სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტს სპეციალურ მიმართვას უგზავნიან და ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის განხილვაში მოსახლეობის აზრის გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
საპარლამენტო მიმართვას ხელს აწერს საქართველოს 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის განხილვისას გაითვალისწინოს საკრებულოების, მაჟორიტარი დეპუტატების, განსაკუთრებით, გორისა და ახალციხის საკრებულოების პოზიცია და მთავრობას ამ მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის დამატებითი განხილვა და შესაბამისი წინადადების წარდგენა მოსთხოვოს.
განცხადებაში აღნიშნულია: 2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ოპტიმიზაციის ვარიანტები. ჩვენ, ხელისუფლებას წარვუდგინეთ წინადადებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიებზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას და ეს წინადადებები სწორედ მოსახლეობასთან, რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა.
სამწუხაროდ, 28 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე არ განხილულა რაიმე ალტერნატივა, გარდა ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის დაკანონებისა.
სამთავრობო კომისიის მუშაობა გაუმჭვირვალედ და მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა, კომისიამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობასთან კონსულტაციები, გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო გათვალიწინებული საკრებულოების და საზოგადოების აზრი.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება კანონის სულისკვეთებას, საზოგადოების განწყობებს, თვითონ მთავრობის მიერ დეკლარირებულ დეცენტრალიზაციის პრინციპებს. არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტიც, რომ მსხვილი მუნიციპალიტეტების შენარჩუნება, მთლიანად რეფორმის ჩაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს და საბოლოოდ დავკარგოთ ის მცირე მიღწევები, რომლებიც ამ რეფორმას შეიძლება მოჰყვეს.
სწორედ ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამო მომზადდა სპეციალური მიმართვა პარლამენტისთვის, რომელსაც დღეის მდგომარეობით ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
საპარლამენტო მიმართვაზე ხელმოწერები გრძელდება