დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ვარდიაშვილის ბლოგი
შოკისმომგვრელი სკანდალი და თავზარდამცემი სენსაცია!
2014/04/10 00:29:24

შენ, რა თქმა უნდა, დააკლიკე. სათაურში ამოკითხული ჯადოსნური სიტყვების აღქმისთანავე ცნობისმოყვარეობა ატანილმა თითის მკვეთრი მოძრაობით თაგუნას მარცხენა მხარზე ძლიერად დააწექი, და აი, უკვე აქ ხარ.  მხოლოდ სიტყვებმა მიგიზიდა? თუ ძახილის ნიშანმაც შეასრულა თავისი როლი? ხომ არ ჯობდა სამი ცალი დამესვა? ან  - ექვსი?

უპატიოსნო თამაშში რომ არ ჩამეთვალოს, აქვე გეტყვი, რომ ჰედლაინის შესატყვის შიგთავსს ამ ბლოგპოსტში ვერ ნახავ. ასე რომ, თუ მეტი არაფერი გაინტერესებს, გადი ისევ უკან.


...თუ ისევ არ გასულხარ, თუ ისევ აქ ხარ, მაშინ მოდი, ვისაუბროთ, მე და შენ.

ხელისუფლების შტოების ამბავი ხომ გახსოვს? - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. სულ სამია. კიდევ ერთზე საუბრობენ ხოლმე, მედიაზე, ვითომ მეოთხე ხელისუფლებაა და რამე. ნუ, იყოს ასე.


მოკლედ, ამ მეოთხეს დანარჩენების მსგავსი პოლიტიკა აქვს. უნდა, რომ მიგიზიდოს, თავისიანად გაქციოს, ცოტა სიმართლე გითხრას - ცოტა მოგატყუოს, ზოგჯერ გაცინოს - ზოგჯერ გატიროს, ბუზი მთლად სპილოდ თუ არა, მარტორქად მაინც მოგაჩვენოს, პრობლემებიდან ყურადღება გადაგატანინოს და ა.შ. და ა.შ.


არ შეცდე და არცერთი წუთით არ იფიქრო, რომ არ შეცდები. ესენი, ეს მეოთხეები ანუ,  შესაძლოა დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, მაგრამ გგონია პირველები, მეორეები და მესამეები ცოდნის ვარსკვლავებს წყვეტენ? და ხომ გატყუებენ? ხომ გასულელებენ? ხომ გიყენებენ? თანაც უკვე მერამდენედ. მოკლედ, ნუ მოეშვები, შენს წინაშეა მისი უდიდებულესობა - აბორიგენი ჟურნალისტიკა.


ისინი გიტყუებენ ვითომ სენსაციებით, ძალად სკანდალებით, შეუსაბამო ზედსართავებით - შენც ტყუვდები.


ისინი თესენ სიძულვილს და შენ მონდომებით იმკი მის ნაყოფს.


ისინი აღვივებენ ეთნიკურ შუღლს და შენ გახსენდება, რომ შენმა სომეხმა მეზობელმა, გუშინ, მგონი მტრული თვალი გამოგაყოლა.


ისინი ეწევიან დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით - შენ ნელ-ნელა ვეღარ იტან შენი შვილის კლასელის მუსლიმ მშობლებს.


ისინი შეურაცხყოფენ  ლგბტ თემის წარმომადგენლებს და შენ,  შესაძლოა, სურვილი არ გიჩნდება მათ თავ-პირი დაუნაყო, ქალაქის მთავარი გამზირიდან აოტო  აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, მაგრამ დიდად არც გსიამოვნებს მათი ხსენება - „მეტი პრობლემა არ არსებობს“?


ისინი ხშირად არ საუბრობენ ქუჩის ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, შიმშილით სიკვდილზე, სოციალურ სიდუხჭირეზე, სიღატაკესა და სიცივეზე, რეალურ კორუფციულ სქემებზე, ბინძურ პოლიტიკურ გარიგებებზე, ბიზნესის ხელისუფლებაზე და ხელისუფლების ბიზნესზე... ჩამოთვლითაგან ზოგჯერ რაიმეს ახსენებენ, მაგრამ გაკვრით, ზედაპირულად, დამახინჯებულად, საკუთარი მიზნებისთვის და ვინ მოთვლის კიდევ რისთვის ან რატომ?


სამაგიეროდ, უხვად გკვებავენ ნაგვით, - შენც იკვებები. გკვებავენ ადამიანები, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას მწერალზე ანგარიშსწორებისკენ წაქეზებისთვის იყენებენ; ადამიანები, რომლებიც ავტორს და მთხრობელს ვერ არჩევენ; რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ლიტერატურული პერსონაჟი, თუ კი ის ქართველია, მაინცდამაინც იდეალური უნდა იყოს; ხოლო, მისი არასასიამოვნო ყოფაში აღწერა ერის შეურაცხყოფაა. გიტენიან ინფორმაციას, რომელსაც სიტყვა „ყვითელიც“ კი ძნელად შეესებამება. ამ „მეოთხეების“ მთელი არმიები გიტევენ: ტექსტებით, ვიზუალებით, ხმებით, ქსელებით... მოკლედ, შავ დღეში ხარ.


ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედო, ყოველთვის გამოჩნდებიან მოინტელექტუალურო ტიპები, რომლებიც ზოგჯერ აღშფოთდებიან, ზოგჯერ იქილიკებენ, ზოგჯერ  ვითომ ჭკვიანურ რამეებს დაწერენ, ვითომ კარგ საქმესაც გააკეთებენ და უფრო მეტად კი საკუთარი თავით კმაყოფილები, უძლურების განცდას მხრებიდან ცოტა ხნით მაინც მოიშორებენ, მაგრამ ვინ, ვინ და შენ უნდა ხვდებოდე, რომ შენი საკვები ისევ ბინძურ ქვაბებში იხარშება, სიძულვილის, შხამის და სიბნელის ჩანჩქერი არ წყდება. აიღე და აჩვენე ვინც ხარ, რომ შენ ხარ ნამდვილი ხელისუფლება, უარი უთხარი მათ სიცრუეს, შუღლს, უმეცრებას. ნუ დაწვავ ამ „გაზეთებს“, ნუ ჩამოლეწავ ტელევიზიების შენობებს, ნუ დაამტვრევ რადიოებს, მაგრამ უბრალო ნუღა კითხულობ, ნუღა უსმენ, ნუღა უყურებ. რამე მოიმოქმედე, ადგილი მიუჩინე, შეარჩიე.  შენ  ნომერი პირველი ხელისუფლება ხარ, დარჩენები შენ გემსახურებიან, გააკეთე ეს. ნუ დაიბნევი, - საიდუმლოს გაგიმხელ: მათ შენი ეშინიათ.


 

ზურაბ ვარდიაშვილი

"ლიბერალი"


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია