის კოდექსში ცვლილებების ინიცირებაა, რა ეტაპზე ხართ ამ კუთხით?

 

–  პროექტის პარტნიორია ლატვია–საქართველოს თანამშრომლობის ფონდი. უახლოეს მომავალში  დაგეგმილია ვიზიტი  ლატვიის რესპუბლიკაში შშმ პირთა დასაქმების სახელმწიფო მოდელების და დასაქმებული შშმ პირების პრაქტიკული მაგალითების გაცნობის მიზნით. აღნიშნულ ვიზიტში მეწარმეებთან ერთად ჩართული იქნებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატირების ჯგუფის შექმნაც, რომელიც საქმიანობებს წარმართავს შშმ პირთა დასაქმების, შრომის უფლებების და ინტერესების დაცვისთვის. სასწავლო ვიზიტის ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთვება ადვოკატირების ჯგუფის საქმიანობებში, კონკრეტულად – შრომითი მოწყობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების მომზადებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში.

 

 თუმცა, ჩვენ ახლაც სისტემატურად ვხვდებით მეწარმეებს და ვცდილობთ, გავიგოთ მათგან, რა  ტიპის ხელშეწყობა სჭირდებათ და რა აუმაღლებდათ მათ მოტივაციას შშმ პირთა დასაქმებისთვის. 

 

ესაუბრა მაკა ჯინჯიხაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია