დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ვარდიაშვილის ბლოგი
რაზე ვერ შეთანხმდნენ მოქალაქე და პრეზიდენტი?
2014/03/20 00:44:35

იმედგაცრუება... ახლადგამოვლენილი თვისებები... გაუგებრობები პირად საუბრებში… - ეს ლირიკაა. შეუძლებელია თანამებრძოლებმა ურთიერთობისას მსგავსი პრობლემები ვერ გადალახონ. მეგობარ პრეზიდენტზე საჯარო თავდასხმას ბევრად მნიშვნელოვანი მიზეზები სჭირდება.


მოქალაქისა და პრეზიდენტის დაპირისპირება (უფრო სწორად, მოქალაქის დაპირისპირება პრეზიდენტთან) საქილიკო თემად სწრაფად იქცა. ამ კონტექსტში, შესაძლოა, ბევრს გამორჩა უმნიშვნელოვანესი პასაჟი, რაზეც პრემიერყოფილმა  ჩვეული გულწრფელობით ისაუბრა.


მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადება - კანონი, რომელზე ვეტოს დადებაც პრეზიდენტს სურდა, მედიის მეშვეობით ალბათ ბევრს სმენია, თუმცა ამავე მედიის პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი შინაარსი, შესაძლოა ასევე საყოველთაოდ ცნობილი არ იყოს, შინაარსი, რომელიც ჩვენი პოლიტიკური რეალობის ტრაგიკომიკურ მხარეებს ააშკარავებს.


მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის პროცესში მოწმე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მით უმეტეს - ქართული სისხლის სამართლის პროცესში, სადაც ბრალმდებლები მტკიცებულებათა ერთობლიობას დიდად არ სწყალობენ. ხშირად სწორედ მოწმის ფაქტორი წყვეტს, ჩაჯდებით ციხეში თუ დარბაზიდან გაგათავისუფლებენ.


დღესდღეობით გამომძიებელს შეუძლია მოწმე საკუთარ კაბინეტში, ან რომელიმე სარდაფში (საჭიროების მიხედვით) დაკითხოს. ჯერ კიდევ 6 წლის წინ შეიმუშავა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი, რომელიც ამ მეთოდს აუქმებს და მოწმის დაკითხვის საშუალებას მხოლოდ სასამართლო პროცესზე, მოსამართლის, დარბაზისა და ადვოკატის თანდასწრებით იძლევა. 



რას ცვლის ეს წესი? - სისხლის სამართლის მთელ პროცესს! პროკურორს აღარ აქვს შესაძლებლობა განმარტოებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ დაგკითხოთ, ჩვენებაზე ხელი მოგაწერინოთ და პროცესზე, თავისუფალ პირობებში, თუ მისი შეცვლა გადაწყვიტეთ, ჩვენების შეცვლის ბრალდებით ციხეშიც ჩაგსვათ. მას შეეძლება ადვოკატთა თანასწორ მდგომარეობაში, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესზე, ღიად და გამჭვირვალედ, ცემა-ტყეპის გარეშე დაგისვათ კითხვები, თქვენც შიშის გარეშე უპასუხებთ.


ახლანდელი მდგომარეობით პროცესზე მოწმის დაკითხვა ფარსია. ის უკვე წინასწარაა დაკითხული, ჩვენებაზე ხელი აქვს მოწერილი და ერთხელ უკვე (ნებით თუ ძალით) ნათქვამიდან გადახვევის უფლება არ აქვს. სწორედ ეს წესი შეცვალა ზემოთხსენებულმა კანონმა. კანონმა, რომლის ამოქმედებასაც ყოველ წელს „ერთი წლით“ ავადებენ.


სწორედ ამ გადავადებაზე ვეტოს დადება, ანუ მოწმეთა სასამართლოზე დაკითხვა სურდა პრეზიდენტს, რასაც მოქალაქე აქტიურად შეეწინააღმდეგა და შედეგიდან გამომდინარე (მოწმეთა პროცესზე დაკითხვის წესი ყოველგვარი ვეტოს გარეშე გადავადებულია) გაიმარჯვა.


განა ტრაგიკომიკური არაა ასეთი სცენა: 



პრეზიდენტი: ბატონო მოქალაქევ, მე მსურს ძალოვანი სტრუქტურა  პროგრესულ ნორმას დავუქვემდებარო. დაე, პროკურორებმა მოწმეები ჯურღმულების ნაცვლად ღიად და გამჭვირვალედ დაკითხონ. ამიტომ კანონის გადავადებას ვეტოს დავდებ.

 

მოქალაქე: რას ამბობთ პრეზიდენტო, გუნდი ვერ გაგიგებთ.

 

პრეზიდენტი: არ მაინტერესებს...

 

მოქალაქე: ხალხიც ვერ გაგიგებთ!

 

აქამდე დოკუმენტურ ჟანრთან მიახლოებული თხრობაა, აქ უკვე უნდა წარმოვიდგინო - „რას ვერ გამიგებენ - გიჟდება პრეზიდენტი - მათი დაკითხვა ცივილური ფორმით რომ მინდა, და არა "დუბინკების" ქვეშ?


დიახ, ასეთია ჩემი ანალიზი - უპასუხებს მოქალაქე.


ამ ძალიან რეალურ ფანტაზიას რომ შევეშვათ და ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნოთ, ხელისუფლების წარმომადგენლები კანონის გადავადების მიზეზად პროკურატურისა და სასამართლო სისტემის მოსალოდნელ კოლაფსს ასახელებენ. სასამართლოს რაც შეეხება, კონსტანტინე კუბლაშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ეს არგუმენტი სასაცილოდაც არ ჰყოფნის. გამოდის, რომ კოლაფსის შიშს ძირითადად პროკურორები განიცდიან.


გთხოვთ კარგად წარმოიდგინოთ ეს რას ნიშნავს, პროკურორი ამბობს: - „იცით, მე მეშინია ღია პროცესზე კითხვების დასმის, ამის კეთება მოწმესთან პირისპირ, განმარტოებით მირჩევნია, პირდაპირ პროცესზე რომ გავიდე, კოლაფსში ჩავვარდები...“


წამოგიდგენიათ?


და განა კითხვების რა მუზა მოსდით მათ ცალკე, განმარტოებით? თუ დაკითხვას კანონის დაცვით ატარებენ, რა განსხავვებაა, ღია პროცესსზე დაკითხავ თუ დახშულ ოთახში? რაზე მიუთითებს ეს ერთგვარი ლუსტრაცია? იმაზე ხომ არა, რომ გამოძიება დღემდე არ ამბობს უარს დაკითხვის ნაცად მეთოდებზე?

 


P.S. მამუკა მიქაუტაძე გახსოვთ? მან დაკითხვის შემდეგ, პოლიციის შენობიდან გამოსულმა, თბილისის ზღვასთან, ხის ტოტზე თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე კი მეუღლესა და მეგობრებს უამბო, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, პოლიციაში მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს და ამიტომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა.


დაკითხვის წესი, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ, და რომლის ამოქმედების სურვილის გამო მოქალაქე პრეზიდენტს განურისხდა, ძალაში შესული რომ ყოფილიყო, მამუკა დღეს ცოცხალი იქნებოდა...

 

 

წყარო: "ლიბერალი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია