საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზღვარს ქვემოთ
ლანჩხუთის რწმუნებული: „რაც არველაძესთან ვიხილე, თავზარდამცემია...“
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/03/18 17:12:10

ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები მაია არველაძე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

 

„მტკივა, ძალიან მტკივა და წამალი არ მაქვს!", – ამ სიტყვებით შემოგვხვდა მასთან სტუმრად მისულებს 48 წლის ქალბატონი.

 

„მიშველეთ, რა ვქნა, გაუსაძლისი ტკივილი მაწუხებს! წამლის ფულიც კი არ მაქვს, რომ ვიყიდო“, – ჩიოდა ის.

 

„მაიას სახლში მხოლოდ ერთ ოთახში თუ იცხოვრება, თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა. ის აქ სრულიად მარტო ცხოვრობს. მომკითხავიც  არავინ ჰყავს. გათხოვილი იყო და შვილიც ჰყავდა, რომელიც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გამხდარა. ქმარმა მიატოვა. დედა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, გარდაიცვალა და დარჩა ასე მარტო“, – გვიყვება მაიას მეზობელი.  

 

„5 წელია, აუტანელი ტკივილები მაწუხებს, თირკმლები მტკივა, გვერდში რაღაც წანაზარდი გამომივიდა და მას შემდეგ ჩირქი მდის. არც ფული მაქვს და არც საჭმელი, მეზობელი მეხმარება ხოლმე, საჭმელი მოაქვს. ცოტა ხნის წინ გამგებელი იყო მოსული და მითხრა, რომ დამეხმარებოდა“.

 

მაია არველაძე სოციალურ დახმარებას იღებს. თუმცა ეს თანხა მისთვის საკმარისი არაა.

 

„თვეში 120 ლარია ჩემი შემოსავალი. წამლისთვის არ მყოფნის ეს ფული. ჭამა არ მინდა? უპატრონო ვარ, არავინ მყავს: არც ქმარ-შვილი, არც დედ-მამა და და-ძმა.  რა განცხადება უნდა დავწერო, რომ დახმარება მივიღო? იქნებ, იმის ფული მაინც გამოჩნდეს, რომ ტკივილგამაყუჩებლები ვიყიდო.“

 

მაია არველაძის სახლს სახლიც არ ეთქმის. ხის ოთახში ორი საწოლი, ერთი მაგიდა, შეშის ღუმელი და კარადაა. საწოლზე, ლეიბის ნაცვლად,საბანი აფენია და ისიც გაქექილი, ძველისძველი, ზემოდან გადასაფარებლად ასევე ძველ პლედს იყენებს. ფანჯარაზე ძველი ნაჭრებია აკრული.

 

„ცოტა ხნის წინ გამგებელი ურუშაძე იყო მოსული, საჭმელი მოიტანა. ახლაც მაქვს რაღაც დარჩენილი, მაგრამ ძალა არ შემწევს იმისა, რომ რამე გავიმზადო, შეშაც არ მაქვს. საჭმელს მომზადებას რამენაირად შევძლებ, მაგრამ შეშა არ მაქვს. ყველაზე მეტად მაინც წამლის ფულს ვითხოვ, ტკივილს ვერ ვუმკლავდები, განსაკუთრებით ღამით, როცა სულ მარტო ვარ, ირგვლივ სიბნელეა და ტკივილიც თავს ძალიან მახსენებს", –  გვითხრა არველაძემ.

 

ჩვენ ქალაქის რწმუნებულს ვლადიმერ ნანაძეს დავუკავშირდით.

 

„რაც არველაძესთან ვიხილე, თავზარდამცემია. ვიცი მაია არველაძის გასაჭირის შესახებ, ხშირადაც  ვსტუმრობ, ახლო მომავალში არველაძეს შეშას გავუგზავნით. ასევე, გავუწევ შუამდგომლობას გამგეობის სოციალურ სამსახურთან, რათა მოხდეს არველაძისთვის ერთჯერადად თანხის  გადარიცხვა. მე მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია", – გვითხრა ნანაძემ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია