საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრესის მიმოხილვა
„მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია“ – პრემიერის გარდაცვალების უცნობი ვერსია - სამოქალაქო პრესა
2014/03/31 12:51:10

გაზეთი  „კვირის პალიტრა“  ზურაბ ვანიას გარდაცვალების სავარაუდო თვითმხილველთან ინტერვიუს აქვეყნებს. მან ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა, თუმცა პროკურატურსათან თანამშრომლობისთვის ზმად არის. როგორც სტატიიდან ირკვევა მისი ვერსია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გოგლა ჟვანიასთვის ცნობილია.

 

„მოქალაქემ, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა, გაგვაცნო ერთი საკმაოდ სკანდალური ვერსია, რომელიც საზოგადოებისთვის დღემდე ნაკლებად იყო ცნობილი. ჩვენი რესპონდენტი ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოწმეა. ამ ეტაპზე მან ვინაობის გამხელაზე უარი თქვა, თუმცა აცხადებს, რომ მზად არის პროკურატურასთან სათანამშრომლოდ. ვინაიდან ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია, თანაც გავარკვიეთ, რომ მას გოგლა ჟვანიასთვის ეს ამბავი უკვე მოყოლილი ჰქონდა, გადავწყვიტეთ, მისი მონათხრობი გამოგვექვეყნებინა.

 


ანზორ - 2005 წლის 2 თებერვალს ასე, საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, წყნეთში რომ ავედი. ლოჭინისხევში პატარა მეურნეობა მქონდა და პირუტყვის ყიდვას ვაპირებდი. წყნეთში ცხოვრობდა ასეთი კაცი, თენგიზ შინდელაშვილი, რომელსაც დიდი "ფურა" ჰყავდა და საქონელი ქვეყნის გარედან შემოჰყავდა აქ გასაყიდად. სწორედ მასთან მქონდა საქმე, მაგრამ შინ არ დამიხვდა. რადგან ასული ვიყავი, თან ამინდიც უარესდებოდა - თოვა დაიწყო, გადავწყვიტე, დავლოდებოდი. იქვე ცხოვრობს რეზო ქოიავა, ჩემი მეგობარი  და იმასთან მივედი. რამდენიმე ხანში უკან მივბრუნდი, მაგრამ შინდელაშვილი ისევ არ დამხვდა. მისი ბიჭი მეხვეწა, შემოდით, დაელოდეთ, მალე მოვაო, მაგრამ აღარ გავჩერდი, გვიანი იყო უკვე. 



12-ს ოცი წუთი აკლდა, როდესაც უკან გამოვბრუნდი. რადგან გზა მოყინული იყო და საბურავები ცურავდა, ნელა მოვდიოდი. წყნეთი-თბილისის გზის ბოლო მოსახვევში დიდი სისწრაფით გზა მომიჭრა წყნეთისკენ მიმავალმა ციმციმაანთებულმა ვაზ-07 მარკის მანქანამ (იხ. სქემაზე 2). საჭე ვეღარ დავიმორჩილე, მოვცურდი და გზის საპირისპირო მხარეს სავალი ნაწილიდან ხუთი მეტრით გადავედი. ხრამში რომ არ გადავვარდი, ბუჩქნარმა და ნაძვის კუნძმა მიხსნა, რომელზეც პირდაპირ "დაჯდა" ჩემი მანქანა. მერე რომ დავფიქრდი, ეს ვაზ-07 ესკორტს ეკუთვნოდა. მოკლედ, გაიჩხირა ჩემი 06 (იხ. სქემაზე 1), ვეღარც წინ წავედი და ვეღარც უკან, მარჯვენა გიტარაც გატეხილიყო. გზაზე გადმოვედი, მაგრამ რადგან იმ ადგილას აღმართზე, თან გაყინულ გზაზე, მოსახმარებლად მანქანას არავინ გამიჩერებდა, ცოტა ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე. 



გზაზე ფეხი მიცურავდა, ამიტომ ტყის პირს ჩავყევი, ასე 150 მეტრი ჩავიარე და ის იყო, მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც მაშინ ფიცრული (მოსაცდელი ფარდული. - ავტ.), ახლა კი თანამედროვე "ბოქსი" დგას, მანქანების ხმა გავიგონე და მალე გამოჩნდა კიდეც ქალაქის მხრიდან მომავალი "ტოიოტას" მარკის შავი ჯიპი  (იხ. სქემაზე 3), რომელსაც თეთრი ვაზ-06 (იხ. სქემაზე 4) მოჰყვებოდა. მესამე მანქანა მოგვიანებით შევნიშნე. მივხვდი, რომ რომელიღაც თანამდებობის პირის ესკორტი იყო და მათთვის დახმარების თხოვნას აზრი არ ჰქონდა. უცებ წინ მომავალმა ჯიპმა დაამუხრუჭა, ასე 10 მეტრი იცურა, ჩემამდე ხუთ მეტრში მოტრიალდა და შუა გზაზე, გარდიგარდმო გაჩერდა. აი, მაშინ ვიცანი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ჯიპი. ბატონ ზურაბს ჯერ კიდევ "მწვანეებიდან" ვიცნობდი და იმ პერიოდშიც ხშირად ვხვდებოდი. 



მე ფარდულის კუთხიდან ვაკვირდებოდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თეთრი 06-დან გადმოვიდა მაღალი, სიმპათიური, შავთმიანი ბიჭი. თმა ისე ულაპლაპებდა სინათლეზე, რომ უეჭველად ბრიოლინი ან რაღაც ასეთი ესვა.



- ეს ყველაფერი ავტომობილების ფარების სინათლეზე ჩანდა?


- არა, ამ ადგილას გარე განათება იყო, ლამპიონები დგას. ბიჭს გრძელი პალტო გახსნილი ჰქონდა და ორი ცალი "სტეჩკინი" მოუჩანდა. ერთხანს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში ვმუშაობდი და იარაღს კარგად ვცნობ. ვიდრე ჯიპამდე მივიდოდა, ბიჭს ორ ადგილას გაუცურდა ფეხი, თითქოს ფეხსაც ითრევდა... მერე ჯერ ჯიპის მარცხენა მხარეს წავიდა, მაგრამ მობრუნდა, მარჯვნიდან მოუარა, უკანა კარი გააღო და ჩაჯდა. კარი მიიხურა, მაგრამ არ დაიკეტა, რადგან პალტოს კალთა მოჰყვა. ბიჭი მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ყვირილი გავიგონე: - რას შვრებით?! არ გამოვრიცხავ, ის დაზიანება, რომელიც ჟვანიას ტუჩზე ჰქონდა და ფოტოზეც აღბეჭდილია, სწორედ ამ დროს, ძიძგილაობისას მიაყენეს. მალევე გაისმა ორი გასროლა, მანქანის ოდნავ ღია კარიდან გამოვარდნილი ბოლიც დავინახე.

- ხმა გეცნოთ?


- კი, ზურაბ ჟვანიას ხმა იყო. მანქანა ნამდვილად მისი იყო. ამის მერე...’’-ნათქვამია ‘’კვირის პალიტრის’’ სტატიაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია