საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანები
გოგი რევიშვილი: „ზვიადი იყო პირველი ვიოლინო, რომელმაც ააჟღერა და გააღვივა თავისუფლების სურვილი ერში!“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/04/01 11:35:49

31 მარტი - პირველი პრეზიდენტის და პირველი რეფერენდუმის დაბადების დღე

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ქართული ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის იუბილე და მის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი ამ ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს საქართველოს უახლეს ისტორიაში 31 მარტი აერთიანებს.

 

1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩაატარა რეფერენდუმი, საერთო სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე – „ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“.

 

ეს იყო რეფერენდუმის ერთადერთი კითხვა, რომელზეც დადებითად გაცემულმა პასუხების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადებას ჩაუყარა საფუძველი.

 

ზუსტად 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა, მოვლენა, რომლითაც რეალურად ქართველმა ხალხმა უარი თქვა სსრ კავშირის მემკვიდრეობაზე. მარტო იმიტომ, რომ ქართული ნება მოსკოვის კრემლის იმპერიულ სტილში არ ჯდებოდა, ეს დღე რუსულმა მასმედიამ „ტყუილის დღედ“ შერაცხა.

 

სსრ კავშირის მემკვიდრეობაზე უარის თქმისა და რეფერენდუმის პასუხების შემდეგ დღის წესრიგში ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება დადგა და რადგან სულ რაღაც 9 დღეში დგებოდა 9 აპრილი ქართველი ერისთვის ორმაგი განცდის, მწუხარების და სიამაყის შემცველი თარიღი, სწორედ ამიტომ  დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ სწორედ 1991 წლის 9 აპრილი დასახელდა.

 

რეფერენდუმიდან 23 წლის შემდეგ თავად ამ თარიღის და მისი მთავარი ფიგურის შესახებ მოგონებებს აცოცხლებს ადამიანი, რომელიც იმ პერიოდის მოვლენების ცოცხალ მემატიანედ შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან  20-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

 

   

გოგი რევიშვილი

 

64  წლის ქუთაისელი, გოგი რევიშვილი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის  ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო. ადამიანი,  რომელიც, როგორც თავად ამბობს, არასდროს ყოფილა ზვიადისტი, მაგრამ ყოველთვის იყო ზვიადის ახლო მეგობარი.

 

ბატონი გოგი რევიშვილი პროფესიით რუსული ენის სპეციალისტია. ის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო სინქრონული თარჯიმანი გახლდათ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქუთაისის ტურისტულ ბიუროში მუშაობდა და უცხოელ თუ ქართველ ტურისტებს მისი ქვეყნისა და ქალაქის ისტორიულ წარსულს უამბობდა.

 

ბატონ გოგის ძალიან ბევრი საინტერესო მოგონება აკავშირებს ეროვნულ მოძრაობასა და მის ლიდერებზე, სწორედ ამიტომ ჩვენი ექსკლუზივიც მასთან ამ მოგონებების შესახებ საუბრით დავიწყეთ.

 

- ბატონო გოგი, როგორ და რა ვითარებაში გაიცანით ზვიად გამსახურდია?

 

- მე სიონის ტაძრის მრევლი ვიყავი, ზვიადის პირველად იქ შევხვდი.  ხშირად დადიოდა სიონში, მოვიდოდა, დადგებოდა კუთხეში და ლოცულობდა. მაგრამ მასთან მისვლა და გამოლაპარაკება ადვილი არ  იყო, რადგან ზვიადი კონტაქტში ძნელად შედიოდა უცხოსთან, არა იმიტომ, რომ უკადრისი იყო, უბრალოდ, ძალიან ფრთხილობდა,  ეჭვიანი იყო. მერე ოფიციალურად ის ვალენტინა ფაილოძემ გამაცნო, ეს ქალბატონი ეროვნული მოძრაობის წამყვანი მანდილოსანი გახლდათ, რის გამოც, ხშირად აპატიმრებდნენ. ზვიადის მალე დავუახლოვდი, ის მაწვდიდა სხვადასხვა ლიტერატურას, „ოქროს საწმისი“ „მოამბე“, კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებს და ასე შემდეგ, მალე ჩვენ შორის საერთო იდეები და მსოფლმხედველობა გაჩნდა.

 

- კონკრეტულად რა გაერთიანებდათ, რამ განაპირობა თქვენი 20-წლიანი მეგობრობა?

 

- ჩვენ ნათელი იდეები გვაერთიანებდა, საქართველოს დემოკრატიული წინსვლა და ჰუმანური იდეები, ამ იდეებმა გაახშირა ჩვენს შორის შეხვედრები და ამ შეხვედრებმა სტიქიური სახე მიიღო. ზვიადი მოდიოდა ჩემთან ოჯახში მერაბ კოსტავასთან ერთად. ვსაუბრობდით, ვგეგმავდით, იყო მცირე სუფრებიც, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზვიადი არასოდეს მინახავს ბოლომდე ლაღი, მხიარული და გახსნილი, რაღაცას ყოველთვის იტოვებდა თავისთვის,  გულჩათხრობილი იყო და სუფრაზე არც დიდად მომლხენი და იუმორით გამორჩეული, რასაც ვერ ვიტყვი მერაბ კოსტავაზე. ის იყო აქტიური, მომლხენი და ჰქონდა ძალიან კარგი იუმორი. საერთოდ, მერაბი ზვიადს ძალიან აბალანსებდა. მისი საეჭვო დაღუპვით ზვიადმა ძალიან ბევრი დაკარგა, გამოეცალა სერიოზული დასაყრდენი, შეიძლება ითქვას, რომ კოსტავას გარეშე დარჩენილ ზვიადს მუხრუჭები მოეშალა. ადამიანი, რომელიც ზვიადს აბალანსებდა, ზვიადი მეტ-ნაკლებად ჩქარი იყო და, ზოგჯერ, ამ სიჩქარით შეცდომებს უშვებდა.

 

- თქვენ ზვიადს ძალიან კარგად იცნობდით. რა მიგაჩნიათ მის მიერ დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომად?

 

- ზვიადი იყო პირველი ვიოლინო, რომელმაც ააჟღერა და გააღვივა  თავისუფლების სურვილი ერში. მაგრამ ჰქონდა ძალიან ბევრი შეცდომაც, როდესაც გახდა რა პირველი კაცი,  რატომღაც გაუჩნდა განცდა, რომ ყველა მისი მოწინააღმდეგე იყო, მათ შორის მოიაზრა ინტელიგენციაც და მათ წინააღმდეგაც გაილაშქრა. შეცდომა მისი მხრიდან იყო ისიც, რომ მის ირგვლივ არასწორად შერჩეული ხალხი შემოიკრიბა.ზვიადი იყო ერთ-ერთი მომხრე იმისა, რომ მაჰმადიან ქართველებს საქართველოში სრულფასოვნად ეცხოვრათ, მაგრამ შედგა რა ტრამპლინზე, რატომღაც ამ მხრივაც პოზიციები შეიცვალა.  ასევე უარყოფითი პასუხი მახსოვს მისგან ქვეყნის ტურისტული განვითარების თაობაზე. 1991 წელს, ტურიზმის თვალსაზრისით, ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობა იყო,  როცა მე მას ამის შესახებ ვუთხარი, მიპასუხა: „ტურიზმი საქართველოს არ სჭირდება, ეს ქვეყნისთვის ამღრევი და დამღუპველია“.

 

- ზვიადის დადებით თვისებებად რას გაიხსენებთ?

 

   

კიტა ბუაჩიძე სტუმრად ჯემალ ფხაკაძის

ოჯახში. სუფრასთან არიან ეროვნული 

მოძრაობის წარმომადგენლები: გოგი

რევიშვილი: ლია კაცაძე: სოსო ანდრიაძე

და სხვ.

 

- ზვიადი მართლა იყო ქვეყანაზე შეყვარებული და გულწრფელად სურდა დამოუკიდებლობა, იყო უზომოდ განათლებული, ფლობდა რამდენიმე ენას, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზვიადის ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის პატრიარქად კურთხევის საქმეში, ის მეგობარი იყო ილიასი და იყო დიდი მომხრე, რომ ის გამხდარიყო პატრიარქი და იყო ბოლომდე ჩართული იმ ბრძოლაში, რასაც ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა ერქვა, ჩვენ ერთად ბევრი გადავიტანეთ. იმ დროს იყო „კაკებეშნიკი“ ნიკო იობაშვილი, რომელიც გვავიწროებდა. სწორედ ამ მოძრაობის წევრობის გამო, ერთხელ გია ჭანტურიასთან ერთად მიტინგზე მივდიოდით, ბათუმში დაგვაკავეს. ფიზიკურ შეუარაცხყოფასთან ერთად უმოწყალოდ გვცემეს, ამას პერნამენტული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო საქართველოს  იმპერიული მარწუხებისგან გათავისუფლების სურვილი, ეროვნული მოძრაობა სულ უფრო ძლიერდებოდა.

 

ქუთაისში ცხოვრობდა  ერთი ასეთი ქალბატონი მარგალიტა თვალაძე, რომლის ოჯახშიც  ყველაზე ხშირად დადიოდა ზვიად გამსახურდია.ის ცოტა ხნის წინ, ასი წლის ასაკში გარდაიცვალა და ძალიან გულსაწყვეტია, რომ მისი დამსახურების მქონე ქალბატონს დაფასება არ ჰქონდა. მის გარდაცვალებაზე არაფერი თქმულა.

 

ჩვენ მარგალიტასთან ვიკრიბებოდით და იქ ხდებოდა საუბრები მოძრაობის სამოქმედო გეგმებზე, საკუთარი ფინანსებითაც ბევრჯერ დახმარებია ის ზვიადს, გია ჭანტურიას და, საერთოდ, თავგადაკლული მებრძოლი იყო ამ მოძრაობისა.

 

როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ კრახი განიცადა, მარგალიტას მიმართ ენით უთქმელი შევიწროვებები ხდებოდა, სახლში უვარდებოდნენ, აწამებდენ, აყაჩაღებდნენ. იყო ძალიან მორწმუნე და ჰქონდა უამრავი ხატი, ზვიადს ძალიან უყვარდა იქ განმარტოება და ლოცვა.

 

- ვინ იყვნენ ქუთაისის ეროვნული მოძრაობის ყველაზე აქტიური და ერთგული წევრები?

 

- ლია კაცაძე, სოსო ანდრიაძე, ჯემალ ფხაკაძე, ვანო ხუხუნაიშვილი, ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელები და გვარები წითელ ზოლად გასდევს ეროვნულ მოძრაობას, ისინი ცხოვრობდნენ ამ მოძრაობის ცხოვრებით და ყოველ წუთს მზად იყვნენ, საკუთარი სიცოცხლით გადაერჩინათ მოძრაობა. კოსტავას თავისუფლება რას ეწირებოდა წლობით? სწორედ ამ მოძრაობის მიმართ ერთგულებას, სხვა მას არაფერი დანაშაული მიუძღოდა, ის თავისი ეროვნული იდეებით შოვინისტური რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ამიტომ აცლიდნენ ამ დასაყრდენს მოძრაობას, ის მოსკოვის კრემლის პირადი პატიმარი იყო. მე, სოსო ანდრიაძემ და ჯემალ ფრუიძემ  ტელეგრამა გავუგზავნეთ ელცინს, სადაც ვუსაბუთებდით, რომ კოსტავას პატიმრობა იყო სრული უსამართლობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მისგან პასუხიც მივიღეთ. ჩვენი ტელეგრამის შედეგად მოხდა ის, რომ მერაბ კოსტავა ანგარსკის ციხიდან საქართველოს საპატიმროში გადმოიყვანეს, რაც ფაქტობრივად, თავისუფლების ტოლფასი იყო.

 

- 31 მარტი ორი მნიშვნელოვანი თარიღია. რას ნიშნავს თითოეული მათგანი თქვენთვის?

 

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ისტორიული თარიღია. ზვიადი თავისი სწორი სტრატეგიებით და შეცდომებით არის უმნიშვნელოვანესი თავფურცელი ქართული ისტორიისა, რომელიც თაობებს უნდა გადაეცეს.

 


ეკა შალამბერიძე

 

 

 

 

 

ამ სტატიის გაზეთში გამოქვეყნებისთანავე, იტალიიდან შემოგვეხმიანა ჩვენი თანაქალაქელი ქალბატონი, ბატონ გოგი რევიშვილის ძმისშვილი, ქალბატონი მაია ტურაბელიძე.


მან სიყვარულით გაიხსენა თავისი ბავშვობა, როცა გოგი ბიძიასთან ერთად მონაწილეობდა დისიდენტურ მოძრაობაში, ყველა მიტინგსა თუ შეხვედრაზე დაყვებოდა ბიძას და ეროვნულ იდეებზე იზრდებოდა.

 

ქალბატონი მაია განსაკუთრებული ხაზგასმით საუბრობს გოგი რევიშვილის ღვაწლზე, საბჭოეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, რადგანაც თავად ბატონი გოგი ძალიან თავმდაბალი ადამიანია და პრესასთან საკუთარ დამსახურებებზე საუბარს თავი აარიდა.

 

მაია ტურაბელიძე:

 

„დღეს ადვილია საუბარი და  ყველა ლაპარაკობს. ყველა გამოთქვამს თავის პოლიტიკურ მოსაზრებას. მაშინ სად იყვნენ ეს ადამიანები, როცა ქვეყანაში „უძრაობის ხანა“ იდგა, როცა სუფევდა სიჩუმე, შიში, დასმენა?.. (ვგულისხმობ საბჭოთა წყობილებას.)

 

   

გოგი რევიშვილი დედასთან და

მაია ტურაბელიძესთან ერთად

 

სად იყვნენ და წითელი დროშის ქვეშ, წითელი მანდატით გულისჯიბეში და მღეროდნენ: союз нерушимый республик свободных... მხოლოდ ერთეულები (მათი თითებზე ჩამოთვლა შეიძლება) იბრძოდნენ საქართველოსთვის, მისი თავისუფლებისთვის. ბიძაჩემი, გოგი რევიშვილი, ამ ერთეულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. მახსოვს, რომ იგი პროტესტის ნიშნად 20 წლის მანძილზე არ უყურებდა ტელევიზორს, რომელიც აშუქებდა საბჭოთა ლაყბობას.

 

გოგიმ მთელი თავისი ცხოვრება ეროვნულ მოძრაობას, დისიდენტურ საქმიანობას შესწირა. დაუღალავად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას გვერდით. ქუთაისში, მის სახლში ეწყობოდა საიდუმლო შეხვედრები, საიდუმლო თათბირები ქვეყნის გადასარჩენად, ერის გამოსაღვიძებლად, რომლებსაც სისტემატიურად ესწრებოდა ზვიად გამსახურდია. ჩემი ბებია შეძლებისდაგვარად უმასპინძლდებოდა ზვიადს და ღამეს ათევინებდა.  ბიძაჩემის სახლში განუწყვეტლივ მოდიოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც იგი, სამშობლოს სიყვარულზე ლექციებს უტარებდა.

 

გოგი თავად ძალიან განათლებული ადამიანია, „ცოცხალ ენციკლოპედიას“ ეძახდნენ. ის ჩვენი ქვეყნის ბევრ გამოჩენილ ადამიანს იცნობდა  და სურათებიც აქვს მათთან, მაგ.: პეტრე ჭაბუკიანს, კიტა ბუაჩიძეს, აკაკი შანიძეს, გურამ მამულიას და სხვებს. მახსოვს, გურამ მამულიასთან ერთად უძღვებოდა მაჰმადიანი მესხების საქმეს. მეც არაერთხელ ვყოფილვარ მასთან და სხვა ლიდერებთან ერთად კოპიტნარში, მაჰმადიანი მესხების დასახლებაში.

საერთოდ, ბიძაჩემი მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო – შემოწმებული იყო ყველა მისი მოქმედება, სატელეფონო ზარი... გოგი არაერთხელ ყოფილა მაშინდელი ქუთაისის პოლიციის უფროსის, თევზაძის კაბინეტში დაკითხვაზე და მის ზურგს ბევრჯერაც მოხვედრია „დუბინკა“. 

 

მეც, შეძლებისდაგვარად, ვიდექი გოგი ბიძიას გვერდით, ვღებულობდი დავალებებს. არაერთხელ ვყოფილვარ ზვიად გამსახურდიას „კოლხურ კოშკში“ და მერაბ კოსტავას პატარა სახლში. კარგად მახსოვს ამ ადამიანების ოჯახის წევრები.

 

 „მაიკო, გაიხედე იქეთ, თითქოს არაფერი, თვალი მოავლე უბრალოდ, რომ არ შეგნიშნოს. ეგერ რომ კაცია, ჩვენ დაგვდევს, გვითვალთვალებს...“ – მეუბნებოდა ხოლმე ბიძა.

 

განსაკუთრებით მახსოვს ერთი აგენტი, როცა გამოვედით „კოლხური კოშკიდან“. 1989 წლის 25 თებერვალი, გლოვის დღე, ოკუპირებული საქართველო... თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე გაიმართა დიდი მსვლელობა. მე და ბიძა რამდენიმე დღით ადრე გავემგზავრეთ ქუთაისიდან მონაწილეობის მისაღებად, რადგანაც ვიცოდით, რომ მერე დაგვაკავებდნენ და აღარ გაგვიშვებდნენ. მართლაც, ჩვენი წასვლიდან რამდენიმე საათში ბებია დაუკითხიათ... თბილისის ქუჩებში შევნიშნე ტანკები, რომლებითაც მალე, 9 აპრილს დაარბიეს მომიტინგეები. შიში მიპყრობდა, მაგრამ ამ აქციის ორგანიზატორების გვერდით მაინც იმედიანად ვიყავი.

 

ბიძაჩემი და ერთეული ადამიანები ორგანიზებას უკეთებდნენ მიტინგებს ქუთაისში, რომელთა წინა რიგში მეც არაერთხელ ვმდგარვარ და რომლებსაც არბევდნენ სწორედ ისინი, დღეს რომ პატრიოტებად გამოდიან და თავს აძლევენ უფლებას, ილაპარაკონ საქართველოს ბედზე.

 

ხოლო ადამიანი, რომელიც შეუპოვრად იბრძოდა ერისთვის, ვინმეს ახსოვს დღეს? ვინმეს აინტერესებს იგი?

 

თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად აფასებენ  ბიძაჩემის საქმიანობას. ამასწინათ, ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა და ცნობილმა ქუთაისელმა ჟურნალისტმა, ნანული ცხვედიანმა, სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარი გაუკეთა ჩემს მიერ გავრცელებულ გოგის ფოტოს: „აი, მართლაც, ვინ იყო ნამდვილი დისიდენტი ქუთაისში! და არა ისინი, მერე ქულებს რომ იწერდნენ სახელისუფლებო ადგილების მოსაპოვებლად. ეს არის კაცი, რომელმაც დაივიწყა პირადი ცხოვრება და თავისი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები საქართველოს მომავალს შესწირა“.

 

 

მე ვალდებული ვიყავი, აუცილებლად მეთქვა ეს სათქმელი, რადგან შთამომავლობამ უსათუოდ უნდა იცოდეს გოგი რევიშვილის წვლილის შესახებ ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია