დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიის თავისუფლება
შემოსავლების სამსახური ტელერეიტინგების მთვლელ კომპანიას კონფიდეციალურ ინფორმაციას სთხოვს?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/18 17:22:40

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. 

კომპანიის იურისტი, ქეთევან ქვარცხავა ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბრძანებით 2013 წლის 1-ლი აპრილიდან 2014 წლის 21 თებერვლამდე პერიოდის შემოწმება მოითხოვეს და შესაბამისი დოკუმენტაციაც გადაეცათ, თუმცა არაოფიციალურად იმ ოჯახების სია სურდათ, სადაც ის „ფიფლმეტრებია“ განთავსებული, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება. ადვოკატის თქმით, მათ შემოსავლების სამსახურს სატელევიზიო რეიტინგის კვლევისთვის აუცილებელი როუტერების სერიული ნომრები მიაწოდეს, ფიფლმეტრების მდებარეობის შესახებ ინფორმაცია კი კონფიდენციალურია.

 

"აუცილებლად ყველაფერს გავასაჩივრებთ. თუ იქნება  მცდელობა, რა თქმა უნდა, გასვლითი საგადასახადო შემოწმება საგადასახადოს შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერ დროს, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე საგადასახადო აღრიცხვისთვისაა საჭირო, ცხადია, ჩვენ მიერ არ მიეწოდება. არ უნდა მოხდეს კონფიდენციალურობის დარღვევაც და, ამავე დროს, საგადასახადოც დაკმაყოფილებულ უნდა იყოს ამ დოკუმენტების მხრივ", - აცხადებს ადვოკატი.

 

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანების მიხედვით, ინვენტარიზაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განთავსების ადგილას აღრიცხვას გულისხმობს.

 

"კომპანიის ოფისში ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარდა. მაგრამ, კომპანიის კუთვნილებაში არის სხვა მატერიარულ-ტექნიკური ფასეულობებიც, რომლებიც განლაგებულია ოფისის მიღმა. არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება, რომელიც არეგულირებს კომპანიის კუთვნილებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვის წესს. ამ ბრძანების საფუძველზე მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს მათი განთავსების ადგილების მიხედვით", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

 

შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანიაში ჩატარებულ ინვენტარიზაციას ერთი მიზანი აქვს - კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება.
მისი თქმით, სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება. ამ მოთხოვნის შემდეგ კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

 

„მე ყველაფერს მოვყვები იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები. რომლებსაც სამი საათის განმავლობაში ზეწოლა ჰქონდათ კომპანიის დირექტორზე, ეს ჩუმად მითხრა დირექტორმა, და ხვალ პრესრელიზში ამასაც დაწერს. როგორ მოაწერინეს ხელი ოქმზე ოთხმა ადამიანმა საგადასახადო სამსახურიდან და როგორ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. იყო მცდელობა, რომ ამ სიების გადაცემა მომხდარიყო ჩემი მეშვეობით, რაზეც მიიღეს კვალიფიციური პასუხი ორი სახის: პირველი, რომ მეორეჯერ თავი შეიკავონ არაეთიკური შეთავაზებისაგან, სხვა შემთხვავაში მიიღებენ თავმოყვარე კაცის პასუხს, მაგრამ იმ პრივატულ საუბარში ამის უფლება თავს არ მივეცი და მეორე, რომ მხოლოდ მოუმზადებელი, უწიგნური ადამიანი ცდილობს სიების ხელში ჩაგდებას, იმიტომ რომ იმ სიების გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს კერძო კომპანიის დაზარალების შესაძლებლობა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ შპს TV MR საქართველო ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამის ბაზარი მთლიანად არის მასზე დამოკიდებული.

 

წყარო:"ტაბულა"

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია