საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
ლილი ნუცუბიძის საღამო ბათუმში
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2014/04/27 19:26:14

 

ბათუმში პოეტი ლილი ნუცუბიძე გაიხსენეს. მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ალეკო ყიფიანს, რომელიც წლების მანძილზე ასწავლიდა ქუთაისში და ქალაქის ერთ-ერთი უძლიერესი ფილოლოგი იყო, თავისი ნიჭი და პროფესიული გამოცდილება არც ბათუმელი ბავშვებისათვის დაუშურებია. 



26 აპრილს ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილ საღამოზე მისმა მოსწავლეებმა სტუმართა დიდ აუდიტორიას აჩვენეს პოეზიის სიყვარული, დახვეწილი მეტყველება (კარგი ლასი) და ის პატრიოტული მუხტი, რითაც ასე ლამაზად ეფერებოდნენ საქართველოს მეორე ქალაქს - ქუთაისს, მისი უახლოესი წლების შემოქმედებითი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელს - პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ლილი ნუცუბიძეს, რომლის ათეულობით ლექსზე ქართველ კომპოზიტორთა პოპულარული სიმღერებია შექმნილი.

 

ერთ-ერთი ასეთი ლექსი (გულისტოლი მოუნახავს ჩიტბატონას...) ძალზე პოეტურად, დიდი ექსპრესიით წაიკითხა მოსწავლე გიორგი ზერემ, რომელიც მამით თურქი და დედით ქართველია, თავისი შესანიშნავი პედაგოგისა და გარემოს დამსახურებით კი, უდავოდ, ჩვენი ქვეყნის გულწრფელ პატრიოტად ყალიბდება. ასევე გამორჩეული აღმოჩნდა განსაკუთრებული ნიჭის მქონე მერვეკლასელი შემოქმედი ბიჭუნას - ნიკა ფუტკარაძის გამოსვლა. მოსწავლეების კარგ დეკლამაციას მშვენიერი სიმღერებიც ენაცვლებოდა, ბათუმელმა ბავშვებმა მრავალმხრივ წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭიერება.

 


ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში ბათუმელ პედაგოგებთან და ცნობილ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლალი მიქაძის მიერ სიურპრიზად შეთავაზებული სიმღერა განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა.საღამოზე ქუთაისელთაგან ასევე გამოვიდნენ: საბავშვო პოეტი ნელი დარსაველიძე, ლილი ნუცუბიძის რძალი თინათინ მაჭავარიანი, პედაგოგები ბარბარე აბდალაძე და ინგა ნიკოლეიშვილი.

 


როგორც იქ ითქვა, პედაგოგი ალეკო ყიფიანი აპირებს,საკუთარი წვლილი შეიტანოს ქუთაისისა და ბათუმის ამ ორი სკოლის დამეგობრებაში, ლილი ნუცუბიძის საღამო კი ამ ჩანაფიქრის განხორციელებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი აღმოჩნდა.



ნანული ცხვედიანი

ბათუმიდან

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2824
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია