საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში სამი ათასზე მეტი ნერგი დარგეს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/04/08 16:16:59

ბოლო პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტში უჩვეულოდ მაღალი აქტივობა შეიმჩნევა გამწვანების კუთხით. „ამერიქენ ელოისის“ მიერ, უკვე მეორე წელია, სამეურნეო ტერიტორიებზე, სადაც სამთო-მოპოვებითი საქმიანობა შეწყდა, რგვის უწყვეტი პროცესი  მიმდინარეობს. გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, დაახლოებით ათ ჰექტრამდე ტერიტორია განაშენიანდა, თუმცა „ელოისს“ 90 ჰექტარი აქვს სარეკულტივაციო.


„ელოისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის აქტიურობით, უკვე მეორე წელია, რაც გატყიანების პროცესში ჩართულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლა, რომელიც ყოველწლიურად კოლხური პოლიდომინანტური ტყისათვის დამახასიათებელ ჯიშებს აწვდის „ელოისს“ და რგვის პროცესშიც ეხმარება.


დღეს ნერგების დარგვაში, საჯარო სკოლის მოსწავლეების გარდა, საჩხერელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა (მათზე მზრუნველობა აღებული აქვს „ჯორჯიან ამერიქენ ელოისს“) და საქართველოს პარლამენტის წევრმა ანი მიროტაძემ მიიღეს მონაწილეობა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით შეუერთდა იმ პროექტს, რომელსაც იცნობენ სახელწოდებით „შავი ჭიათურის მწვანე მომავალი“.


– სიამოვნებით ჩამოვალ ყოველთვის და მივიღებ ასეთ აქციებში მონაწილეობას. ჭიათურა ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტია და მისთვის მცირედიც რომ გავაკეთო, მაინც კმაყოფილი ვიქნები. მით უფრო, რომ ჩვენთან ერთად დღეს საჩხერელი შშმ პირები არიან და ვაპირებ, რომ კიდევ ამ ბავშვებთან ერთად დავრგოთ ნერგები, –აღნიშნა ანი მიროტაძემ.


 რგვას ესწრებოდა ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა აქცია (მანაც ხაზი გაუსვა შშმ პირების ჩართულობას).


 ამჟამად სამ ჰექტრამდე დარგულ ნაკვეთს ეწოდა ჭიათურელი ცნობილი მეტყევის, ბუდუ ხვედელიძის, სახელი. ამ ფაქტს გამოეხმაურა მისი ოჯახი და მადლობა გადაუხადა ინიციატორებს.


„მამას მთავარი მიზანი ყოველთვის ტყის მოვლა-პატრონობა იყო. მიხარია, რომ მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ოჯახი ამ ფაქტით აღფრთოვანებული დარჩა. მადლობის გარდა, რა გვეთქმის?!“ – აღნიშნა ბატონი ბუდუს შვილმა, მარიკა ხვედელიძემ.

 

 

საშემოდგომო რგვის დროს განაშენიანებულ ახალ ნაკვეთს ჭიათურელი გმირის, აფხაზეთში დაღუპული ჯონი თორღვაშვილის სახელი დაერქმევა, – აღნიშნა „ელოისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მაკა კვარაცხელიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია