დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოფიციალური განცხადება
შემოსავლების სამსახური:"ყველა ქმედება ხორციელდება კანონის სრული დაცვით"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/18 17:32:06

 

შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელ კომპანიაში მიმდინარე შემოწმების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 24 თებერვალს შპს „თი ვი ემ არ საქართველოს“   სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია დაიწყო.

 

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ამ ეტაპისთვის კომპანიის ოფისში დასრულებულია კუთვნილი ძირითადი საშუალებების (მათ შორის, გამზომი მოწყობილობის ნაწილის) ფაქტობრივი აღწერა. რაც შეეხება საკვლევი ოჯახების მიხედვით განთავსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ  ინფორმაციას, მის წარმოდგენაზე საზოგადოების დირექტორმა ქ-მა ნინო გოგოლაძემ განაცხადა, რომ მოთხოვნილ ინფორმაციას წარმოადგენდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური  ინფორმაციის დაცულობას დაადასტურებდა წერილობით. ამასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს შედგა ოქმი, რომელზეც ხელი კომპანიის დირექტორმაც მოაწერა.

 

კომპანიას ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. ამასთან, მოცემული საკანონმდებლო ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით - მოცემული ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისათვის ან მისი გადაცემა მესამე პირისათვის ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 


ამასთან, ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994-ე ბრძანების თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დათვლა უნდა მოხდეს მათი ფაქტობრივი განთავსების ადგილის მიხედვით. შესაბამისად, საზოგადოების ეს შემოთავაზება ვერ განიხილება შემოსავლების სამსახურის მიერ.

 

გადამხდელი ამ წუთამდე უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე, რის გამოც მას ინფორმაციის მოწოდების ვადის ამოწურვის შემდეგ დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

ასევე კანონის მოთხოვნების სრული დაცვითა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების  საფუძველზე, გუშინ დაიწყო „თი ვი ემ არ საქართველოს“ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების საგადასახადო შემოწმება. აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ: შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ობიექტზე გამოცხადდნენ სამუშაო საათებში.

 

გუშინ, შემოსავლების სამსახურის კანონიერი მოთხოვნების საპირისპიროდ, კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამჯერად კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე. მეტიც, მათ ჩაკეტეს ოფისში რამდენიმე ოთახი, სადაც იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები. აუდიტორებს შეეზღუდათ საშუალება მოეხდინათ დოკუმენტაციის შესწავლა-აღრიცხვა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით დაიწყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

 

 

ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით!

 

საგადასახადო შემოწმება ტარდება საქართველოში მოქმედ კომპანიებში სხვადასხვა პერიოდულობით. შემოსავლების სამსახური, კანონით დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად,  ახორციელებდა და ახორციელებს ასობით კომპანიის საგადასახადო  შემოწმებას.  მათ შორის არის არაერთი ისეთი კომპანია, რომელიც ფლობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებს. ყველა ეს ინფორმაცია დაცულია შემოსავლების სამსახურის ბაზებში და ამ ინფორმაციების დაცულობის გარანტი საქართველოს კანონმდებლობაა.

 

აქვე, არასდროს, თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე უმნიშვნელო შემთხვევას, არც ერთ კომპანიას საქართველოში უარი არ უთქვამს და, მით უმეტეს, წინააღმდეგობა არ გაუწევია შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისათვის, განეხორციელებინათ კანონით დაკისრებული ფუნქციები, შეემოწმებინათ ამა თუ იმ კომპანიის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხები.

 

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისთვის დოკუმენტების დამალვა იწვევს კომპანიის  პასუხისმგებლობას.

 

დაბოლოს, გუშინ სატელევიზიო ეთერებით გაჟღერდა არაერთი ბრალდება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ან არასათანადოდ გამოყენების თაობაზე.  ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ყველა ქმედება, რომელიც განხორციელდა კომპანია „თი ვი ემ არ  საქართველოს“  შემოწმების პროცესში, ისევე როგორც სხვა კომპანიების შემოწმებისას, ხორციელდება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. მიუხედავად ამისა, თუ ვინმეს აქვს ჩვენი თანამშრომლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მამხილებელი მტკიცებულება, არსებობს სტრუქტურები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ შესაბამისი გამოძიება.

 

 

 

 სსიპ შემოსავლების სამსახური

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია