დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №36(340) 10-16 ოქტომბერი, 2005 წელი
ჰამ, ჰამ! მე ჯექსონი ვარ!
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2014/03/18 12:34:47

ეს უცნაური ამბავი ჩვენს თვალწინ ხდებოდა.

 

- ჯექსონ, ჩემი კაი ბიჭი! „ბარდაჩოკში“ სიგარეტი დამრჩა, ამომიტანე, რა!

 

დაუზარებლად გაიქცა თხოვნის შესასრულებლად, ჩვენ კი, ყველანი, ფანჯარას მივაწყდით და პრესის სახლის მეოთხე სართულიდან ვუყურებდით, როგორ მიირბინა მანქანასთან, გახსნა „ბარდაჩოკი“, სწრაფად მოიძია „ვაისროის“ კოლოფი და ციმციმ ამოარბენინა.

 

აღმოჩნდა, რომ ჩვენს სტუმარს - ავთანდილ ჯავახაძეს - სანთებელაც „დავიწყნოდა“ მანქანაში. აქოშინებულმა ჯექსონმა ამჯერად მეორე რეისი შეასრულა ეზოსა და მეოთხე სართულს შორის, მერე, თავადაც კმაყოფილი, საკოცნელად მიეტანა ბატონ ავთანდილს.

 

აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, ჯექსონი რომ ადამიანი იყოს. ის კი... ერთი ხუჭუჭა, შავი პუდელია, რომელსაც ცალი თვალი ძლივს უჩანს შუბლზე ჩამოყრილი „ჩოლკიდან“.

 

ათი წლის წინათ ოჯახის ქალიშვილს, თამუნიას, „ბატონები“ ჰყავდა თურმე. ბავშვს ლეკვი უნატრია და ახლობელს მისთვის საჩუქრად მოურთმევია პაწაწინა პუდელი. სწორედ იქიდან დაწყებულა ავთანდილ ჯავახაძისა და ჯექსონის (ხუჭუჭასა და „შავტუხას“ ასე უწოდეს...) გასაოცარი მეგობრობის ისტორიაც.

 

პატრონი ყოველთვის სერიოზულად, უახლოესი ძმაკაცივით მიმართავს ძაღლს, მეტსახელად „ბიჭს“ და „კაცს“ ეKახის, აზრებს  უზიარებს, პუდელი კი მისი ხმის თითოეულ ინტონაციას და ბგერას უზუსტესად იჭერს. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის 73-ში, ე.წ. „საქნახშირის“ ბინაში, დღეს აღარავის უკვირს ავთანდილ ჯავახაძისა და მისი ჯექსონის არაჩვეულებრივი თავგადასავლები. უკვე ყველა შეეჩვია, რომ ერთგული ძაღლი დაუზარებლად ეგზავნება პატრონს მაღაზიაში სიგარეტის (კოლოფის ფერსა და სუნსაც კი არჩევს), ასანთის,  საპნის, რაღაც წვრილმანების მოსატანად, მეზობლებისათვის რაიმეს გადასაცემად (საკმარისია, უხსენოს ვისიმე  სახელი - ვთქვათ, ელდარი, კახა, რეზო...და პუდელმა უკვე შესანიშნავად იცის, ვისთან, რომელ სართულზე უნდა მიირბინოს).

 

თუ ვინმე ფეხის გაუწმენდავად შეაბიჯებს ოთახში, ჯექსონი მკაცრი ყეფით შეახსენებს მოვალეობას (დიდი ხნის წინათ, თურმე, ოჯახის დიასახლისმა დატუქსა შვილი, ფეხსაცმელი რად არ გაიწმინდე, იატაკი დამისვარეო და პუდელმა ეს კარგად დაიმახსოვრა).

 

ეზოში, ბავშვების საყარაულოდ რომ დატოვებენ, ისე ერთგულად სდარაჯობს პატარა მეგობრებს, საკუთარ დედებსაც კი არ გაატანს „ავთოს მოსვლამდე“. ვერ იტანს, როცა ვინმე ვინმეს უჯავრდება, ან სცემს – ჯექსონი მაშინვე „დაზარალებულის“ მხარეზეა, პატრონსაც კი გაიმეტებს შესაყეფად, „გაუჯავრდება“, მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვროდ უყვარს და უმისოდ, შიმშილითაც რომ მოკვდეს, ლუკმასაც არ გასინჯავს.

 

ერთხელ ბატონ ავთანდილს თავისი პუდელი თბილისში, პლეხანოვზე მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში დაუტოვებია დროებით, თვითონ კი ახლობლის მოსანახულებლად წასულა პავლოვზე, საავადმყოფოში. პატრონს რომ შეჰგვიანებია, შეშფოთებული ძაღლი გაქცეულა, კვალი აუღია (სათითაოდ მოუვლია ყველა ადგილი, სადაც მას ფეხი დაუდგამს, თუ მანქანით გაუვლია) და, ბოლოსდაბოლოს, მიუგნია კიდეც!

 

ავთანდილ ჯავახაძეს საყვარელ პუდელთან იმდენი უჩვეულო, ერთმანეთზე საინტერესო ისტორია  აკავშირებს, შეიძლება უსმინო და ბარონ მიუნჰაუზენის ზღაპრად მოგეჩვენოს, ჯექსონი ამ სასწაულებს შენს თვალწინაც რომ არ სჩადიოდეს!

ჩვენთან, „P.S“-ის რედაქციაში, პუდელის სტუმრობამ სრული ტრიუმფით ჩაიარა:

 

პატრონი:  ჯექსონ, კაცების სადღეგრძელო როგორ ვიცით ჩვენ?

 

პუდელი უკანა თათებზე დადგა, თავი ამაყად ასწია და „ვაჟკაცურად“ გაიჯგიმა.

 

პატრონი: ქალები როგორ სხდებიან, ჯექსონ?

 

ძაღლი დივანზე ჩაცუცქდა, თავი  ნაზად გადაატრიალა და შეტყუპებული ორი წინა თათი ისე კეკლუცად გამოიშვირა, თითქოს პრანჭია ლამაზმანი გიწვდის მანიკურიან თითებს საამბოროდო.

 

 

* * *

 

წინასწარ გაფრთხილებული მასპინძელი: - აუ, რა კარგი „ბიჭია“ ჯექსონი (ის, კმაყოფილი, ყურებს ცქვეტავს)! მაჩუქე, ავთო, რა!

 

- კარგი, წაიყვანე.

 

- „რაო?“ ჰამ! ჰამ!- წვეტიან კბილებს აჩენს გაჩუქების პერსპექტივით ფრიად აღშფოთებული ჯექსონი.

 

- არა, ჯექსონ, არა, გეხუმრე. შერიგების იყოს, კარგი?

 

ჯექსონი მაშინვე სიყვარულით გაგიღიმებს(ენას გადმოაგდებს), მარჯვენა თათს გიწვდის და...ხელზე შერიგების ნიშნად გკოცნის.

 

 

* * *

 

პატრონი: - ჯექსონ, შენი შეყვარებული სად არის?

 

პუდელი თავს გვერდზე ნაზად ხრის, უბედნიერეს სახეს იღებს და გზას მომლოდინედ გასცქერის.

 

 

* * *

 

პატრონი: ერთხელ ჯექსონი  დიდმა Lაღლმა დაკბინა და ორსაათიანი ოპერაცია დასჭირდა, 14 ნაკერი დავადეთ...

 

ძაღლს ციმციმა შავი თვალები ცრემლით ევსება, პატრონის ფეხებთან მუდარით კოტრიალობს, წკმუტუნებს – არ მოყვე, არ მოყვეო. თურმე, უბნის „გამოსული ბიჭივით“ ულახავს თავმოყვარეობას ის, რომ გაილახა, ვიღაცამ დაჯაბნა. როცა პატრონი დიდ ძაღლს ახსენებს, ჯექსონი „სირცხვილით იწვის“.

 

 

* * *

 

ჩვენ: – მართლა საოცარი ძაღლია! ორშაბათს გაზეთში იქნება თქვენი ჯექსონი.

 

აშკარად გახარებული პუდელი დივანზე ამორბის,  „სირაქლემას პოზაში“ რგავს თავს და კუდის ქიცინით კოტრიალობს.

 

ჩვენ:  ბატონო ავთო, რას შვრება, გაიგო რამე?

 

პატრონი:  აბა? როცა შეაქებენ, ასე გამოხატავს სიხარულსა და კმაყოფილებას.

 

 

* * *

 

ამ Kაღლში ავთანდილ ჯავახაძეს ერთმა თბილისელმა კაცმა „მერსედესიც“ კი შესთავაზა - ოღონდაც, ჩემი ბავშვისთვის დამითმეო...

 

მისი გამმეტებელი იყო ავთანდილ ჯავახაძე?!

 

ჰოდა, ამ :მობასა და სიყვარულში, უკვე თავისი ძაღლური სიცოცხლის ათი წელი ჩამოათავა პუდელმა ჯექსონმა. ხუჭუჭა შავ თავზე ჭაღარაც გამოერია - მისი ასაკი ხომ ადამიანის 70 წელს აღემატება.

 

ესე იგი, დაბერდა!

 

პატრონისთვის კი ჯექსონი „ისევ ის ბიჭია, ხუჭუჭა, პატარა...“

 

ნანული ცხვედიანი

 

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №36(340) 10-16 ოქტომბერი, 2005 წელი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია