დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქართული ოცნების" მერობის 12 კანდიდატი ცნობილია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/27 23:51:20

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 აპრილს ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე 12 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატები წარადგინა.


ქართული ოცნებიდან 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე პირდაპირი არჩევის გზით მერობისთვის იბრძოლებენ:

 

  • თბილისში - დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი;
  • ქუთაისში - შოთა მურღულია, მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი;
  • ბათუმში -  გიორგი ერმაკოვი,  მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი;
  • თელავში  - პაატა კალმახელიძე, კომპანია "ბილაინის" თელავის ოფისის ხელმძღვანელი ;
  • ამბროლაურში - რატი ნამგალაძე, მშენებელ-ინჟინერი, ეკონომისტი;
  • რუსთავში -  დავით ჯიქია, მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი;
  • ახალციხეში -  გიორგი კოპაძე, პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  • მცხეთაში - ავთანდილ ნემსიწვერიძე, პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  • ზუგდიდში - ირაკლი გოგოხია, კომპანიის "ოილ პრო" დამფუძნებელი, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი;
  • გორში - ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის სასათბურე მეურნეობის დირექტორი;
  • ოზურგეთში - ბეგლარ სიორიძე, თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებელი;
  • ფოთში -  ირაკლი კაკულია, პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

„დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატები ღირსეულად იბრძოლებენ არჩევნებში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ“, -  განაცხადა ღარიბაშვილმა 26 აპრილს სპორტის სასახლეში გამოსვლისას.

 

 

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ღარიბაშვილი მიესალმა მხარდამჭერებს და დამსწრე სტუმრებს, რომელთა შორის ასევე იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პერსონალურად გამოარჩია, როგორც მისთვის  „ყველაზე საპატივცემულო ადამიანი“, რომელმაც „სასწაული მოახდინა ორი წლის წინ“, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ღარიბაშვილის ამ რეპლიკას ფეხზე ადგომით და ტაშით შეხვდნენ სპორტის სასახლეში შეკრებილები.

 

 

პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო „დემოკრატიული და თავისუფალი“ არჩევნების შემდეგ, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნები „უმნიშვნელოვანესი ეტაპია“, რომლითაც  „კიდევ ერთხელ გაიზომება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობისა და თავისუფლების ხარისხი“.

 

მისი თქმით, „ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის“ შიშით ვერცერთმა წინა ხელისუფლებამ ვერ გარისკა თვითმმართველობის რეფორმის ჩატარება, რომელიც გულისხმობს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას 50%-იანი ბარიერით და მათი გადარჩევის შესაძლებლობას, როგორც ეს თვითმმართველობის ახალი კოდექსით არის გათვალისწინებული. 

 

„მაგრამ მმართველობის ასეთი სისტემა თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აკისრებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება ჩვენს სოფელსა თუ ქალაქზე, ჩვენს რაიონზე ჩვენს ქვეყანაზე. ხალხს ახლა ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს ხელისუფლება. ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა“, - განაცხადა მან.

 

პრემიერმა ასევე სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ არჩევნები ვერ ტარდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში,  "მაგრამ გვაქვს იმედი, რომ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და  საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის“.  



ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, რომელიც მმართველი კოალიციის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ადილობრივი არჩევნებით „ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავაბარებთ დემოკრატიის გამოცდას“.  



„ეს არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური თუ კონსტიტუციური აქტივობა, არც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ჩასაბარებელი გამოცდა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ტესტი... ძალა თვითმმართველობაშია. ავირჩიოთ, დავავალოთ, მოვთხოვოთ... ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი საქართველოა. ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“, - განაცხადა კალაძემ.

 

თბილისის მერობის კანდიდატმა, რომელიც მესამე გამომსვლელი იყო წინასაარჩევნო ყრილობაზე და თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობის ერთ-ერთი ავტორია, ძირითადი ყურადღება მის საპროგრამო დებულებებზე გაამახვილა, რომელიც მოიცავს დედაქალაქში მთელი რიგი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

 

„ჩვენ ვხედავთ პრობლმებს, გვესმის ადამიანების წუხილი და ზუსტად ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ დედაქალაქის პრობლემები თქვენთან ერთად“, - მიმართა ნარმანიამ მხარდამჭერებს. 

 

წყარო "სივილ.გე'

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია